ივანიშვილის ყოფილმა ბიზნეს-პატრნიორმა აღიარა, რომ რუსეთში კრიმინალები „კრიშავდნენ“
ლონდონის უმაღლეს სასამართლოში პროცესის „დერიპასკა ჩერნოვის წინააღმდეგ“ დაწყებამდე, რომელიც საზოგადოებას აღუთქვამდა არანაკლებ სკანდალს ბერეზოვსკი-აბრამოვიჩის საქმესთან შედარებით, ადგილობრივი პრესა რუსი ბიზნესმენის აღიარებაზე ალაპარაკდა. „ბაზელას“ მფლობემა, ოლეგ დერიპასკამ ბრიტანეთის მედიას განუცხადა, რომ „რთულ ოთხმოციანებში“ უსაფრთხოების სანაცვლოდ, დანაშაულებრივ დაჯგუფებებს გარკვეულ თანხებს უხდიდა.
მილიარდერის განცხადებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. „ამ გადასახადებს „კრიშას“ უწოდებდნენ - ეს იყო გადასახადი კლიენტების უზრუნველსაყოფად. მე ამ გზას ვერ ვიტანდი, მაგრამ იმ დროისათვის თავდაცვის გარანტირებისათვის სხვა გზა არ არსებობდა“, - აღნიშნა დერიპასკამ „The Sunday Telegraph“-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში რუსი ბიზნესმენის წინააღმდეგ ლონდონის უმაღლეს სასამართლოში საქმე აღძრა ისრაელის მოქალაქემ, მიხეილ ჩერნოი. იგი ირწმუნება, რომ დერიპასკამ მას „რუსეთის ალუმინის“ 20 პროცენტი უკანონოდ წაართვა და ამ დროისათვის ეს აქციები 1.6 მილიარდი ფუნტი სტერლინგი ღირს.
დერიპასკა კი, თავის მხრივ, ირწმუნება, რომ ჩერნოი მისი პარტნიორი არასდროს ყოფილა. ამ დროისათვის, ტაშკენტში აღზრდილი ჩერნოი, ისრაელში ცხოვრობს. იგი ვერ შეძლებს ლონდონში მიმდინარე სასამართლო პროცესზე დასწრებას, რადგან არც თუ ისე დიდი ხნის წინ მასზე ინტერპოლმა გამოაცხადა ძებნა, ფულის გათეთრებისა და დანაშაულებრივი დაჯგუფების ჩამოყალიბების ბრალდებით.
როგორც ცნობილია, გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში, ჩერნოი ძმებთან, ლევ და დავიდ ჩერნოებთან ერთად საბჭოტა კავშირის ნახევრადგანადგურებული მეტალურგიით დაინტერესდა და მისი გაკონტროლება მოინდომა.
„როცა ჩვენ პარტნიორობის გზით აქციების შესყიდვა დავიწყეთ, მაშინვე ვიგრძენით ზეწოლა კრიმინალებისგან... პირველად როცა მათ ჩემი სერიოზულად შეშინება მოახერხეს იყო მაშინ, როცა ჩემს კომერციულ დირექტორს თავში ორი ტყვია ესროლეს... სწორედ მაშინ მივიღე გადაწყვეტილება საკუთარი უსაფრთხოებისთვის ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებებისთვის გარკვეული თანხა გადამეხადა“, - აღნიშნა დერიპასკამ.
მისი აზრით, რუსეთის ფედერაციის ბაზარზე ალუმინის ბიზნესის გადასხვაფერება 1993 წლიდან იწყება. დერიპასკას თქმით, იმ დროისათვის მრავალი ადამიანი გააკვირვა უეცრად თავსდატეხილმა სიმდიდრემ. „შენ სესხად იღებ 500 ათას ამერიკულ დოლარს და ექვსი თვის შედეგ უკან მხოლოდ 100 ათასს აბარებ, ერთი ტონა ალუმინის შეძენა 400 დოლარად იყო შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 1.200 დოლარად შეიძლებოდა“, - აღნიშნავს ბიზნესმენი.
მილიარდერის თქმით, სწორედ ამ პერსპექტიულმა სფერომ მიიპყრო კრიმინალური სამყაროს ყურადღება. „უნდა გესმოდეთ, თუ რა სიტუაცია იყო იმ დროისათვის. ეს არ იყო მარტივად საშოვნელი ფული. ყველა სახელმწიფო ინსტიტუტმა არსებობა შეწყვიტა. თავად სახელმწიფოებრიობის გაგებაც კი ეჭვქვეშ გახლდათ“, - განაცხადა დერიპასკამ.
„მოსკოვს „ველურ დასავლეთს“ უწოდებდნენ, ადამიანები მაქსიმალურად გაურბოდნენ პრობლემებს“, - იხსენებს ბიზნესმენი. სწორედ ამ დროში გაჩნდა აუცილებლობა უსაფრთხოებისთვის გარკვეული გზების მოძებნისა. “მე ვიცოდი, რომ ეს სიტუაცია სამუდამოდ ასე არ გაგრძელდებოდა. დროებით იძულებული ვიყავი, უსაფრთხოებისთვის თანხა გადამეხადა.
ამით მე საკუთარი თავისთვის და საკუთარი ბიზნესისთვის უსაფრთხოებას უზრუნველვყოფდი. ეს ყოველივე უსამართლო დროს ხდებოდა. მე ვამაყობ იმით, რომ მოვახერხე საკუთარი ბიზნესის დაცვა და შევქმენი საკუთარი კომპანია“, - დასძინა დერიპასკამ.
„ჩვენ ვცდილობდით უსაფრთხოება მხოლოდ ფულადი გადასახადების სახით უზრუნველგვეყო, მაგრამ ყოველთვის არ გამოდიოდა. მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით იმისათვის, რომ კრიმინალებისთვის ბიზნესის მართვის უფლება არ მიგვეცა“, - თქვა რუსმა მილიარდერმა.
შეგახსენებთ, რომ ოლეგ დერიპასკა ქართველი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის იმდროინდელი ბიზნეს-პარტნიორი იყო, რა დროის ამბებსაც დერიპასკა ბრიტანულ გამოცემასთან საუბარში იხსენებს...
კომენტარი