სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მის უწმინდესობასთან საუბარი მარტო სააღდგომო ლიტურგიაზე არ იყო" - საპატრიარქოდან გამოსულმა მაღალჩინოსნებმა კომენტარის გაკეთება არ ისურვეს

საპატრიარქოში მის უწმინდესობასთან საუბარი მარტო სააღდგომო ლიტურგიაზე არ იყო, - ამის შესახებ Imedinews დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

გამყრელიძემ შეხვედრის დეტალებზე საუბარი არ ისურვა. აღნიშნა, რომ შეხვედრის თაობაზე განცხადება შესაძლოა ხვალ გაკეთდეს.

„საუბარი მარტო სააღდგომო ლიტურგიაზე არ იყო. მის უწმინდესობასთან ზოგადად, ვისაუბრეთ ეპიდსიტუაციაზე, რა ხდება ქვეყანაში და მსოფლიოში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იმყოფებოდა. მან შეხვედრა უკომენტაროდ დატოვა. მანამდე საპატრიარქოში მთავრობის წარმომადგენლებისა და სასულიერო პირების შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, თბილისის მერი კახა კალაძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მონაწილეობდნენ. ნაწილმა შენობა უკვე დატოვა და კომენტარები არ გაკეთებულა.

12 აპრილს, სამების საკათედრო ტაძარში წირვის დროს არქიდიაკონმა დემეტრემ მრევლს ვნების შვიდეულის მსახურების განრიგი გააცნო. მას არ დაუკონკრეტებია დეტალები, მსახურება მრევლის თანდასწრებით ჩატარდება, თუ მის გარეშე.

საქართველოში კორონავირუსი 266 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 68 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100