სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კორონავირუსი საქართველოში - საქართველომ ირანთან სახმელეთო მიმოსვლა შეზღუდა

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში გუშინ ღამით დადასტურდა. ინფექცია ირანიდან აზერბაიჯანის გავლით ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებულს სხვა პირებთან კონტაქტი ფაქტობრივად არ ქონია, რადგან ის კლინიკაში პირდაპირ საზღვრიდან გადაიყვანეს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჯანდაცვის მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე დაადასტურა. "კოვიდ 19"-ით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა, რომელიც ირანიდან საქართველოში აზერბაიჯანის საზღვრის გავლით 2 დღის წინ შემოვიდა. 50 წლის მამაკაცი მაღალი ტემპერატურით საზღვრიდან პირდაპირ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის აზერბაიჯანის გავლით საქართველოში მიკროავტობუსით ჩამოვიდა. ქვეყანაში ერთი პირი შემოჰყვა, რომელიც ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფება. მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ქვეყანაში კორონავირუსის დაფიქსირების საპასუხოდ საქართველომ ირანთან სახმელეთო მიმოსვლა 2 კვირით შეზღუდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა მოქალაქეებს, რომლებიც იმ ქვეყნებში მოგზაურობენ, სადაც ვირუსის მაღალი გავრცელება ფიქსირდება, რეკომენდაციებით მიმართა.

"კოვიდ 19"-ით დაინფიცირებული 50 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის მკურნალობას თბილისის ინფექციურ საავადმყოფო გადის. გვიან ღამით კლინიკის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. პერიმეტრს პოლიცია აკონტროლებდა და კლინიკის ტერიტორიზე შესვლა მხოლოდ სპეციალური ნებართვით იყო შესაძლებელი.

საგანგებო ბრიფინგის დასრულებიდან მალევე რიგები დადგა აფთიაქებში. ქსელურ აფთიაქებში მოქალაქეზე მხოლოდ 20 პირბადეს გასცემდნენ. პირბადეების ღირებულება​ გაიზარდა არაბრენდირებულ აფთიაქებში.

ღამითვე მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა თბილისის აეროპორტი. მედიკოსები ქვეყანაში ჩამოსულ მგზავრებს სპეციალური დისტანციური თერმომეტრით ამოწმებდნენ.

თერმოსკრინინგს იყებენენ მედიკოსები საქართველოს სახმელეთო საზღვრებზეც. სწორედ თერმოსკრინინგის პასუხიდან გამომდინარე საქართველოში სარფის სასაზღვრო პუნქტიდან არ შემოუშვეს ირანის რესპუბლიკის ორი მოქალაქე. მათ ტემპერატურა ჰქონდათ.

ღამით მოქალაქეებმა უპრობლემოდ გადმოკვეთეს საქართველო-სომხეთის საზღვარი. სადახლოს საბაჟო გამშვებ პუნქტზე მათ თერმოსკრინგი ჩაუტარდათ.

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სპეციალური რეისით ჩინეთიდან ჩამოიყვანეს, საჩხერის კლინიკასთან არსებულ სასტუმროში რჩებიან. 34 მოქალაქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ.

ქვეყანაში კორონავირუსის დაფიქსირების საპასუხოდ პრემიერ-მინისტრმა საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი შექმნა. სწორედ ამ ჯგუფის წევრებმა უნდა დაგეგმონ კოვიდ 19-ის გავრცელების პრევენციის გზები. სწორედ მათი გადაწყვეტილებით, ამ დროისთვის საქართველო არ აპირებს ბაღებში, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა დროებით შეაჩეროს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100