სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ბატონო გიორგი, თუ შერჩევითი სამართალი არ არის ის, რომ კანონი ყველაზე ერთნაირად არ ვრცელდება, მაშინ რა არის?" - გიორგი კანდელაკი გახარიას

დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა შს მინისტრს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე კორცხელისა და 2017 წელს, „ევროპული საქართველოს“ მიერ გამართული აქციის ინციდენტები შეახსენა, როცა პოლიციელები თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გახარიას მიმართა შეკითხვით, თუ აღნიშნული ინციდენტების დროს დაშავებული პოლიციელების თავდამსხმელები პასუხისგებაში მიცემულები არ არიან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის შემთხვევა არის თუ არა შერჩევითი სამართალი.

„ბატონო გიორგი, მაინტერესებს, რამეს თუ გეუბნებათ პოლიციის ოფიცრების სახელები და გვარები: გიორგი ნანობაშვილი და ლაშა კვარაცხელია. ისინი შს სამინისტროს ზუგდიდის სამმართველოში მუშაობენ. შეიძლება, ასე უცებ ვერ გაიხსენოთ და მე გეტყვით, რომ ისინი არიან ის პოლიციის ოფიცრები, რომლებიც იყვნენ კორცხელში, სადაც „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა დაჯგუფებამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დაარბია და პარლამენტის წევრები სცემა. შეიძლება, არ გახსოვთ, მათ ამ დარბევის დროს პოლიციის ამ ორ თანამშრომელს რა მოუვიდა. მე შემიძლია, შეგახსენოთ - მათ იქ სცემეს. ჩემს მეხსიერებას რომ არ ენდოთ, შეგიძლიათ, ნახოთ კადრები, სადაც ეს ჩანს - მათ პოლიციის ფორმა შემოხეული აქვთ და ისე სცემეს, რომ მათთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა გახდა საჭირო. შეიძლება, არ გახსოვთ, მაგრამ მე შეგახსენებთ, რომ ამ ორი პოლიციელის ცემის გამო საქმე აღიძრული არ არის. შეგახსენებთ, რომ მათი ცემის გამო არავის არცერთი დღე ციხეში არ გაუტარებია.

ბატონი კირკიტაძის შემთხვევისგან განსხვავებით, პოლიციელები უკანონო მითითებას კი არ ასრულებდნენ და გზას კი არ კეტავდნენ, საკუთარ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულდებდნენ და ცდილობდნენ, ცემისგან დაეცვათ, მათ შორის, ამ დარბაზში მსხდომი პარლამენტის წევრები და როცა მათ სცემეს, ამ პირებს პოლიციელის ფორმა ეცვათ.

შეიძლება, ასევე გახსოვთ 2017 წლის 17 ივლისი, აღმაშენებლის გამზირზე „ევროპული საქართველოს“ მიერ გამართული აქცია, რომელსაც „ქართულ ოცნებასთან“ სიახლოვეში შემჩნეული ექსტრემისტული დაჯგუფების წევრები დაესხნენ თავს და კადრებზე იქაც ჩანს, რომ ისინი პოლიციელებს უტყამენ, მაგრამ ჰოი, საოცრებავ, ამის მიუხედავად, არავინ დაუპატიმრებიათ. ბატონო გიორგი, თუ ეს არ არის შერჩევითი სამართალი, როცა კანონი ყველაზე ერთნაირად არ ვრცელდება, მაშინ რა არის?“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100