სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საახალწლო ზღაპარში ზღარბის როლის შემსრულებელი ბავშვების თვალწინ გარდაიცვალა (ვიდეო)

საშინელი ტრაგედია დატრიალდა საახალწლოდ ომსკის თეატრში, სადაც საბავშვო წარმოდგენაში ზღარბის როლის შემსრულებელი, 26 წლის ვალერი კუზმენკო პირდაპირ ბავშვების თვალწინ, სცენაზე გარდაიცვალა. მსახიობის სიკვდილის კადრები დარბაზში მყოფმა ოპერატორმა გადაიღო, თუმცა, თეატრის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ვიდეოოპერატორი არ მოუწვევია და რომ ვალერი კუზმენკო არა სცენაზე, არამედ კულისებში, მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც სიგარეტს ეწეოდა და თავი ცუდად იგრძნო.

მაგრამ კადრებში სულ სხვა რამ ჩანს: როცა სცენაზე დადგმული დეკორაციული ქოხის კედლიდან კიბეს აცილებენ და კულისებში უნდა გაიტანონ, „ზღარბი“, მოულოდნელად სცენაზე გულაღმა ეცემა. ბავშვები იცინიან, თუმცა, სინამდვილეში, ზღარბის დაცემა გათვალისწინებული არ ყოფილა. „რა მოგივიდა, ზღარბო?“, – ეკითხება წაქცეულ მსახიობს პარტნიორი და მეგობარი...

ოლეგი, ვალერი კუზმენკოს პარტნიორი და მეგობარი:

„როცა ცავეკითხე, რა მოგივიდა–მეთქი, ვნახე, რომ გაფითრდა და თვალები ამოუტრიალდა. მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც მთლად ისე ვერ იყო, კიბე ქოხზე მივაყუდე და თავზე დავადექი, მერე კი ხელები იღლიებში ამოვუდე და კულისებში გამოვაჩოჩე. ვცდილობდი, პანიკა არ დამტყობოდა – დარბაზში ხომ უამრავი ბავშვი იყო...“

როგორ საოცრადაც უნდა მოგეჩვენოთ, წარმოდგენა გაგრძელდა. სცენაზე რამდენიმე წამით ჩაქრა შუქი, შემდეგ კი ზღარბის როლის დუბლიორი შემსრულებელი გამოვიდა. ამ დროს კი კულისებში ექიმები ამაოდ ცდილობდნენ 26 წლის ახალგაზრდის გადარჩენას – მას გული გაუჩერდა. შესაძლოა, სწორედ სპექტაკლის გაგრძელების უხერხულობისა და შეუსაბამობის გამო მალავს თეატრის ხელმძღვანელობა, რომ კუზმენკო სცენაზე გარდაიცვალა.

„არ ვიცით, რა ვიდეო გავრცელდა ინტერნეტში, ჩვენ გადაღების უფლება ოფიციალურად არავისთვის მიგვიცია, აქედან გამომდინარე, მას ვერც შევაფასებთ. ვიმეორებთ, რომ კუზმენკო კულისებში გარდაიცვალა და არა სცენაზე“, – ისევ ჯიუტად იმეორებენ თეატრში, თუმცა, არსებობს მსახიობის ჩვენება და, რაც მთავარია, საკმაოდ კარგი ხარისხის ვიდეომასალა, სადაც აშკარად ჩანს, რომ მსახიობი სცენაზე წაიქცა...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100