სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ

თბილისში იპოდრომის ტერიტორიაზე ტაქსის მძღოლები არიან შეკრებილი. ისინი სამგზავრო ტარიფების დაკლებას აპროტესტებენ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, გიორგი გაბრიჩიძის განცხადებით, მათ სამგზავრო ტარიფები ხელმძღვანელობამ 30%-ით შეუმცირა, რის შემდეგაც რთული ხდება მუშაობის გაგრძელება.
"ჩვენ არ გვაქვს კომპანიისგან შრომითი ხელშეკრულება და, როდესაც კომპანიის წარმომადგენელს შევხვდით და ვუთხარით, რომ 30%-იანი შემცირებული ტარიფით ვერ შევძლებდით მუშაობის გაგრძელებას, მან გვითხრა - თუ არ მოგვწონს შეგვიძლია სამსახური დავტოვოთ", - აღნიშნა გიორგი გაბრიჩიძემ. მისივე განცხადებით, ტაქსები ისედაც დაბალი ტარიფით მუშაობენ.

გაბრიჩიძე აცხადებს, რომ ისინი წარმოადგენენ კომპანია "ნოსტალგიას", რომლის ხელმძღვანელიც არის ნიკოლოზ ხოფერია და ამ კომპანიაში შედის ტაქსები გამოძახებით, მაგალითად, 200-200, 14-14 და სხვა.
ტაქსის მძღოლები ასევე მოითხოვენ მანქანებზე მრიცხველების დაყენებას, რადგან გაიზომოს, თუ რომელი მანქანა რამდენ კილომეტრს გადის.

"როდესაც კლიენტი მიგყავს გლდანის პირველ მიკრო რაიონში, მასაც 5 ლარს ახდევინებენ და თუკი გლდანის მერვე მიკროში წაიყვან, ისიც ხუთ ლარს იხდის, რაც უსამართლობაა", - აღნიშნა ერთ-ერთი ტაქსის მძღოლმა, ტარიელ მამაგულაშვილმა. მისივე განცხადებით, ამ პირობებში ისინი მუშაობას არ აპირებენ და აქციებს გააგრძელებენ, ვიდრე ხელმძღვანელობა მათ სასიკეთო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100