"ჩვენს გაუნათლებლობასა და ჩამორჩენილობას საზღვარი არ აქვს" - დრონი.ჯი-ს ინტერვიუ ლევან რამიშვილთან
ის იყო საქართველოში ერთ-ერთი ხმაურიანი გამოცემის Playboy-ს რედაქტორი, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის დიდი განსჯისა და განხილვის საგნად იქცა.
მისი საჯარო ლექციები ბევრი ახალგაზრა ადამიანისთვის ძალიან საინტერესოა, რადგან ეხება ყველა თემას, არის მრავალმხრივ განათლებული და შეძენილი აქვს უამრავი პროფესია.
დრონი.ჯი გთავაზობთ ინტერვიუს რუსთველოლოგთან, მუსიკოსთან, ფსიქოლოგთან, მწერალთან, ჟურნალ „ფლეიბოის“ რედაქტორთან, რომელიც ამავე დროს არის მუსიკის კრიტიკოსი, ფილოსოფოსი, კინო სცენარების ავტორი და მიღებული აქვს „საბას“ პრემია.
- ბატონო ლევან, თქვენ საქართველოში, ძირითადად, როგორც რუსთველოლოგს ისე გიცნობენ, ამიტომაც, მოდით, ჩვენი საუბარიც ამით დავიწყოთ. თუ შეგიძლიათ მოკლედ გვითხრათ, რით განსხვავდება თქვენი დამოკიდებულება სხვებისგან. თქვენს წიგნებს განსხვაბებული სათაური აქვს "დაფარული ვეფხისტყაოსანი". ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ თქვენ ისეთ რამეს მიაგენით, რაზეც სხვა რუსთველოლოგებს არ გაუმახვილებიათ ყურადღება ?
- ყალბ თავმდაბლობას რომ არ ამოვეფარო, გეტყვით, რომ ნამდვილად ასეა. სამწუხაროდ საქართველოში აღარ არსებობს არც ლიტერატურული კრიტიკა და არც სამეცნიერო პოლემიკა. ამის გამო არავინ არის, ვინც შეაფასებს ჩემს ნამუშევარს. მე არ მინდა, რომ ვინმემ შემაქოს. უბრალოდ მინდა, რომ დამნახავი იყოს.
თუნდაც გამაკრიტიკოს ვინმემ, ესეც კარგი იქნებოდა... მაგრამ რადგან ასეთი არ მოიძებნება, იძულებული ვარ, მე თვითონ ვთქვა ის, რაც უნდა ითქვას – ჩემს წიგნში, პირველად 900 წლის შემდეგ, მე გავხსენი ის სიღრმეები, რომლისთვისაც დაიწერა ეს ნაწარმოები. ბედნიერი ვარ, რომ ეს გავაკეთე და ვამაყობ კიდეც ამით. ჩემი აზრით, ამაში ცუდი არაფერია. ჩემამდე ბევრმა მკვლევარმა ახსენა გაკვრით, რომ ვეფხისტყაოსანში ასეთი სიღრმეებია, მაგრამ ეს არავის მოუცია საკმარისად ვრცლად და დასაბუთებულად.
- თქვენ წერთ წიგნს მომავლის განათლების სისტემაზე, რომელიც ბავშვთან ურთიერთობის თანამედროვე ფორმებსა და ახალ მიდგომებს ეხება. რამდენადაც ვიცი, წინა პლანზე წამოწიეთ ბავშვის თავისუფლება და აღნიშნავთ, რომ ბავშვებს სწორად არ ვექცევით. რას ნიშნავს ბავშვის მიმართ სწორად მოქცევა?
- ბავშვს რომ სწორად მოვექცეთ, მხოლოდ სიყვარული არ არის საკმარისი. სიყვარულთან ერთად გვჭირდება ბავშვის პიროვნებად აღიარება. იმის აღიარება, რომ ის ჩვენგან დამოუკიდებელი, თავისუფალი ადამიანია, თავისი განუმეორებელი შინაგანი სამყაროთი და უსაზღვრო შესაძლებლობებით. სხვანაირად რომ ვთქვა, ჩვენ გვესმის, რომ ბავშვები უნდა გვიყვარდეს, მაგრამ არ გვესმის, რომ მათ თავისუფლებას უნდა ვაძლევდეთ.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა ვმართოთ ბავშვები, ვაკონტროლოთ, რომ ამის გარეშე ისინი დაიღუპებიან, მაგრამ ეს ასე არ არის. სინამდვილეში საქმე პირიქითაა – ჩვენი კონტროლით ჩვენ ვღუპავთ ბავშვებს, ხოლო რომ არ ვაკონტროლებდეთ, ისინი გადარჩებოდნენ ამას. მესმის, რომ ამის გაგება რთულია დღევანდელი სტანდარტული ქართველისთვის, ამიტომ შევეცდები, ავხსნა. რას ნიშნავს დაღუპვა? როდისაა ადამიანი დაღუპული და როდის – გადარჩენილი?
ჩემი აზრით, დაღუპული ადამიანი უბედური ადამიანია, ხოლო გადარჩენილი – ბედნიერი. სწორედ ბედნიერებაა ის ლაკმუსის ქაღალდი, რომელიც აჩენს, სწორია თუ არა ჩვენი აღზრდის მეთოდები. ახლა კი მიმოიხედეთ ირგვლივ – რამდენია თქვენს ირგვლივ ბედნიერი ადამიანი? პირადად მე ასეთ ადამიანებს არ ვიცნობ. ყველას რაღაც ჭირს – ზოგი დეპრესიაშია, ზოგს ნერვოზი აქვს, ყველანი ათასი შიშებითა და კომპლექსებით ვართ სავსე. ეს ყველაფერი ჩვენი ბავშვობიდან მოდის.
ჩვენ ყველა გაგვაგიჟეს ბავშვობაში და ახლა ჩვენ, ჩვენს შვილებს ვაგიჟებთ. გაინტერესებთ რით? იმით, რომ ვერ ვხედავთ მათში ინდივიდებს, პიროვნებებს, არ გვესმის, რომ მათაც ისევე სჭირდებათ თავისუფლება, როგორც ჩვენ. მოზრდილ ადამიანს ერთი დღე რომ ისე მოექცე, როგორც ჩვენ ბავშვებს ვექცევით, გაგიჟდება, ვერაფრით ვერ აიტანს, შეურაცხყოფილად იგრძნობს თავს, რადგან თავისუფლების წართმევა ღირსების წართმევას ნიშნავს. ასეა ადამიანი მოწყობილი, ასეთია მისი ბუნება. ეს ყველამ იცის, მაგრამ მოდით ვიკითხოთ – როდის იწყება ადამიანის ბუნება?
თანდაყოლილია იგი, თუ რაიმე ასაკში "ირთვება"? შეიძლება ვთქვათ, რომ ადამიანის ბუნება ირთვება 12 ან 18 წლის ასაკში, მანამდე კი ის არ არსებობს? ალბათ გესმით, რომ ამის თქმა სისულელე იქნებოდა... ადამიანს თავისი ბუნება ყოველთვის თან ახლავს, იგი მისი განუყოფელი ნაწილია მისი გაჩენის დღიდან, რადგან ეს თანდაყოლილი რამ გახლავთ. ამიტომაც ჰქვია "ადამიანის ბუნება".
ახლა კი მე გეკითხებით: რატომ ვუგულვებელვყოფთ ადამიანის ბუნებას ბავშვთან ურთიერთობისას? რატომ გვგონია, რომ როცა მას ვართმევთ თავისუფლებას, როცა ვმართავთ და ვაკონტროლებთ ბავშვებს, მაშინ მათ არ შევურაცხყოფთ, არ ვართმევთ ღირსებას? რატომ გვგონია, რომ ბავშვებს ეს არ სტკივათ? და რომ ეს ტკივილი სამუდამოდ მათში არ რჩება?
რა გვაძლევს ამის თქმის უფლებას? ამ კითხვაზე მე თვითონ ვუპასუხებ – ასე ფიქრის უფლებას მხოლოდ ჩვენი გაუნათლებლობა, უცოდინრობა გვაძლევს. ასე რომ არ იყოს, გვეცოდინებოდა, რომ ფსიქოლოგიამ უკვე დიდი ხანია შეისწავლა ეს საკითხი და რომ უკვე დიდი ხანია გარკვეულია ბავშვისადმი უპატივისმცემლო დამოკიდებულება და მისთვის თავისუფლების წართმევაბ არის სწორედ ის, რაც იწვევს ფსიქოლოგიურ ტრავმებს და რაც აქცევს პატარებს – ამ ბედნიერ და მხიარულ არსებებს უბედურ, დაკომპლექსებულ ადამიანებად.
- თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ ჩვენ, ქართველები კაცობრიობას ერთი ნაბიჯით ჩამორჩენილები ვართ. დარწმუნებული ვარ, ქართველთა უმეტესობა გაგიპროტესტებთ ამ განცხადებას. რას უპასუხებდით მათ?
- როცა ეს ვთქვი, სწორედ ბავშვისადმი დამოკიდებულებას ვგულისხმობდი. დღეს, როცა უკვე ყველას ესმის, რომ ბავშვთან უხეშად მოქცევა დაუშვებელია, საქართველოში ბავშვის ცემაც კი გამართლებულია. რამდენჯერ ყოფილა, რომ ქუჩაში დამინახავს, როგორ სცემენ ბავშვს, მივსულვარ და მითხოვია მშობლისთვის, რომ არ ეცემა. და რა გგონიათ, რა პასუხს ვიღებდი ხოლმე?
როგორც წესი მპასუხობდნენ: "წადი რა ძმაო, გაიარე, ჩემი ბავშვია და რასაც მინდა, იმას ვუზამ!" გესმით რა დაბალი ცნობიერება გვაქვს? ასეთ რამეს დღეს არსად გეტყვიან, საქართველოს გარდა... ჩვენს გაუნათლებლობასა და ჩამორჩენილობას ამ სფეროში უბრალოდ საზღვარი არა აქვს. მაგალითად, დღეს მსოფლიოში ძალიან მომრავლდა თავისუფალი სკოლები, სადაც ბავშვზე ძალადობა (ანუ სწავლის დაძალება) გამორიცხულია. ასეთი სკოლები უკვე 100 წელზე მეტია არსებობს.
ასეთი სკოლები ათასობითაა ევროპასა და ამერიკაში, რუსეთშიც ძალიან ბევრია. აზიის მიუვალ ადგილებშიც კი შევხვედრივარ თავისუფალ სკოლებს, საქართველოში კი არცერთია, არც კი გაგვიგია მათი არსებობა. ჩამორჩენილობაა ეს, აბა რა არის. ამას იმიტომ ვამბობ, რომ არ მინდა, რომ ასე იყოს.
- თქვენ ინდურიდან თარგმნეთ ,,ბჰაგავატ გიტა'', რისთვისაც „საბას“ პრემია მოგენიჭათ. რატომ დაინტერესდით ამ წიგნით?
- იმიტომ, რომ ინდოეთი ჩემი "სისუსტეა". ბავშვობიდან ვგრძნობდი, რომ მიზიდავდა ეს ქვეყანა. მიზიდავდა პირველ რიგში თავისი სიღრმით. მთელი ცხოვრება ვიკვლევ ინდოეთს და რაც უფრო მეტს ვიგებ, მით უფრო მხიბლავს. ახლახან დავბრუნდი ინდოეთიდან.
შარჟაში მქონდა გადაჯდომა. შარჟას აეროპორტში ქართველი გოგო შემხვდა. ისიც ინდოეთიდან მოდიოდა. ისე მოხდა, რომ მთელი 2 დღე მოუწია აეროპორტში გაჩერება და ფული გაუთავდა. შემომჩივლა, ათამდე ადამიანს ვთხოვე, ევროპელებს, რუსებს, რომ ყავა ეყიდათ ჩემთვის, მაგრამ ყველამ ცივი უარი მითხრაო. გაოგნებული იყო გოგო, რადგან დიდხანს ეცხოვრა ინდოეთში და ასეთი რამ ვერ წარმოედგინა.
ეს არ არის მდიდარი ქვეყანა, მაგრამ ხალხს აქ არა აქვს სიკეთე დავიწყებული... ეს ჩემი გამოცდილებითაც ვიცი. ინდოეთს, საქართველოსგან განსხვავებით, მართლა აქვს ისეთი ტრადიციები, რომლებიც დღესაც აქტუალურია, რადგან მარადიული ღირებულება აქვს.
- თქვენ ჟურნალ ,,ფლეიბოის'' რედაქტორი იყავით. ამ ჟურნალის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულებები არსებობს. ზოგისთვის ''ფლეიბოი'' ვულგარულ სიშიშვლეს ნიშნავს, ზოგისთვის - სილამაზესა და ესთეტიკას. პირადად თქვენთვის რას ნიშნავს ეს ჟურნალი?
- ჩემი აზრთ, „ფლეიბოის“ ძალიან სწორი დამოკიდებულება აქვს ქალის მიმართ. ამ ჟურნალის კონცეფცია იმაში მდგომარეობს, რომ ქალის სხეული პირველ რიგში უნდა აღვიქვათ, როგორც სილამაზე. „ფლეიბოის“ ფოტოგრაფიის ესთეტიკა ასეთია. ის არ უსვამს ხაზს გადამეტებულად ქალის სექსუალურობას.
„ფოტოშოპში“ არსებობს სინათლის ფილტრები, რომლებიც ამ პროგრამაში ფლეიბოიდან გადავიდა. ეს ფილტრები ისეთ განათებას აყენებს, რომლებსაც მაყურებელი სიმშვიდეში გადაყავს, აცხრობს აღგზნებას და აძლევს საშუალებას, ქალის სიშიშვლე აღიქვას, როგორც წმინდა სილამაზე, როგორც მშვენიერება. ჩემი აზრით ეს სწორედ ის ოქროს შუალედია, რომელიც ასე აკლიათ მორალისტებსაც და მათ მოწინააღმდეგეებსაც. ჩემი აზრით, როცა ადამიანს ქალის სიშიშვლის დანახვაზე "შუბლში ურტყამს", ეს მის სრულყოფილებაზე და დახვეწილობაზე სულაც არ მეტყველებს.
მორალისტებს კი სწორედ ეს სჭირთ - მათ არ შეუძლიათ მშვიდად უყურონ ქალის სხეულს. მეტისმეტ აკრძალვებში ცხოვრება მათ ყველაზე დიდ გარყვნილ და ავხორც ადამიანებად აქცევს. რა აზრი აქვს თავშეკავებას, თუკი შიგნით იმხელა ვნება მიტრიალებს, რომ ერთი კაბის აფრიალებაც კი მაგიჟებს?
ამას ვუწოდებთ "სიწმინდეს"? ჩემი აზრით ეს უფრო სექსუალურ მანიაკალობას წააგავს, ვიდრე სიწმინდეს. ერთ–ერთ "ველურ" ტომს (ჩვენ ხომ ყველა ველური გვგონია, ვინც ჩვენ არ გვგავს...) ჰქონდა მამაკაცის ინიციაციის ასეთი ტრადიცია: ახალგაზრდა კაცი მიყავდათ შიშველ ქალთან, რომელიც ეუბნებოდა მას – "თუ შეგიძლია ეამბორო ჩემს ვაგინას ზიზღისა და ვნების გარეშე, მაშინ შენ მამაკაცი ხარ!" იმედია გესმით, რაზეა აქ საუბარი – "ზიზღისა და ვნების გარეშე"...
ანუ მამაკაცის ღირსებად ვნებისაგან შინაგანი თავისუფლება ითვლებოდა და არა მექანიკური თავშეკავება... არა მგონია რომელიმე ქართველ მორალისტ ჯიგიტს ეს გამოცდა წარმატებით გაევლო... მე დღემდე ვამაყობ, რომ "ფლეიბოის" რედაქტორი ვიყავი და ვთვლი, რომ მისი დახურვა ქართული სამოქალაქო საზოგადოების დიდი მარცხი იყო.
- თქვენი შემოქმედებითი გზა მრავალმხრივ საინტერესოა, ამ ეტაპზე რით ხართ დაკავებული და რა სამომავლო გეგმები გაქვთ?
- ამ ეტაპზე ახალ წიგნს ვამზადებ გამოსაცემად. მომავალში კი, თავისუფალი სკოლის გახსნას ვგეგმავ საქართველოში. არა მგონია, რომ ამაზე მნიშვნელოვანი საქმე არსებობდეს ამ ქვეყნად, რადგან ყოველი ბავშვი, რომელიც ამ სკოლაში ივლის, გადაურჩება იმ ხორცის საკეპ მანქანას, რასაც ჩვენ შეცდომით "სკოლას" ვეძახით და უბედური და დანგრეულის ნაცვლად, ბედნიერი და შემოქმედებითი ენერგიით სავსე ადამიანი გამოვა...
კომენტარი