სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თევდორე მღვდილის ქუჩაძე გაჩენილი ხანძრის შედეგად დამწვარია დაახლოებით 3000 კვ.მეტრი ფართობი - შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თევდორე მღვდლის ქუჩაზე სავაჭრო ცენტრ ,,თერგშიგაჩენილ ხანძარზე გამოძიება დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187- მუხლით აღიძრა, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 3000 კვ.მეტრი ფართობი. ამ დრომდე უცნობია ზარალის ოდენობა და ხანძრის გაჩენის მიზეზი.

სავაჭრო ცენტრთან დილიდან შეკრებილი არიან მაღაზიის მფლობელები, თუმცა უცნობია, როდის შეძლებენ ისინი საკუთარ მაღაზიებში შესვლას და პროდუქტის დათვალიერებას.

მოვაჭრეებს ეჭვი აქვთ, რომ ხანძარი ბაზრობის ტერიტორიაზე განზრახ გაჩნდა, თუმცა მაღაზიების მეპატრონეებს უჭირთ კონკრეტული პირების ინტერესებზე საუბარი.

,,კაზინოები რატომ არ იწვება ღამის კლუბები რატომ არ იწვება? მაინცდამაინც ბაზრობები რატომ იწვება?“-ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.

მოვაჭრეები ასევე ამბობენ, რომ პროდუქტი დაზღვეული არ აქვთ და მათ ათასობით ლარის ზარალი მიადგათ.

ხანძრის ადგილზე კი მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა თბილისის მერი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი.

გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, ბაზრობაზე ვიდეოსათვალთვალო კამერები იყო დამონტაჟებული, რაც გამოძიებას ცეცხლის გაჩენის მიზეზის დადგენაში დაეხმარება.

„3000 კვადრატი უნდა იყოს მინიმუმ დამწვარი, მაგრამ ზუსტ ციფრებს ალბათ ხვალ მოგახსენებთ. იყო ადგილზე ვიდეო მონიტორინგის საშუალებები, მეთვალყურეობის კამერები, სავარაუდოდ შეიძლება დადგენა კერა საიდან გავრცელდა. გამოძიებას აქვს სამუშაო და გამოძიება გეტყვით ზუსტ პასუხს,“-განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

ბოლო ინფორმაციით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100