სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სამეგრელო - ზემო სვანეთის სამხარეო პოლიცია ხაიშში სიტუაციას აკონტროლებს

მეორე დღეა, ხაიშის მცხოვრებელთა გარკვეული ჯგუფი აზომვით სამუშაოებს აპროტესტებს, რომელიც დაურეგისტრირებელი მიწების მოსახლეობის საკუთრებაში გადაცემას ემსახურება. დღეს მათ პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართეს და ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელი ცენტრალური ავტომაგისტრალი ლოდებით ჩახერგეს.


მოსახლეობა სოფლიდან მიწის ამზომველების გაყვანას ითხოვს. სოფელ ხაიშში მიწის ამზომველები რამდენიმე საათის წინ ჩავიდნენ, თუმცა ადგილობრივები მათ მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. აქციაზე მობილიზებულია პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ: " შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სამხარეო პოლიცია, რომელიც აკონტროლებს სიტუაციას და იმოქმედებს კანონის შესაბამისად."


ხაიშში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ხუდონჰესის პროექტის კოორდინატორმა, ილია ელოშვილმა: "უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც კანონს არღვევს, არ აქვს მნიშვნელობა რა მოტივით და რის გამო არღვევენ კანონს. პროტესტის ამგვარი ფორმა აბსოლუტურად მიუღებელია და შესაბამისად, ისინი უკვე იმ ძალით გვიპირისპირდებიან, რომ ამის მოგვარება სამართალდამცველებს ევალებათ. კანონი უნდა აღსრულდეს, ეს არის ჩემი კომენტარი.


ამზომველები იქ იმყოფებიან აბსოლუტურად კანონიერად. ერთი რამ მინდა გაითვალისწინოს ყველამ. ეს მიწები უკვე კერძო ინვესტორის, ტრანსელექტრიკას საკუთრებაშია, ის კია არა რომ ამ ადამიანებს დარეგისტრირებული არ აქვთ, საერთოდ არც არის მათ საკუთრებაში. ამიტომ, ცხადია, ამ ყველაფრის უკან ვიღაცის ფარული ინტერესები დგას. ამ ყველაფერში გავერკვევით, ეს არ არის პრობლემა და ყველაფერი მოგვარდება. რაც შეეხება ამ ფორმით და ძალისმიერი მეთოდებით დაპირისპირებას, ამაზე სამართალდამცველებმა ადექვატური რეაქცია უნდა მოახდინონ." _ განაცხადა ილია ელოშვილმა.

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის მე-9 მუხლის -3 პუნქტის თანახმად, აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალებისა და რკინიგზის ბლოკირება.

ამავე კანონის მე-11 პრიმა მუხლის 1 პუნქტში ტრანსპორტის სავალი ნაწილი გადაკეტვასთან დაკავშირებით მოცემულია შემდეგი განმარტება:


"შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა მიერ ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვის შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შესახებ, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია. როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო არ ახორციელებს ან ვერ ახორციელებს ამ პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შესახებ."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100