სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ერთი დღე მარტოხელა ქალის ცხოვრებიდან

დილა - თვალები ისე მძიმედ გაახილა, თითქოს ქუთუთოებზე მძიმე ბალიშები ედო, ხელი შუბლზე მიიდო და ისე წამოჯდა. სავარძელზე მიგდებულ თეთრ ხალათს დასწვდა და საბნის გადაუხდელად შემოიცვა, მერე უჯრაში სიგარეტი და სანთებელა მოძებნა, მოუკიდა და მხოლოდ ამის შემდეგ გადახედა გვერდით მწოლარეს.

ჯერ დაკუნთულ, მამაკაცურად ლამაზ ზურგსა და მკლავეებს შეავლო თვალი, მერე კი მოკლედ შეჭრილ თითქმის გადაპარსულ, ასევე ლამაზი ფორმის თავსა და პროფილს. მკრთალი, მაგრამ სქელი წარბები, სუფთად გაპარსული წვერი, სწორი ცხვირი და რბილი ტუჩები, მის გვერდით ახალგაზრდა და მიმზიდველი მამაკაცი იწვა.

გონება დაძაბა და წინა დღის გახსენება სცადა, გაახსენდა როგორ ჩაიცვა შავი და თამამი საღამოს კაბა და ამავე ფერის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. გაიხსენა როგორ მივიდა სილამაზის სალონში, მერე კი რესტორანში სადაც მეგობრები, უფრო სწორად კი თანამშრომლები ელოდნენ. გაიხსენა, რომ როგორც ყოველთვის ბოლომდე კარგ ხასიათზე ვერ იყო. გაახსენდა ისიც, რომ პირველი სადღეგრძელო იუბილარს ეკუთვნოდა და სწორედ მაშინ გადაწყვიტა, რომ მხიარულებისათვის დალევა სჭირდებოდა. ბუნდოვნად ისიც გაახსენდა რომელიღაც მაგიდიდან შამპანური, რომ გამოუგზავნეს, მერე რა მოხდა აღარ ახსოვს ალბათ ალკოჰოლის გამო.

თუმცა არა შეხედე სარკესთან მიგდებულ შავ კოსტიუმს და გაიხსენე ის ვალსი, შავებში ჩაცმულ, შენით მოხიბლულ უცნობ მამაკაცთან, რომელიც იმ წუთას ძალზე მშვენიერ ცეკვად გეჩვენებოდა.

ისევ გვერდით მწოლიარეს გახედა, ნეტავ რამდენი წლისააო გაიფიქრა, ოცის? ოცდაერთის? ალბათ მაქსიმუმ ოცდაორის. დღეს საღამოსვე სიმაყით უამბობს ძმაკაცებს, როგორი დრო გაატარა ასაკით უფროს ქალთან...

ბიჭმა თითქოს იგრძნო მისი მზერა და თვალი გაახილა, თავი ოდნავ ასწია, ქალს გაუღიმა და დილამშვიდობისაო უთხრა ხმადაბლა.

-ახლა აბაზანაში შევალ და ეს დილა მართლა მშვიდობიანი იქნება თუ აქ აღარ დამხვდები-ყოველგვარი ინტონაციისა და ემოციის გარეშე უთხრა ქალმა.დარწმუნებულიც იყო ყმაწვილი დაემორჩლებოდა, მაგრამ აბაზანიდან გამოსულს, ღამის სტუმარი სასტუმრო ოთახში, სავარძელში კომფორტულად მოთავსებული დახვდა

-ისევ აქ ხარ?

-იქნებ ელემენტარული სტუმართმოყვარეობა გამოიჩინო და საუზმე თუ არა ერთი ფინჯანი ყავა მაინც შემომთავაზო

-სანამ ვბანაობდი სამზარეულოში შესულიყავი და მოგემზადებინა, ახლა კი შენი წასვლის დროა

-უცხო სახლში დაუკითხავად, ხომ არ ვიბორიალებდი

-წუხანდელის შემდეგ ვერ მომატყუებ, რომ უცხოობა შენთვის დაბრკოლებაა-უთხრა ისევ უემოციოდ და ტელეფონის ყურმილს დასწვდა-ზარის ხმა ხომ არ გესმის?-ჰკითხა სტუმარს რომელიც ისევ იმ სავარძელში იჯდა

-რა ზარის?

-საკუთარ მობილურზე ვრეკავ, არ მახსოვს სად დავდე

-არ მახსოვს, რომ თან გქონოდა

-მგონი მანქანაში უნდა იყოს, გასაღები სად დავდე ეგეც ხომ არ გახსოვს?

-აქამდე ტაქსით მოვედით

-რატომ?

-ძალიან ბევრი გქონდა დალეული და მანქანა ვიღაც ქერა გოგოს დაუტოვე, არ ვიცი რა ერქვა, მაგრამ სულ კუდში დაგდევდა

-გმადლობ, შენი აქ ყოფნის დრო და მოვალეობები ამოწურულია, შეგიძლია წახვიდე

-იცი ჩემთვის ეს ღამე უმნიშვნელო არაა-ფეხზე წამოდგა და ქალს წინ დაუდგა ბიჭი, მაღალი იყო, მხარბეჭიანი და სიმპატიური-შენს საძინებელში, სადაც ყველაფერი ღრუბელივით თეთრია, თავს ისე ვგრძნობდი როგორც სამოთხეში, არ მინდა ასე უცებ დაგკარგო-ქალს არ აინტერსებდა ალფონსის ბოდვა იყო ეს სიტყვები, რომეოსი თუ ლოველასის. ფაქტია, რომ იატაკისთვის მზერა არ მოუშორებია ისე გაიქნია მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი ბინიდან გასასვლელი კარის მიმართულებით, და მანამ არ აუწევია თავი სანამ ამ კარის ხმა არ გაიგო და მარტო არ დარჩა, საკუთარ სახლში. მერე კი შვებით ამოისუნთქა და თავისი მდივნის ნომერი აკრიფა.

-თამუნა ჩემი მანქანა შენ გყავს? ოც წუთში ჩემს სადარბაზოსთან იყავი და ჩამოვალ მეც.

საკუთარი კაბინეტის კარი შეაღო თუ არა მუქშუშიანი სათვალე მოიხსნა, ჩანთა დივანზე მიაგდო და მაგიდასთან სკამში ჩაესვენა, თავს უხერხულად გრძნობდა, ეგონა, მთელი განყოფილება უკვე მასზე და მის წუხანდელ თავგადასავალზე ჩურჩულებდა ზურგსუკან, ამიტომ მტიცედ გადაწყვიტა სასმლისკენ აღარც კი გაეხედა, აღარასოდეს. ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, პირადი პრობლემებიდან სამსახურეობრივ ფიქრებზე გადართო გონება და ის ის იყო მუშაობას უნდა შესდგომოდა, რომ მისი კაბინეტის კარზე ჯერ დააკაკუნეს და მერე ფართოდ შემოაღეს.

-გუშინდელის შემდეგ ვიფიქრე ეს ყველაფერი არ გაწყენდა - კაბინეტში საშუალო სიმაღლის, ესე ოცდათხუთმეტი წლის მამაკაცი შემოვიდა, „პოდნოსით“ ხელში, რომელზეც ყავა, ნაბეღლავი, ლუდი და ლამაზი ჭიქები ელაგა

-პადლიზივაეშ ბოსუ?=გაიცინა ქალმა

-და ნიეტ ია პროსტა ჯენტლმენ-საპახმელიო დილის ნობათი ჟურნალების მაგიდაზე დადგა კაცმა, თავად კი დივანზე ჩამოჯდა-ნახევარ საათში შეხვედრა გვაქვს, მანამ კი მოდი აზრზე მოვიდეთ, ნახე, მაგარი ყავა მოგიტანე

-ეჰ, ანდრო უშენოდ რა მეშველებოდა

-შენ კი არა მთელი საქალეთი დაიღუპებოდა ჩემი და ჩემნაირი მამაკაცების გარეშე

-აბა შენ ყოფილ ცოლს კითხე-ხასიათი გამოუკეთდა ქალს და ანდროს პირდაპირ, სავარძელში გადაინაცვლა

-ჩემი ყოფილი ცოლი ერთი ჩვეუებრივი გოიმია, რომელმაც მხოლოდ მაშინ დამაფასა, როცა დამკარგა

-ჯობია თემა შევცვალოთ თორემ ვიკამათებთ, მაინც ქალი ვარ და მის მხარეს მომიწევს დადგომა

-გუშინ სად გაქრი ისე უცებ, თამუნამ გარეთ გაგიყვანა და შენს გარეშე შენი მანქანის გასაღებით დაბრუნდა

-ხო ტაქსით წავედი სახლში

-შენისთანა ქალი სახლში მარტო არ უნდა ბრუნდებოდეს, თანაც ნასვამი

-ქმარს უნდა მიყავდეს?

-მე შენს ადგილას გრძელფეხება ლამაზმანთან ერთად დავბრუნდებოდი, მაგრამ რახან ქალი ხარ ქმარიც “წავა”

-რას იზამ ჩემს შესაფერის მამაკაცებს, ყველას ან ცოლები ყავთ ან ყოფილი ცოლები

-ყოფილცოლიანებში მეც შევდივარ?

-თუნდაც-დაკვირვებული თვალი ამ ერთსიტყვიან პასუხში სინანულის პატარა ნაპეწკალს შეამჩნევდა და იქნებ ანდრომაც შეამჩნია...

-გმადლობ, მაგრამ მე და ჩემნაირები ასე ყავის მოსართმევად, სიგატისთვის სანთებელის გასაჩხაკუნებლად და მეგობრული საუბრებისთვის თუ გამოვადგებით შენნაირ ქალებს, განა იმიტომ, რომ არ გვინდა თქვენთან ყოფნა, უბრალოდ ბევრი რამ გვაკლია, იმისათვის, რომ თქვენი გაბედნიერება შევძლოთ. ცოტა სუსტები ვართ, ცოტა ზარმაცები და რაც ყველაზე ცუდია, ნებისმიერ კაბიანს უკან მივსდევთ, ჩვენთვის ხარისხი კი არ დგას პირველ ადგილზე არამედ მრავალფეროვნება. შენ კი ისეთი მამაკაცი გჭირდება, რომლისთვისაც ერთადერთი იქნები, რომელიც დაგაფასებს, ყველა ქალზე მაღლა დაგაყენებს და ყველა კაბის ღილის შეხსნაზე არ გაისვრის ხელს.

-არსებობს რომ, ეგეთი?

-ყველა გულწრფელად შეყვარებული მამაკაცი ეგეთია. შენ სიყვარული გჭირდება, კარგად გიცნობ და მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს ამ თემას არ შევხებივართ დარწმუნებული ვარ, არ იცი, რას ნიშნავს შეყვარებული, არ იცი რას ნიშნავს გიყვარდეს და უყვარდე თავდავიწყებით

-დღეს საერთაშორისო კონკურსზე გასაგზავნ კანდიდატებს უნდა შევხვდეთ ხომ?-უხეშად შეცვალა თემა ქალმა

-ხო ეს კონკურსი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ქვეყანა, ჩვენი კულტურა უნდა დავანახოთ სხვა ქვეყნებს, ისეთებს ვინც ზემოდან დაგვცქერის, მაგრამ

-რა მაგრამ?

-მართალია კონკურსანტის არჩევისას ბოლო სიტყვა ჩვენს სამინისტროს, კერძოდ კი ჩვენს განყოფილებას ეკუთვნის, მაგრამ არ იცი ჩვენი ერის ამბავი? ბიძა-ბიცოლობა, ნათლია-ნათლულობა და დაქალ-ძმაკაცობა, ყველაფერს ერთმანეთში ვურევთ და საქმის კარგად გაკეთებას ყველაფერთან ერთად ამითაც ვუშლით ხელს

-არ მესმის რას გულისხმობ

-რას და ჩვენ რაც არ უნდა ობიექტურები ვიყოთ, კონკურსის ორგანიზაციის დაბალ საფეხურზე ეჭვი არ მეპარება უკვე ექნებოდა ადგილი უსამართლობას და ჩვენამდე სწორედ იმ კონკურსანტებს მოიყვანენ ვისაც გავლენიანი ან ფულიანი ბიძა, ნათლია, მამის ძმაკაცი ან დედის დაქალის ქმარი ყავს. ხვდები?

-ხო და მოგვიწევს ავარჩიოთ ყველაზე უკეთესი მომღერალი გავლენიან ნაცნობიანებში და არა მთელი ქვეყნის მაშტაბით

-აი კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა ასეთ დღეშია, ესეც შევარდნაძის ბრალია, თუ სააკაშვილის?

-კარგი რა ეგ მარტო ჩვენი ქვეყნის პრობლემა არაა, სხვაგანაც ხდება მსგავსი რაღაცები

-ეს არაა გასამართლებელი საბუთი, სხვა ცუდია შენ იყავი კარგი, არამგონია გერმანელმა გერმანელს არაპუნქტუალურობა აპატიოს იმიტომ, რომ ქართველებსაც აქვთ ეს თვისება

-სააქტო დარბაზში უკვე გელოდებიან-კაბინეტის კარი დაუკაკუნებლად შემოაღო მდივანმა და ანდროს მონოლოგის შეწყვეტა მოუწია.

შუადღე - ახალგაზრდა, საშუალოზე ოდნავ მაღალი ბიჭი, ოდნავ გრძელი, სწორი თმითა და გარუჯული სახის კანით, სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა კულტურის სამინისტროს შენობას. მუხლებთან გადახეხილი მუქი ლურჯი ჯინსი ეცვა, შავი ოლსტარები, ამავე ფერის მაისური და ვილვეტის პიჯაკი. თამამად შეაღო შენობის კარი და იმ ფანჯარას მიუახლოვდა სადაც საშვებს გასცემდნენ. შუშის მეორე მხარეს ახალგაზრდა გოგონას სუნთქვა შეეკრა მისი მწვანე თვალების დანახვისას.

-გისმენთ, რა გნებავთ?

-საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის შერჩევის ბოლო ეტაპი აქ ტარდება ხომ?

-დიახ

-ხომ არ დავიგვიანე?

-სულ ცოტაცდა დაიგვიანებდით-გაუღიმა გოგონამ-თქვენი სახელი მითხარით

-ნიკა ახვლედიანი

-თქვენზე საშვი არ არის დაშვებული, სიაში არ ხართ

-როგორ თუ არა, ალბათ შეცდომაა, გაუგებრობა, მე კონკურსი გავიარე, ნიკა ვარ ახვლედიანი

-ორი წუთით მოიცადეთ, ვეცდები გავარკვიო

ორის მაგივრად ოცი წუთი მოუხდა ნიკას ლოდინი. ყოველი წამი საუკუნეს გავდა, მაგრამ ბიჭი დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერი აუცილებლად გაირკვეოდა. ბოლოს როგორც იქნა მასთან შავებში ჩაცმული მაღალი მამაკაცი მივიდა, ვინაობა და ვიზიტის მიზეზი ჰკითხა, დამელოდე ყველაფერს გავარკვევო დაჰპირდა და ისევ ფოიეში დატოვა ნიკა. ამჯერად უკვე ნახევარ საათზე მეტხანს მოუწია ლოდინი, მანამ სანამ კონკურსის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მისთვის ნაცნობი ქალბატონი არ გამოეცხადა.

-გამარჯობათ, გახსოვართ?

-კი როგორ არა, ბრაიან ადამსის „have you ever love a woman” თქვენ შეასრულეთ არა?

-დიახ, და დღეს აქ ვიყავი დაბარებული, არც დამიგვიანია, არც არაფერი მაგრამ არ მიშვებენ, რაღაც გაუგებრობაა

-როგორ თქვენთვის არ დაურეკავთ? ალბათ დაავიწყდათ, რა სამწუხაროა ტყუილად მობრძანდით

-რას ქვია ტყუილად?

-ბოლო ტურში გასულ კონკურსანტთა სია რამდენიმე დღით ადრე შეიცვალა, თქვენ ამ სიაში ვერ მოხვდით.

-რას ქვია ვერ მოვხვდი, რატომ?

-ასე გადაწყდა, რას ვიზამთ, ახლა ვეღარაფერს შეცვლით

უცებ ისე იგრძნო თავი, თითქოს შუა ქუჩაში სამარცხვინოდ წაიქცა, ირგვლივ კი სილუეტები შეჩერდნენ მის საცქერლად, ერთს იმედები ერქვა, ერთს ოცნება, ერთს საკუთარი თავის პატივისცემა, ერთს სამართლიანობა, ერთს სიხარული, ერთსაც ღიმილი... თუმცა არცერთი ამ სილუეტთაგანი არ იყო ახლა ნიკასთან, ყველანი გვერდიდან შესცქეროდნენ მის დაცემას, შესცქეროდნენ უემოციოდ, ისევე როგორც ის ადამიანები, რომელთაც თავისი საქმებით დატვითულ გონებაში სხვისი დანახვის ადგილი არ აქვთ.

დაღვრემილი გამოვიდა ქუჩაში, შენობის კედელს მიეყუდა და სიგარეტს მოუკიდა. კიდევ ერთი იმედგაცრუება, თითქოს გვერდით ედგესო მშობელი მამა ისე ჩაესმა ყურში მისი სიტყვები “სიმღერით და ტაშ-ფანდურით ცხოვრება ჯერ არავის აუწყვია, გონს მოხვიდე აჯობებს” რა ქნას არ შეუძლია სიმღერის გარეშე, მუსიკით ცხოვრობს, მისით სუნთქავს, სხვა პროფესიაზე ფიქრის დაწყებაც კი საკუთარი უდიდესი სიყვარულის, მუსიკის ღალატად მიაჩნია.

ვინ ხარ შენ? არავინ... გაესაუბრა საკუთარი შინაგანი ხმა, დღისით ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობ, ღამით კი ისეთ ბარში მღერი სადაც მხოლოდ ჭამა-სმისთვის დადის ხალხი, არავინ არ ხარ, მაგრამ მაინც ოცნებობ. გაქვს კი უფლება ამის? იქნებ ოცნება იმათთვის არის მოგონილი ვისაც მისი განხორციელების შანსი აქვს.

არადა როგორი შემართებით მოდიოდა..

დღეს ის დღეა, როცა შეძლებდა ისე ემღერა როგორც არასოდეს არავის უმღერია. ძალას გრძნობდა, თითქოს ფრთები შეასხესო, გული სასიამოვნოდ ჩხვლეტდა, ახალი ენერგიით იყო სავსე, თითქოს ახალი სული ჩაჰბერესო, თითქოს სიცოცხლის აზრი დაანახეს.

ასე აჟიტირებული მას შემდეგ იყო რაც დილით ბენზოგასამართ სადგურთან სადაც თავად მუშაობს, შავი ბეემვე გაჩერდა, რომელსაც შავებში ჩაცმული ახალგაზრდა ქალი მართავდა, შავი მუქშუშიანი სათვალე ეკეთა, რომელიც ფულის გადახდის დროს მოიხსნა, დაღლილი სახე ჰქონდა მაგრამ მაინც ულამაზესი იყო, იდუმალი და სევდიანი. გვერდით ქერა ქალი ეჯდა. “თამუნა საფულე მომაწოდე” - მისი ნათქვამი ისე სასიამოვნოდ ჩაესმა ნიკას, თითქოს სიყვარულს უხსნიდნენ, სიტყვები არც გაუგონია, მხოლოდ ხმას მოუსმინა, მოუსმინა ისე როგორც სასიამოვნო მუსიკას, ქალს კი წესიერად არც შეუხედავს მისთვის, სწრაფად დაქოქა მანქანა და წავიდა...

წავიდა და ნიკას დაუტოვა სიხარული, გამოუწვეული იმის შეგნებით, რომ თავისი ოცნების ქალი იპოვა. ვინ იცის ეგებ ვერც ვეღარასოდეს ნახოს, მაგრამ იმის ცოდნა, რომ ის არსებობს უკვე ბევრს ნიშნავს ახალგაზრდა მუსიკოსისთვის.

კედელს მოშორდა და სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიის დასატოვებლად პირველი ნაბიჯის გადადგმისთანავე გაშეშდა...

ნუთუ შენ უიღბლო მუსიკოსო, არ იცი რომ ეს ქვეყანა ძალიან პატარაა, არ გჯერა? მაშ რატომ გაშეშდი ერთ ადგილას? რატომ შეგიჩერდა გულისცემა? რატომ ვეღად ახერხებ ნაბიჯის გადადგმას? დაინახე არა? ის არის, არ გეჩვენება. როგორი ლამაზია, ქალური, დახვეწილი და ამაყი. მართლაც საოცნებო ქალია არა?

ის ოცნებაა და ოცნებადვე დარჩება შენთვის, ხედავ მამაკაცს მის გვერდით? ნახე როგორ თბილად საუბრობენ, ნახე უღიმის, აი მისი მანქანაც, კაცი კარს უღებს, ქალი საჭესთან ჯდება და მანქანას ქოქავს, კაცი შენობისკენ ბრუნდება, აი ნიკას მოუახლოვდა, საშუალო სიმაღლისაა, ესე ოცდათხუთმეტი წლის, კეთილი და სანდომიანი სახე აქვს. ახლა ამ კაცს უყურებს ნიკა და რა სასაცილოა, ეჭვიანობს.

საღამო - აი რა სძულდა, აი რა უღებდა ბოლოს, დრო, სამუშაო დღის დასრულებიდან, მეორე დილამდე, რომელიც სახლში მარტოს უნდა გაეტარებინა.

ახლაც როგორც ყოველთვის მარტო ზის ტელევიზორის წინ, საინფორმაციო გადაცემას უყურებს, ორი ოპოზიციონერი ერთი სახელმწიფო მოხელის წინააღმდეგ გამოდის. რა უნდა ხალხს? პური და სანახაობა, და რადგან ჩვენს ქვეყანაში პური არ არის, სანახაობას სწორედ უპურობის თემაზე მართავენ. ხალხს ართობს პოლიტიკოსების დაუსრულებელი და უშედეგო ბრძოლა, სალაპარაკო თემას არ ულევს, ზოგიერთის გონება კი ამ ყველაფერზე ფიქრით ისეა აღვსილი, რომ საკუთარი ოჯახის კეთილდღეობისთვის სამოქმედო დრო აღარ რჩებათ.

ო, როგორ აღიზიანებს ეს ცირკი, რომელსაც ხალხსა და ქვეყანაზე ზრუნვას ეძახის ბევრი. ახლაც მხოლოდ იმიტომ, უყურებს ამ არხს, რომ იმ საერთაშორისო კონკურსის შესახებ უნდა გავიდეს სიუჟეტი, რომლის ბოლო ეტაპზე გასული კონკურსანტები დღეს თავად დაიწუნა და რის გამოც ალბათ პრობლემებიც შეექმნება, რადგან ახალი კასტინგის ჩატარების დრო ფაქტიურად აღარაა.

აი შეიცვალა კადრი, წამყვანი პატარა შესავალს აკეთებს, ეკრანზე სამინისტოს სააქტო დარბაზი გამოჩნდა. კადრში ჯერ დარბაზში მსხდომნი ჩანან, მერე კონკურსანტები აჩვენეს, ბოლოს კი მისი კომენტარით დასრულდა სიუჟეტი. უყურა საკუთარ თავს ეკრანზე და კმაყოფილი ღიმილი მოედო სახეზე, არაჩვეულებრივად გამოიყურება, ჯერ ისევ ახალგაზრდაა და უკვე საკმაოდ ბევრს მიაღწია. მაგრამ...

ჰაერი ისე ღრმად ჩაისუნთქა, თითქოს ძალის მოკრებას ცდილობსო და მერე ტელეფონის ნომერი აკრიფა.

-ალო-თქვა გაუბედავად

-ალო, გისმენთ

-მაკა მე ვარ

-გიცანი

-როგორ ხართ?

-კარგად, რა გინდა?

-გუშინდელი დღე ყველას დაგავიწყდათ

-რა ხდებოდა გუშინ?

-დაბადების დღე მქონდა

-დედას, რომ აეღო ახლა ყურმილი არ გაპატიებდი

-რატომ, ის დედაჩემიცაა

-ისედაც სულ ავადაა მას შემდეგ და რატომ უნდა გაანერვიულო?

-მაკა როდემდე უნდა ვიყოთ ასე?

-გუშინ დილით შენი მანქანა მდგარა ჩვენს სახლთან და აღარ მინდა ეს განმეორდეს

-მაკა მე

-კარგად იყავი, თავი დაგვანებე, ახლა მაინც იფიქრე დედაზე-მბრძანებლური ტონით უთხრა მაკამ და ტელეფონი გათიშა

მაკა, მისი უფროსი და, ოდესღაც ყველაზე საყვარელი, ყველაზე ახლობელი, ყველაზე საამაყო და მისაბაძი ადამიანი, აგერ უკვე მესამე წელია უმცროსი დის სახელის გაგონებაზეც კი ბრაზდება.

ყურმილში წყვეტილი ზუმერის გაგონების შემდეგ გული ეტკინა, საკუთარმა დამ მასთან საუბარიც კი არ ისურვა. თავი საშინლად მარტოდ იგრძნო, ის დღე გაახსენდა, როცა სახლიდან გამოაგდეს. კინოფირივით დატრიალდა ყველაფერი მის თვალწინ.

სახლში ჩვეულებისამებრ გვიან დაბრუნდა.

-სად იყავი?-წარბშეკრული დახვდა დედა

-სამსახურში

-ღამის თორმეტ საათამდე?

-მგონი უკვე სრულწლოვანი ვარ-ცოტა უხეშად მოუვიდა თქმა

-შენი ასაკი ოჯახის შერცხვენის უფლებას არ გაძლევს?

-რას გულისხმობ?-ცოტა არ იყოს და შეეშინდა, ინტუიციით მიხვდა რაღაც სერიოზული ხდებოდა

-გიორგი ქაჯაიას

-ეს თემა უკვე ბევრჯერ განვიხილეთ და მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ღირსად არ მიგაჩნიათ მიყვარს და ის ჩემთვის ყველაფერია

-მე ყველაფერი ვიცი, თბილისი ჭორების ქალაქია და არაფერი იმალება დიდხანს

-რას გულისხმობ?

-იცი რასაც

-ჩემი პირადი ცხოვრება ჩემი საქმეა-გაუბედავად ჩაილაპარაკა შვილმა

-იცი შენს საქციელს რა ქვია?

-მე გიო მიყვარს და რა მნიშვნელობა აქვს რაღაც ქაღალდს მმაჩის ბიუროდან?

-ესეიგი მართალია

-რა აზრი აქვს ტყუილს? მართალია

-ღმერთო მიშველე-ხელები სახეზე აიფარა ქალმა

-დედა

-უნამუსო ხარ-ბრაზით უთხრა ქალმა შვილს და მერე უამრავი ისეთი სიტყვით შეამკო, რითაც ქუჩის ქალის დასახასიათებლადაც არ გაისვრიდა პირს წესიერი ადამიანი

-ხვდები მაინც რას ამბობ?-ცრემლები მოადგა შვილს. პასუხად დედა თმაში წვდა და ისე ძლიერად მოქაჩა სკამიდან გადმოაგდო. ხმაურზე ოთახში ოჯახის სხვა წევრებიც შეცვიდნენ

-რა ხდება-დავარდნილ შვილთან დაიხარა შეშინებული მამა და ფეხზე წამოაყენა.

ყველაფერი სტკიოდა, შუბლი მაგიდის ფეხისთვის დაერტყა და სისხლი მოსდიოდა. მაკას ქმარმა წყალი მიაწოდა, თავად მაკა კი დედას მოეხვია და დამშვიდება დაუწყო.

-შენი ფეხი აღარ ვნახო ამ სახლში-მკაცრად უთხრა დედამ

-არც ვაპირებ აქ დარჩენას-ცრემლები უფრო სიბრაზისა და სირცხვილის გამო სდიოდა ვიდრე ტკივილის ან სიანულის.

მას შემდეგ არც დედა უნახავს და არც მამა. ეგონა არც არავის უნდოდა მშობლიურ სახლში მისი ხილვა, არადა ცდებოდა, მამას მთლად გაუთეთრდა თმა, უმცროს შვილზე დარდით მობერდა, მაგრამ გამორჩეულად სუსტი კაცი იყო, ცოლის სიტყვა მისთვის ის კანონი იყო, რომლის დარღვევაც არასოდეს შეიძლებოდა.

დედა კი, დედა ხომ მაინც დედაა, მასაც ენატრებოდა შვილი, მაგრამ უპატიებელ შეცდომად მიიჩნევდა თავის საქციელს, შვილის შეურაცხყოფასა და სახლიდან გაგდებას... არ საუბრობდა იმ უსაშველო მონატრებაზე, რომელიც დღე და ღამ არ ასვენებდა, რადგან ეგონა უპატიებელი იყო მისი საქციელი და არც ელოდა პატიებას. დღესაც საინფორმაციო გადაცემაში უმცროსი ქალიშვილის დანახვისას ცრემლები ძლივს შეიკავა, ”როგორი გამხდარია, ალბათ არაფერს ჭამს, აბა ვინ გაუკეთებს საჭმელს” ფიქრობდა მშობელი რომელსაც შვილი ენატრებოდა და ყველაფრის მიუხედავად რათქმაუნდა უზომოდ უყვარდა.

ალბათ კიდევ ბევრს იმოგზაურებდა მოგონებებში, რომ არა ტელეფონის ზარი.

-ალო

-გისმენთ, ვინ ბრზანდებით?

-თიკო ვარ

-თიკო?

-თიკო კინწმარიშვილი

-თიკოო-სითბო ჩაეღვარა გულში ამ სახელის გაგონებისას, მისი ბავშვობის მეგობარი, ოდესღაც განუყრელები იყვნენ, გონება დაძაბა, მაგრამ ვერ გაიხსენა უნივესიტეტის შემდეგ კიდევ თუ ენახა იგი, თუმცა არა ორი წლის წინ ქორწილში დაპატიჟა, მაგრამ მივლინებაში იყო და ვერ მივიდა-როგორ ხარ? საიდან გაგახსენდი?

-კურიერს ვუყურებდი წეღან და ისე გამიხარდა შენი დანახვა, ძალიან კარგად გამოიყურები

-გმადლობ. შენ როგორ ხარ?

-ჩვეულებრივად, ქმარი, ბავშვები, დიასახლისობა, თავის მოსაფხანადაც ვერ ვიცლი, ახლაც ტყუპებმა დაიძინეს და ძლივს მოვახერხე ტელეფონთან მოსვლა

-ძალიან გამიხარდა, რომ დარეკე და მივხვდი, რომ მომნატრებიხარ

-მერე რა გიშლის ხელს? სულ სახლში ვარ მესტუმრე, როცა გაგიხარდება

-იქნებ დღესვე გნახო?

-დღეს?

-ხო დღეს, მაინც მოვიწყინე სახლში, სადმე გავიდეთ დავსხდეთ ყავა დავლიოთ

-იცი რომელი საათია?

-კარგი სხვა დროს იყოს-შერცხვასავით, დიასახლისი და თავისუფალი ქალი თურმე საათის ისრებსაც კი სხვადასხვანაირად უყურებენ.

თიკოს ზარმა ისევ წარსულში წაიყვანა ფიქრებით. გაახსენდა სკოლის, სტუდენტობის წლები, როცა მისი თანატოლები გართობაზე და სიყვარულზე იყვნენ კონცენტრირებულნი ის კი სწავლაზე. განათლება ნამდვილად საუკეთესო მისცეს მშობლებმა, ჯერ კიდევ სკოლის დროს მოასწრო გაცვლითი პროგრამით ამერიკაში სწავლა, სტუდენტობის ორი წელი კი გერმანიასა და ინგლისში გაატარა. ელჩობაზე ოცნებობდა, მოგზაურობა და უცხო ხალხების გაცნობა სწყუროდა, ბევრი გეგმა და მიზანი ჰქონდა, მანამ სანამ ის არ გამოჩნდა და ყველაფერი თავდაყირა არ დააყენა.

თავადაც არ იცოდა რატომ, მაგრამ გიო ქაჯაია მისთვის ჰაერი გახდა, სასიცოცხლო ენერგიის წყარო. დღე, როცა მას ვერ ნახავდა დაკარგული დღე იყო, სხვა რაიმის ძალაც არ ქონდა, თითქმის სამი წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს, მანამ სანამ...

ერთი საათიც არ იყო გასული რაც სახლამდე მიაცილა გიომ, როცა ისევ დაურეკა და ისევ თავის სახლთან მისვლა სთხოვა, სადარბაზოსთან დიდი ჩემოდნით და დაშავებული შუბლით ჩასულს ბიჭი უკვე ელოდა. ორი სიტყვით უამბო მომხდარი, მშობელი დედის მიერ მიყენებული იარაც აჩვენა.

-არ ინერვიულო, მე შენთან ვარ, დროა ის გავაკეთოთ რაც აქამდეც უნდა გაგვეკეთებინა

-რა?

-გამომყევი ცოლად

-მგონი სხვა გზა არც მაქვს

-სურვილი?

-მე შენ მიყვარხარ და ოჯახისთვის ეს ყველაზე მთავარია არა?

-მეც მიყვარხარ-მოეხვია ბიჭი და დაშავებულ შუბლზე აკოცა-მიყვარხარ

თუმცა ყველაფერი არც მთლად ასე მარტივად იყო. გიოს დედამ არანაკლები სკანდალი მოაწყო, როგორც ჩანს მანაც იცოდა შვილის პირადი ცხოვრების დეტალები.

-საყვარლები გასართობად სჭირდებათ ნორმალურ მამაკაცებს, ცოლად კი პატიოსანი ქალები მოყავთ-მშვიდი ტონით თქვა სადედამთილომ

ასეთ შეურაცხყოფას ვერც საყვარელი ადამიანის დედას აპატიებდა და ვერც სხვას, ამიტომ ფეხზე წამოდგა

-გიო მე აქედან მივდივარ. შენ?

-თუ ახლა მაგ ქალბატონს გაყვები, ჩვენ დაგვივიწყე-გიოს მკაცრი ტონით მიმართა დედამ. ბიჭმა იატაკს გაუშტერა მზერა, რადგან საყვარელი ქლისთვის თვალის გასწორება ვერ შეძლო

ერთსადაიმავე საღამოს სულ რაღაც ერთი საათის ინტერვალით, ორი ასეთი ძლიერი იმედგაცრუება და შეურაცხყოფა ნამდვილად არ იყო სახუმარო რამ, თავბრუ დაეხვა და კედელს, რომ არ მიყუდებოდა ალბათ წაიქცეოდა. თუმცა ძალა მაინც მოიკრიბა და სწრაფად დატოვა გიოს სახლი.

ამ უიღბლო დღიდან 5 თვის შემდეგ, გიომ მისი ფეხმძომობის ამბავი გაიგო, და თუ მანამ საყვარელ ქალთან მისვლა და, პატიების თხოვნა რცხვენოდა, თუ მანამ ეს სირცხვილი და შიში ვერც ძლიერმა მონატრებამ დააძლევინა, ახლა უკვე მიზეზი ქონდა, საერთო შვილი ახალ შანსს აძლევდა მათ ურთიერთობას. ჯერ კიდევ არდაბადებული შვილის მამას მხოლოდ ბავშვის გამო შეურიგდა, უნდოდა პატარას სრულფასოვანი ოჯახი ჰქონოდა, თავად კი მიუხედავად სიყვარულისა საყვარელ მამაკაცს შეცდომას ვერ პატიობდა.

თუმცა როგორც სჩანს ეს წყვილი ერთად ყოფნისთვის არ იყო გაჩენილი. ფეხმძიმობის დროს გადატანილმა სტრესმა, ნაყოფზე ცუდად იმოქმედა და პატარამ დაბადებიდან მხოლოდ ხუთ საათს იცოცლა, მის სიცოცხლესთან ერთად სამუდამოდ დასრულდა მისი მშობლების ურთიერთობაც.

გვიანი საღამო - ერთდროულად მოსულ ამდენ მოგონებას და ემოციას ვეღარ გაუძლო, დალევა მოუნდა, უსიამოვნო ფიქრებისგან თავის დაღწევა და გულის გადაყოლება, ამიტომ სწრაფად გამოიცვალა ტანსაცმელი, მერე მანქანაში ჩაჯდა და ღამის თბილისში გასეირნების შემდეგ პირველივე ღია ბარს მიადგა.

დარბაზი ლურჯი შუქით იყო განათებული, ცარიელ მაგიდასთან მარტო იჯდა, სასმელი შეუკვეთა და სხვა მაგიდებთან მსხომთ გადაავლო თვალი, ზოგი წყვილად იყო მოსული, ზოგი მეგობრებთან ერთად, მხოლოს ის იჯდა მარტო.

თავს ისე გრძნობდა, თითქოს არავინ იყო და არაფერი. თითქოს დედამიწას ამძიმებდა, თითქოს სხვისთვის კუთვნილ ჰაერს სუნთქავდა. არაფერს გრძნობდა, არავინ ენატრებოდა, თითქოს არც არავინ უყვარდა, ისეთივე ცივი იყო, როგორც მის ჭიქაში მოცურავე ლამაზი ყინულები. სასმელი ბაგეზე შეეხო, უნდა დაელია, როცა უცებ ხელი გაუშეშდა, თავი უკან შეაბრუნა, რათა დაენახა საიდან მოდიოდა ეს ხმა.

შემოსვლისას ვერც კი დააფიქსირა მცირე სცენა, რომელზეც ახლა ახალგაზრდა ბიჭი იდგა, მუხლებზე გადახეხილი ჯინსებითა და ვილვეტის კოსტუმით, იდგა და მღეროდა, მღეროდა მთელი გულით, თვალები დახუჭული ქონდა, თითქოს სადღაც სხვაგან იყო, ვიღაცისთვის მღეროდა, ვიღაცისთვის ვინც ფრთები შეასხა მის სამყაროს, დადებითი ენერგიით, შეუცნობელი ძალითა და სიცოცხლის წყურვილით ავსებდა ბიჭის ხმა მსმენელებს. მთელი დარბაზი გაშეშებული შესცქეროდა და სიამოვნებით უსმენდნენ მას.

ბიჭმა სიმღერა დამთავრდა, სცენა დატოვა და მისი ადგილი სხვამ დაიკავა. ქალი თავის მაგიდას მიუბრუნდა და სასმელს ისე შეხედა თითქოს მისი შეკვეთილი არც ყოფილიყო. რაღაც აღმაფრენა იგრძნო, მიხვდა, რომ ღირს ცხოვრება თუნდაც ერთი კარგი სიმღერისთვის, თუნდაც ერთი ღიმილისთვის, თუნდაც პატარა სითბოსთვის და თუნდაც იმ სიყვარულის ცქერისთვის რომლის ნაწილიც თავად არ ხარ.

ოფიციანტს მოუხმო, ანგარიში მოითხოვა და მომღერალი ბიჭის ვინაობა ჰკითხა.

-ეს ნიკუშა იყო ახვლედიანი, თითქოს უბრალო ბიჭია, მაგრამ როცა მღერის...

-აი, ეს ჩემი სავიზიტო ბარათია, კულტურის სამინისტოში ვმუშაობ და ახლა სწორედ მისნაირებს ვეძებთ, გადაეცით და უთხარით ხვალ დილითვე დამიკავშირდეს-უთხრა და წამოდგა.

ნიკას სიმღერამ ისე გააბრუა ბარიდან გამოსვლისას ვერც კი შეამჩნია, რომ უცნობი მამაკაცი გაჰყვა უკან.

ემოციურად ძალზედ დატვირთული დღე ჰქონდა ნიკა ახლედიანს, რაც თავისთავად აისახა მის სიმღერაზე.

ის რაც ერთხელ მოხდა აღარასოდეს განმეორდება, მაგრამ ორჯერ მომხდარი მესამედაც მოხდებაო, სადღაც წამიკითხავს, მაგრამ ზუსტად არ მახსოვს სად... ის კი ზუსტად ვიცი, რომ ბართან მჯდომი ნიკა რაღაც ამდაგვარზე ფიქრობდა, კაცებს ინტუიცია არ აქვთ, მაგრამ იმედი იმისა, რომ თავისი ოცნების ქალს მესამედაც შეხვდებოდა იმდენად ძლიერი იყო ნიკას გონებაში, რომ თითქმის დარწმუნებული გახლდათ, რომ ისევ ნახავდა მას. საათს შეხედა, ისრები თორმეტს უჩვენებდა, ბოლოჯერ მოსვა ფორთოხლის წვენი და ფეხზე წამოდგა.

-უკვე მიდიხარ?-ჰკითხა ბარმენმა

-კი

-მოიცადე-შეაჩერა ერთ-ერთმა ოფიციანტმა-ვიღაც ქალმა სავიზიტო ბარათი დაგიტოვა

-ვინ ქალმა?

-აი იქ კუთხეში, მარტო რომ იჯდა

-არ დამინახავს-მხრები აიჩეჩა ნიკამ-არ ვიცი ვინაა

-კულტურის სამინისტროში ვმუშაობო და ხვალ დილითვე დამირეკოსო, მისნაირ მომღერლებს ვეძებთო

-ორიგინალურად მოუფიქრებია-გაიცინა ბარმენმა-სხვები შენი სიმღერის მოსმენის შემდეგ პირდაპირ რომანტიულ პაემანს გინიშნავენ ხოლმე

-არ იყო ეგეთი ქალი-გააპროტესტასავით ოფიციანტმა

-კარგი რა ზღაპრების რატომ გჯერა?-დასცინა მას ბარმენმა

-ნიკა შენ რას იტყვი?

-პატივცემულ ბარმენს ვეთანხმები, გადააგდე ეგ ბარათი-უთხრა და გასასვლელი კარისკენ წავიდა.

ქალი უკვე თავის მანქანასთან იყო, როცა ნაბიჯების ხმა მოესმა.

-ერთ წუთს ხომ ვერ მაჩუქებდით?-მიმართა მამაკაცის ხმამ, მისკენ შებრუნდა და ოცდაათი-ოცდათუთმეტი წლის შავგვრემანი კაცი დაინახა

-რა გნებავთ?

-ბარში, რომ შემოხვედით მას შემდეგ გიყურებთ, სასმელზე მინდოდა თქვენი დაპატიჟება, მაგრამ ვერ მოვასწარი ისე უცებ გადაწყვიტეთ წასვლა

-გმადლობთ, მაგრამ მეჩქარება

-თავს უფლებას ვერ მივცემ თქვენი გაცნობის შანსი გავუშვა ხელიდან

-ძალიან მეჩქარება-მანქანის კარს ხელი მოჰკიდა ქალმა

-ვერ წახვალთ ჯერ-მკლავში წაავლო ხელი უცნობმა მამაკაცმა

-ხელი გამიშვით-ცოტა შეშინდა ქალი

თქვენისთანა ქალი სახლში მარტო არ უნდა ბრუნდებოდეს- უცნაურად ჩაიცინა უცნობმა, აბეზარმა მამაკაცმა

-არც ბრუნდება, ის ჩემთან ერთადაა-უცებ, მოულოდნელად გაჩნდა მათ სიახლოვეს ნიკა და უცნობი მამაკაცი ხელის უხეში მოძრაობით მოაშორა ქალს

-გმადლობთ-უთხრა დაბნეულმა ქალმა

-იმედია ზედმეტი არ მომივიდა

-არა, რას ამბობთ უკვე ყვირილს ვაპირებდი და თქვენც გამოჩნდით

ნიკა მოჯადოებულივით შესცქეროდა მას, ეგონა სიზმარში იყო, მშვენიერ სიზმარში და მხოლოდ ესიზმრებოდა, ის რომ ეს საოცარი ქალი მას შესცქეროდა. ნიკას უკვე უყვარდა ეს ქალი, სევდიანი და ჭკვიანი თვალებით.

ქალიც შესცქეროდა მას და რაღაც აქამდე განუცდელი უცხო გრძნობით იყო მოცული.

-მანქანით ხართ?-ისევ ქალმა დაარღვია სიჩუმე

-არა

-შემიძლია მიგიყვანოთ სახლამდე

-წესით მე უნდა მიგაცილოთ, მაგრამ მანქანა თქვენ გყავთ-დაბნეულობის დასაფარად რაც ენაზე მოადგა ის წარმოთქვა ბიჭმა

-არ არის პრობლემა-მანქანის გასაღები გაუწოდა ქალმა.

საკუთარ ავტომობილში, მძღოლის გვერდით სავარძელზე იჯდა, გზას გაჰყურებდა და უკვირდა თავის საქციელი, რა არის ეს, ნუთუ ახალი ტრადიცია დაამკვიდრა თავის ცხოვრებაში, ყოველ საღამოს სახლში ახალგაზრდა მამაკაცებით დაბრუნება. ან იქნებ... “შენ კი ისეთი მამაკაცი გჭირდება, რომლისთვისაც ერთადერთი იქნები, რომელიც დაგაფასებს, ყველა ქალზე მაღლა დაგაყენებს და ყველა კაბის ღილის შეხსნაზე არ გაისვრის ხელს.”-ანდროს დილანდელი სიტყვები ჩაესმა ყურში.

ნიკა არასოდეს ყოფილა ასეთი ბედნიერი... ფიქრის უნარიც არ ქონდა, მის არსებაში მხოლოდ გრძნობებისთვისღა იყო ადგილი.

-სახლამდე, რომ მიმიყვან თუ გინდა ჩემი მანქანა წაიყვანე და დილით ათისთვის გამომიარე, ერთად წავიდეთ სამინისტროში

-ასე მენდობით?

-ჯერ არ ვიცი რატომ, მაგრამ დიახ

-მე ელენე მქვია-გამომშვიდობებისას უთხრა ქალმა, რომელსაც სულაც აღარ მიაჩნდა, რომ არავინ იყო, რადგან იგრძნო თურმე ქვეყნად მისთვისაც არსებობდა სუფთა ჰაერი

-მე ნიკა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100