სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ არის დამნაშავე ოჯახურ ძალადობაში?

ხშირად მესმის საზოგადოებასა და მედიაში ოჯახური ძალადობის პრობლემების შესახებ. ოფიციალური მონაცემებით საქართველოში, სტატისტიკურად ყოველი მე-11 ქალი, ოჯახური ძალადობის მსხვერპლია, რეალურად ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია. 21-ე საუკუნის დემოკრატიული ქვეყნის პირობებში, ვფიქრობ, საგანგაშო და სასირცხვილო შედეგია. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს მხოლოდ საქართველოში ხდება.

სიტყვათა შეთანხმება „ოჯახური ძალადობა“, არ გულისხმობს, რომ აუცილებლად ცოლსა და ქმარს შორის კონფლიქტით წარმოიშვება, ოჯახში ძალადობა შეიძლება განხორციელდეს ოჯახის ნებისმიერ წევრზე, ეს იქნება ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური თუ სექსუალური ხასიათის.

საქართველოში ყველაზე გავრცელებული ფორმა, ქალზე ფიზიკური ძალადობაა. მეზობლებში, ნათესავებში ან სამეგობროში ხშირად გექნებათ მოსმენილი ისტორიები ძალადობის უამრავ ფაქტზე.

თუმცა ეს ისტორიები ძირითადად საჭორაო თემა ხდება და არა პრობლემის გადაჭრის მიზეზი, ყველას ჰგონია, რომ ეს მათი ოჯახის საკითხია და ამ პრობლემას მომგვარებელი არ ჰყავს.

მსხვერპლი ქალი დაშინებულია, ვერ ბედავს შესაბამის ადგილამდე მისი პრობლემის მიტანას, მოძალადე რა თქმა უნდა არ ახმაურებს და სარგებლობს ამ შემთხვევით, ჩვენ კი ზეჰუმანური საზოგადოება, რომელიც ყველგან და ყოველთვის ვგმობთ ძალადობას, ასე უიმედოთ შევყურებთ და ვფიქრობთ, რომ ოჯახის საკითხებში ჩარევა ჩვენი საქმე არ არის, სწორედაც რომ ძალადობის პირველივე ფაქტის გამოვლენიდან სიტუაციაში გარკვევა ჩვენი ვალდებულებაა.

არასდროს არ მესმოდა და დღემდე არ მესმის იმ ქალების, რომლებიც ძალადობის ფაქტს მალავენ. სამსახურიდან დაბრუნებული ქმრებისგან დამცირებას, ცხოველურ მოპყრობასა და ღალატს იტანენ.

ვერ ვხვდები, ასეთ პირობებში რა აზრი აქვს მათ სიცოცხლეს. ყოველი დღე მათთვის სასოწარკვეთითა და ტკვილით გადის. არ მესმის მოღალატე ქმრების ცოლების, რომლებიც ისე იქცევიან თითქოს არაფერი ხდება, მხოლოდ იმიტომ რომ ოჯახი არ დაენგრეს, მხოლოდ იმიტომ რომ ძალადობის ეშინია. ან კიდევ იმ ქალების, რომლებიც საკუთარ ქმრებს უთვლათვალებენ, ტელეფონის ზარებსა და მესიჯებს უმოწმებენ.

არ მესმის იმ ქალების, რომლებიც ქმრების საყვარლებს იბარებენ, სკანდალებს ტეხავენ, კმაყოფილები ბრუნდებიან სახლში და სიამაყით ყვებიან მეგობრებსა და ნათესავებში. არ მესმის იმ ქალების, რომლებიც ამ ყველაფრის შემდეგ ისევ თავზე ევლებიან ქმრებს, წინდებს ურეცხავენ და უარს არაფერზე ეუბნებიან.

მოძალადე ქმრების გამოსწორება ხომ პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ ვფიქრობ, პირველივე შემთხვევიდან სჯობს მოხდეს რეაგირება, ამბის შესაბამის უწყებამდე მიტანა.

ჩემი აზრით, კაცი, რომელიც თავს ვერ იმკვიდრებს საზოგადოებაში, არ აქვს იმის უნარი და საშუალება, რომ გახდეს საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი, სწორედ ეს ხდება მოძალადე.

ეს გარკვეულწილად თვითოეული ჩვენგანის ბრალია, რადგან ჩვენ არ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ სხვა ადამიანებს საზოგადოებაში საკუთარი თავის დამკვიდრებაში. პრობლემები ჩნდება სამსახურებიდანაც, როცა მენეჯერს ცუდი დამოკიდებულება აქვს თანამშრომლების მიმართ, ისინი მაშინვე ვერ პასუხობენ და ოჯახებში უწევთ მათი ემოციების დემონსტრირება, რასაც ეწირება ამდენი ადამიანი.

ყველა შემთხვევაში პრობლემის გადაჭრის გზა არის საზოგადოებაში, ვიყოთ მაქსიმალურად კეთილგანწყობილნი ერთმენეთის მიმართ, ვიყოთ სამაგალითო მენეჯერები და რაც მთავარია ძალადობის შემთხვევის პირველივე გამოვლენისთანავე მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება და გვახსოვდეს, რომ ამით სერიოზული ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზიანი ადგება, როგორც მსხვეპლს ისევე ოჯახის სხვა წევრებს, მაგ. ბავშვებს, რომელთაც ეს ფსიქოლოგიური დარღვევა მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვებათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100