„გიორგი იქ აღარ იყო...“ - ადვოკატები გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ახალ დეტალებს ასაჯაროებენ
19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმე - საქმეში ფიგურანტი ერთ-ერთი ავტომობილის მგზავრების ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ირწმუნება, რომ გარდაცვლილის მეგობარი გუკა ამირხანაშვილი მის დაცვის ქვეშ მყოფებმა ავტომობილში დახმარების მიზნით ჩაისვეს.
ადვოკატი მოწმეზე დაყრდნობით აცხადებს, რომ „ტოიოტა კემრის“ მისვლის შემდეგ შემთხვევის ადგილზე გიორგი შაქარაშვილი აღარ ყოფილა.
„ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების მდგომარეობა ძალიან მძიმეა, მათი ბრალეულება ნულის ტოლია, გუშინ ერთ-ერთმა მოწმემ, კერძოდ, ფოტოგრაფმა ისაუბრა, იმაზე, რაც თავის თვალით დაინახა, კონკრეტულად, მან თქვა, რომ როდესაც მანქანა გაჩერდა, გაიქცა ორი ადამიანი, ერთი თვითონ იყო, მეორე კი - გიორგი, თუ მის ლოგიკას გავყვები გამოდის, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები, როდესაც ჩნდებიან ადგილზე, გიორგი იქ აღარ იყო ამ დროს, აღნიშნულმა პირმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ბოლო მანქანის მისვლის დროს გიორგი უკვე აღარ ჩანს შემთხვევის ადგილზე, აქედან გამომდინარე დასტურდება, რომ „ტოიოტა – კამრის“ მგზავრები გიორგის იქ ყოფნის პერიოდში არ მისულან, ამიტომ არ უნდა მოხდეს ამ ადამიანების დისკრედიტაცია,“ – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“
ადვოკატი ამბობს, რომ რკინის ხელკეტები „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში იყო.
„გუშინ კიდევ ერთი დეტალი გაირკვა, კერძოდ „მერსედესში“ მყოფმა პირმა აღნიშნა, რომ დაინახა თუ რა მიმართულებით გარბოდა გიორგი, გამოდის, რომ მერსედესში მჯდომის ჩვენება ლოგიკურია, აქედან გამომდინარე, როცა ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები მივიდნენ გიორგი იქ აღარ იყო.
მოტივი მათი იქ მისვლის იყო, ის, რომ „მერსედესში“ ვინც იყვნენ მათ დაურეკეს და ეძებდნენ მისიანებს, რათა კონფლიქტი აერიდებინათ. როგორც ირკვევა რკინის ხელკეტები სხვა მანქანიდანაა ამოღებული, ალბათ „მერსედესიდან.“ ჩვენ არ გვაქვს უფლება ვისაუბროთ ავტომანქანების მგზავრებზე, ეს 6 ადამიანი არანაირ ბრალეულობაში არ არიან და არც მიზეზობრივ კავშირში მომხდართან. გუკა ამირხანაშვილი მათ იმიტომ ჩაისვეს, რომ დახმარებოდნენ.“ – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.
კომენტარი