სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ეს იმას ნიშნავს, რომ კრემლი და რუსეთის ხელისუფლება შენი მტერია“

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, მეცნიერი და პოლიტოლოგი ზურაბ დავითაშვილი დასავლეთის ერთგვარ გაუცხოებას საქართველოს მიმართ დროებით მოვლენად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ საქართველომ მოთმინება უნდა იქონიოს და ეროვნულ ინტერესებზე უარი არცერთ შემთხვევაში არ უნდა თქვას.
„დრონი.ჯი“: 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს, თქვენი აზრით, რა პერსპექტივები აქვს ხელისუფლებათა შორის ურთიერთობების თვალსაზრისით?

ზურაბ დავითაშვილი: 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ორი ქვეყნის ხელისუფლებათა შორის ურთიერთობის პერსპექტივებს ვერ ვხედავ. როდესაც რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ არ დაელაპარაკება საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, იქ რაიმე პერსპექტივებზე ლაპარაკი ზედმეტია.

კრემლში არის მოლოდინი, რომ საქართველოში ახალი ხელისუფლება იქნება და მასთან დაილაპარაკებენ. საქართველოს ხელისუფლება არ გამოსულა ისეთი განცხადებით, რომ იგი არ დაელაპარაკება რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებას, თუმცა ამის მიზეზი საქართველოს ხელისუფლებას აქვს.

რუსეთში ის ხელისუფლებაა, რომელსაც მიუძღვის დანაშაული ქართული სახელმწიფოს წინაშე. მე არ ვლაპარაკობ მხოლოდ ომის ფაქტორზე, როცა რუსეთის ხელისუფლება ცნობს საქართველოს ტერიტორიების ნაწილის დამოუკიდებლობას და ფულს ხარჯავს იმისათვის, რათა სხვა ქვეყნებმაც ცნონ ეს, ნახულობს ისეთ ოდიოზურ ფიგურებს, როგორებიც არიან ორტეგა და ჩავესი, სადღაც გამონახეს ნაურუს სახელმწიფო, ეს იმას ნიშნავს, რომ კრემლი და რუსული ხელისუფლება შენი მტერია.

ამაში ნურავის ეპარება ეჭვი. მხოლოდ სააკაშვილის პიროვნების წინააღმდეგ არ არის მიმართული ეს პოლიტიკა. რუსეთის მტერია საქართველოს სახელმწიფო, თუ ის იქნება სუვერენული. ეს კი ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო თვითონ ადგენს თავის საგარეო კურსს, თავად ირჩევს იმ ორგანიზაციებს და ალიანსებს, რომელში გაწევრიანებაც სურს, თვითონ არის უზენაესი შიდა ხელისუფლებაში.
რუსეთი კი გეუბნება, შენ ისე კი არ უნდა მოიქცე, როგორც შენ გსურს და რის უფლებასაც საერთაშორისო სამართალი გაძლევს, არამედ ისე, როგორც მე მსურს. მისი ინტერესები ისეთია საქართველოში, როგორც მთელ საბჭოთა სივრცეში მისი გავლენის ქვეშ დარჩენა. აქ არის ინტერესების შეუთავსებლობა. პერსპექტივა გამოჩნდება მაშინ, როცა რუსეთში იქნება ისეთი ხელისუფლება, რომელიც შეურიგდება საქართველოს სუვერენიტეტს, არ მიიჩნევს ამას მის საწინააღმდეგოდ მიმართულ ნაბიჯად და პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ან თუ საქართველოში მოვა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ყველაფერში დაადანაშაულებს სააკაშვილს, შეურიგდება იმას, რომ მოიქცეს ისე, როგორც ამას რუსეთი ეტყვის.

- რუსეთს თავისი იმპერიალისტური ინტერესი აქვს და არ სურს სამხრეთ საზღვრებთან გამოჩნდეს ნატოს წევრი ახალი ქვეყანა, რათა იგი არ აღმოჩნდეს მოქცეული ნატოს რკალში, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის ნატოში გაწევრიანების პრიორიტეტი გამოაცხადა. როგორ უნდა დარეგულირდეს ურთიერთობა რუსეთთან ისე, რომ ორივე სახელმწიფოს ინტერესები იყოს გათვალისწინებული?

- არ შეიძლება, ეს არის ინტერესების შეუთავსებლობა. მაგრამ არსებობს ისტორიის ლოგიკა, რუსეთისთვის მიუღებელი იყო ბალტიისპირეთის ქვეყნების გაწევრიანება ნატოში, უფრო ადრე კი მიუღებელი იყო პოლონეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის ნატოში შესვლაც.

ოცდამეერთე საუკუნეა, საერთაშორისო ურთიერთობები სხვა პრინციპებზეა დამყარებული. დღეს აღარ არის გავლენის სფეროებად გადანაწილება, თუმცა არიან პოლიტიკოსები, მათ შორის დასავლეთში, რომლებიც მიიჩნევენ, რომ რუსეთს უნდა ჰქონდეს თავისი გავლენის სფერო და ამ დათმობაზე უნდა წავიდეს დასავლეთი.

ამ პოლიტიკამ შეიძლება დროებით იარსებოს. საბოლოო ჯამში ეს შეუძლებელია. ისტორიის განვითარების ლოგიკა იქითკენ მიდის, რომ სახელმწიფო უნდა იყოს თავისუფალი თავის არჩევანში. ბოლოს და ბოლოს, რუსეთშიც მოვა ის ხელისუფლება, რომელიც ჩათვლის, რომ ნატო არ არის ის ორგანიზაცია, რომელსაც მიზნად აქვს რუსეთის განადგურება და მის წინააღმდეგ არის მიმართული.

სანამ რუსეთში ასეთი წარმოდგენაა, ყოველთვის იქნება საფრთხე. რა უნდა გააკეთოს საქართველომ ასეთ შემთხვევაში? არიან ქვეყნები, რომლებიც ამბობენ, რომ ახლა ნატოში შესვლა საშიში ავანტიურაა, ეს არის რუსეთის გაღიზიანება, ამიტომ ჩუმად უნდა ვიყოთ, უარი უნდა ვთქვათ ამაზე და მერე იქნება მოვიდეს დრო, როცა ეს საფრთხე მოიხსნება და მაშინ შევიდეს საქართველო ნატოშიო.

მე ასეთ აზრს არ ვეთანხმები იმიტომ, რომ ეს არის დროის კარგვა, თუ საქართველო ამ ნაბიჯზე უარს იტყვის, ის აღმოჩნდება რუსეთის ძალიან ძლიერი გავლენის ქვეშ. არ შეიძლება ერთდროულად საკუთარ ეროვნულ ინტერესებსაც ემსახურებოდე და რუსეთის ინტერესებსაც. ეს შეუთავსებელი ცნებებია.

- გერმანიამ და საფრანგეთმა დაბლოკეს არა მარტო საქართველოს ნატოში შესვლა, არამედ მაპის პროგრამის მინიჭებაც. რის შემდეგ შეიცვალა საქართველოსადმი დამოკიდებულება, ეს 2007 წლის 7 ნოებრის შემდეგ მოხდა?

- არც მანამდე იყო ასპროცენტიანი გარანტია, რომ გერმანია და საფრანგეთი მხარს დაუჭერდნენ საქართველოსთვის მაპის მიცემას და ნატოში გაწევრიანებას. ასეთი განცხადება მათი მხრიდან არ გახმაურებულა. ევროპა გარკვეული შიშის ქვეშ არის რუსეთის მიმართ, აუტკივარ თავს არ აიტკივებს. ის არც მწვადს წვავს და არც შამფურს.

ის უარს არ ეუბნება საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე, მაგრამ აშკარადაც ვერ უჭერს მხარს და მიზეზად ასახელებს იმას, რომ საქართველო ამისათვის ჯერ მზად არ არის. როცა ამ არგუმენტზეა საუბარი, მაშინ უნდა შევადაროთ სხვა ქვეყნები, რომლებიც ნატოს წევრები არიან, ვერავინ იტყვის, რომ თურქეთი უფრო დემოკრატიული ქვეყანაა, ვიდრე საქართველო, რომ იქ სიტყვის თავისუფლება მეტია, ვიდრე საქართველოში, ეთნიკური უმცირესობების თავისუფლება მეტია, ვიდრე აქ, საქართველო უფრო დემოკრატიული ქვეყანაა, ვიდრე თურქეთი.

ვერავინ იტყვის, რომ ალბანეთი საქართველოზე ეკონომიკურად უფრო განვითრებულია, უფრო მომზადებული და უფრო დახვეწილი არმია ჰყავს. ვერავინ იტყვის, რომ კორუფციის დონე ალბანეთში ან რუმინეთში უფრო ნაკლებია, ვიდრე საქართველოში. მაგრამ მათ გეოგრაფიული მდებარეობა აქვთ სხვა. ისინი არიან ევროპის შუაგულში და რუსეთს მათზე ისეთი პრეტენზია არა აქვს, როგორც საქართველოზე. ამას ევროპა ხმამაღლა ვერ განაცხადებს.
- ჯორჯ ბუშის დროს აშშ უფრო მკვეთრ განცხადებებს ახმაურებდა საქართველოს დასაცავად რუსეთის მიმართ, დღეს, ობამას პრეზიდენტობის პირობებში, რა შეიცვალა?

- ამერიკა თავის ინტერესებზე და პრინციპებზე უარს არ იტყვის, რასაც ის ემსახურება. ეს ერთგვარი ტესტია ამერიკის ხელისუფლებისთვის, ეს ქვეყანა დემოკრატიისა და დასავლური ღირებულებებით ლიდერი ქვეყანაა მსოფლიოში. ასეთ ქვეყანას საფრთხე ემუქრება გაცილებით არადემოკრატიული ქვეყნისაგან, ამ შემთხვევაში ეს გარკვეული გამოცდაა თვითონ ამერიკისთვის.

რასაკვირველია, ბუშის პოლიტიკა იყო უფრო მკვეთრი, პირდაპირი, უფრო უკომპრომისო, ეს განცხადებები აღიზიანებდა რუსეთს, მაგრამ მისაღები იყო ჩვენთვის. ობამას პოლიტიკა უფრო აწონილია, ის ცდილობს, რომ არ გააღიზიანოს რუსეთი, ურთიერთობების გადატვირთვა იყოს მეგობარი ქვეყნების დონეზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო განწირულია.

ის ქარტია, რომელიც საქართველოსა და ამერიკას შორის იქნა ხელმოწერილი 2009 წლის იანვარში, არის დოკუმენტი, რომელიც ამერიკის ნებისმიერმა ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს. მეორე მხრივ, ასეთ ნაბიჯს დგამდა ყველა პრეზიდენტი თავისი მმართველობის დასაწყის ეტაპზე. მაგრამ მერე რწმუნდებოდნენ, რომ რუსეთთან ეს მეთოდი - დათმობების, რბილი პოლიტიკისა, შედეგს არ იძლეოდა.

ეს ჯერ კიდევ რუზველტიდან დაიწყო, რაც მეტს დაუთმობდა რუსეთს, დაკმაყოფილდებოდა რუსეთის მადა და ის გახდებოდა დემოკრატიული სამყაროს ნაწილი. ამერიკის ყველა პრეზიდენტი ამ შემთხვევაში შეცდა. არ გამოვრიცხავ, რომ აშშ-ის პოლიტიკა შეიცვალოს იმ გაგებით, რომ მკვეთრი განცხადებები, რომელიც იყო ბუშის ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი, გახდეს მისაღები ობამას ადმინისტრაციისთვისაც.
კლინტონის ადმინისტრაციის პოლიტიკა გავიხსენოთ: პრეზიდენტობის პირველ ვადაში კლინტონი რბილ პოლიტიკას ატარებდა რუსეთის მიმართ, მაგრამ მერე მკვეთრი ნაბიჯები გადადგა და სწორედ კლინტონის დროს მოხდა სტამბოლის ცნობილ სამიტზე ხელის მოწერა იმ დოკუმენტზე, რომელიც ითვალისწინებდა რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანას და ნავთობსადენის რუსეთის გვერდის ავლით გაყვანას. მკვეთრი განცხადებებისა და რიტორიკის გარეშე შედეგი იყო ჩვენთვის სრულიად მისაღები.

- რას გულისხმობს ამერიკასა და საქართველოს შორის ქარტია?

- ქარტიაში არ არის გაწერილი პრინციპები, აქ ზოგად ღირებულებებზეა საუბარი, აშშ დაეხმარება საქართველოს ყველა სფეროში: ეკონომიკის, პოლიტიკისა და სამხედრო სფეროში, ამერიკა არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი.

- ყირგიზეთის აჯანყებისა და იანუკოვიჩის უკრაინაში გაპრეზიდენტების შემდეგ, ხომ არ არის რეალური საფრთხე, რომ რუსეთმა პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენა დაიბრუნოს?

- ამ საფრთხის გამორიცხვა არ შეიძლება. აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა, როგორც ვხედავთ, გარკვეულ წარმატებებს მიაღწია იმ თვალსაზრისით, რომ მას საქართველოში აქვს სამხედრო ბაზები. იმის გამო, რომ არ დარღვეულიყო სტამბოლის ხელშეკრულება, რომ საქართველოში მას ბაზების ქონის უფლება არა აქვს, საქართველოს ცნება შეცვალა, საქართველო არის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე. დაანახა მსოფლიოს, რომ ისევ ზესახელმწიფოა. მას შეუძლია გადადგას ისეთი ნაბიჯი, რასაც დასავლეთი ვერ უპასუხებს.

ევროპას ყოველთვის აკლდა რისკი და გაბედულება, რომ გადაედგა გადამწყვეტი ნაბიჯები რუსეთის აგრესიისა და არამართლზომიერი ქმედებების წინააღმდეგ. გავიხსენოთ, რა გააკეთა საბჭოთა იმპერიამ უნგრეთში, ჩეხოსლოვაკიაში, პოლონეთში, ავღანეთში. პუტინის მიზანია საბჭოთა კავშირის სივრცის აღდგენა. სხვა სახით უნდა შეიქმნას სახელმწიფოთა კონფედერაცია, ისინი იქნებიან საერთაშორისო სამართლის სუბიექტები, მაგრამ რეალურად იქნებიან რუსეთის სატელიტები.

რუსეთმა განაცხადა, რაც საქართველოში ვერ გავაკეთეთ, ამას თვითონ ქართველი ხალხი გააკეთებსო. ოპოზიციის არსებობა ქვეყანაში პროგრესული ფაქტია, ღმერთმა არ ქნას, რომ ოპოზიცია არ არსებობდეს, მაგრამ ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლის მიზანი არჩევნების გზით უნდა ხორციელდებოდეს და არა შეიარაღებული გამოსვლებით. არ უნდა ჰქონდეს აკვიატებული არავის წინასწარ, რომ არჩევნები გაყალბდება.

საქართველოში იშვიათია პოლიტიკოსი, რომელიც თავის მარცხში საკუთარ თავს დაადანაშაულებს. სრულიად უმნიშვნელო პარტია, რომელიც ხმების ერთ პროცენტსაც ვერ მიიღებს, იტყვის, 15 პროცენტი მაინც უნდა მიგვეღო და ტოტალურად გაყალბდა არჩევნებიო.

ეკონომიკური გაჭირვების პირობებში საპროტესტო ამომრჩეველი ყოველთვის მეტია. ამის შედეგად შეიძლება მოხდეს არეულობა და რუსეთისთვის იქნება ხელსაყრელი. გამოჩნდნენ პარტიები, რომლებიც ამბობენ, ჩვენ უარს ვიტყვით ნატოზე, სწორედ ეს უნდა რუსეთს. ეს ჩემი პირადი აზრია, მოლაპარაკებები რუსეთთან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნებას კი არ უწყობს ხელს, პირიქით, მათ დაშორებას.

თავის ნებით რუსეთი ამ ტერიტორიებს საქართველოს არასოდეს დაუბრუნებს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, როცა დასავლეთის ზეწოლა იქნება, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს, და ამას ვერ შეეწინააღმდეგება რუსეთი, რადგან მას არ ექნება ამის ძალა და საშუალება. საქართველო უნდა დარჩეს იმ პოზიციაზე, როგორზეც ახლა არის. არ უნდა თქვას უარი დასავლურ კურსზე, როგორი გულგატეხილიც უნდა იყოს დასავლეთის ახლანდელ პოზიციაზე.

თუ უარს ვიტყვით ამ კურსზე, დასავლეთში ბევრი იტყვის, მადლობა ღმერთს, საქართველო მოგვეხსნა, როგორც ტვირთი. მეტი რა უნდა ექნა შევარდნაძის ხელისუფლებას, უარი ვთქვით დასავლურ კურსზე, დსთ-ში შევედით, ოცი ათასი რუსი ჯარისკაცის საქართველოში ყოფნის უფლება მივეცით, უარი ვთქვით შავი ზღვის ფლოტზე, საკვანძო სამინისტროებში, ძალოვნებში დაინიშნენ ქართული გვარის რუსული პოლიტიკის მქონე პირები. რა მივიღეთ?

რუსეთმა ამ ხელშეკრულების რატიფიცირებაზეც უარი თქვა. ამას საზოგადოება არ უნდა შეურიგდეს, ეს არის ეროვნული ღირსების გათელვა. რუსეთი გვეტყვის, დაგეხმარებით, რომ საქართველომ, აფხაზეთმა და ოსეთმა შექმნან სამთა კავშირი, ამ გაერთიანებას დაარქმევენ დასავლეთ კავკასიის რესპუბლიკათა კავშირს. საქართველო ამ ტერიტორიებს ვეღარ დაიბრუნებს.
თუ საქართველო მათ დამოუკიდებლობას ცნობს, დანარჩენი მსოფლიოს ყველა ქვეყანა ცნობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.

ტკბილი მოგონებები აქვთ ზოგიერთებს საბჭოთა კავშირის მიმართ - რუსეთში ჩვენი თეატრებისა და მომღერლების გასტროლები, მაგრამ ამას საქართველოს სუვერენიტეტი შეეწირება. ჩვენ არა ვართ ჩეჩნები და ავღანელები, რომ ვეომოთ რუსებს პარტიზანულ ომში, მაშინ უნდა ვიყოთ ფინელები, ესტონელები, პოლონელები იმ გაგებით, რომ თუ ახლა არ გაგვიმართლა დასავლეთთან, ემოციებს არ ავყვეთ და უარი არა ვთქვათ ცივილიზებული სამყაროს ღირებულებებზე.

რუსეთი, დღეს, აირის მოწოდებით სპეკულირებს, მაგრამ დღეს ის უფრო მეტად არის დამოკიდებული ეკონომიკურად დასავლეთზე, ნედლეულის მომწოდებელი ყოველთვის უფრო დამოკიდებულია მზა პროდუქციის მწარმოებელზე. როგორც კი რუსეთი შეუწყვეტს გაზს ევროპას, რუსეთიც მაშინვე დაინგრევა ეკონომიკურად, ბოლოს და ბოლოს, საბანკო ანგარიშებს გაუყინავს.
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100