დღეს დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ექიმის სასამართლო პროცესი იმართება
დღეს დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ექიმ გიორგი სეხნიაშვილის სასამართლო პროცესი იმართება.
სიღნაღის პროკურატურამ ექიმის წინააღმდეგ გამოძიება 2 ივნისს სსკ 130-ე მუხლით დაიწყო, რაც ავადმყოფის განსაცდელში მიტოვებას უთვალისწინებს.
საქმე 3 წლის ამილ გასანოვის გარდაცვალებას ეხება.
გველის მიერ დაკბენილი ბავშვი დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი შრატი არ გაუკეთდა, რამდენიმე საათში კი – დედაქალაქში, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
როგორც გარდაცვლილის ნათესავებმა რადიო "ჰერეთს" განუცხადეს, ბავშვის გარდაცვალების მიზეზი "ანტიგიურზინის" დროულად არგაკეთება გახდა.
იყო თუ არა ეს ასე - გამოძიება დაადგენს, რომელიც დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს.
მომხდარს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა და ჯანდაცვის მინისტრი სანდრო ურუშაძე მკაცრად გააკრიტიკა.
თავის მხრივ, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელობას არაპროფესიონალი ექიმების ყოლის გამო მაღალი ფულადი სანქციები დაეკისრება.
კომენტარი