სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სექსი კოსმოსში – შესაძლებელი, მაგრამ ძნელი

ამერიკელმა სწავლულებმა ის მრავალრიცხოვანი პრობლემები განიხილეს, რომლებთან გამკლავებაც კაცობრიობის იმ ნაწილს მოუწევს, რომელიც ცოტა ხანში ისე იმოგზაურებს პლანეტიდან პლანეტაზე, როგორც ქალაქიდან ქალაქში და ქვეყნიდან ქვეყანაში დღეს მოგზაურობს. ჯერჯერობით, ადამიანმა მხოლოდ მთვარეზე დაადგა ფეხი. კარგა ხანია, მარსზე გამგზავრებაზე საუბრობენ, მაგრამ ეს განუხორციელებელ უტოპიად რჩება.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით პლანეტის არცერთ ქვეყანას არ ძალუძს არათუ სინათლის სიჩქარის, მასთან მიახლოებულისიჩქარის მქონე ვარსკვლავთშორისი ხომალდის შექმნაც კი, სწავლულებმა რამდენიმე საკითხზე მაინც იმსჯელეს. 30 სექტემბერს აშშ–ში ჩატარებული კონფერენცია, რომელიც სააგენტო DARPA–მ ჩაატარა, ასეც იწოდებოდა: „ასწლიან ვარსკვლავთშორის ხომალდთან დაკავშირებული სიმპოზიუმი“ (დასახელებაში იგულისხმება, რომ ხომალდს სწორედ ეს დრო დასჭირდება საფრენად).

რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში ვარსკვლავებამდე მიაღწევენ მხოლოდ იმ ასტრონავტების შთამომავლები, რომლებიც დედამიწიდან აიღებენ სტარტს. ამასთან, ისიც არაა გარკვეული, შეუძლია თუ არა ადამიანს, გადაიტანოს მსგავსი მოგზაურობა. ჯერჯერობით სწავლულებს არ შეუძლიათ შექმნან ხელოვნური გრავიტაცია მთლიანი კოსმოსური ხომალდის მასშტაბით, ეს კი კოსმოსში ხანგრძლივი მოგზაურობისთვის აუცილებელია – წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანი, უბრალოდ, დაიღუპება.

უწონადობის პირობებში, რომელშიც უწევს ყოფნა, ვთქვათ, კოსმოსური ხომალდის ეკიპაჟს, ადამიანს შეუძლია მხოლოდ განსაზღვრული დროის, ვთქვათ, რამდენიმე თვის გატარება. ამის შემდეგ ორგანიზმში გარდაუვალი ცვლილებები იწყება, რომლებმაც, შესაძლოა, ორგანიზმში ძვლების დაშლა ან სულაც, სიკვდილი გამოიწვიონ.

გრავიტაციის გარეშე შეუძლებელია შობადობის პროცესის გაგრძელებაც. ადამიანის ემბრიონი მის გარეშე ნორმალურად ვერ განვითარდება და რომც განვითარდეს, ნორმალური მშობიარობა ძალიან ძნელი იქნება. უწონადობის პირობებში ჩასახვაც პრობლემატური საკითხი იქნება.

მეცნიერებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია საკითხმა, არის თუ არა შესაძლებელი ზოგადად, სექსი კოსმოსში. „სექსი უწონადობის პირობებში ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რადგან საყრდენი არ არის და წამდაუწუმ კედლებთან გიწევს შეჯახება“, – მასაჩუსეტსის პროფესორის, ატენი ანდრეადისის ეს ციტატა „Space.com“–ს მოჰყავს.

კოსმოსში სექსის პრობლემა კარგა ხანია, მეცნიერებს ტვინს უბურღავს. გავრცელებული ხმების მიხედვით, NASA–მ ჩაატარა კიდეც ორბიტაზე მსგავსი ექსპერიმენტი, მაგრამ თვითონ ამერიკელები ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ.

სხვათა შორის, ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა უჩვენა, რომ მათთვის დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს უწონადობის ბარიერის გადალახვა. ყოველ შემთხვევაში, დადასტურებულია, რომ ვირთხებთან და თაგვებთან მიმართებაში ნამდვილად ასეა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100