როგორ რეაგირებენ მიწისძვრაზე ტელეწამყვანები საქართველოში და უცხოეთში (ვიდეო)
დღეს, 08:40 საათზე მომხდარი მიწისძვრის დროს პირდაპირ ეთერში იმყოფებოდნენ რუსთავი 2–ის წამყვანები. მიწისძვრას პანიკა არ გამოუწვევია და მათ გადაცემის წაყვანა განაგრძეს (იხ. თანდართული ვიდეო)
სხვადასხვა ქვეყნებში პირდაპირ ეთერში მომხდარი მიწისძვრისას წამყვანების უმეტესობა სტუდიას არ ტოვებს და გადაცემის წაყვანას აგრძელებს. მიუხედავად იმისა, რომ მიწისძვრის სიმძლავრე ხშირ შემთხვევაში გაცილებით დიდია.
აშშ–ში, ინდიანას შტატის ქალაქ ევანსვილში 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იმ დროს მოხდა, როდესაც საინფორმაციო გამოშვებაში ამინდის პროგნოზს აცხადებდნენ. წამყვანმა გადაწყვიტა, არ შეეჩერებინა გადაცემა და ამინდზე საუბარი გააგრძელა, წამყვანის უკან კი კადრებში ჩანს, თუ როგორ ირყევა მთელი ქალაქი.
TheRealNews-ის წამყვანი პირდაპირ ეთერში ესაუბრებოდა სტუმარს, როდესაც მიწისძვრა მოხდა. წამყვანი მაყურებელს დაემშვიდობა და მხოლოდ მას შემდეგ დატოვა სტუდია, რაც ტელევიზიის სხვა თანამშრომლებმა შენობის დატოვება დაიწყეს.
2005 წლის 8 ოქტომბერს მიწისძვრა მოხდა პაკისტანში. გადაცემის წამყვანი სტუდიაში ორ სტუმართან ერთად იმყოფებოდა. ისინი ადგილიდან არ დაძრულან, სამივე მათგანმა ლოცვა დაიწყო. საბოლოოდ შუქი ჩაქრა, რის შემდეგაც სტუმრებმა და წამყვანმა სტუდია დატოვეს.
2008 წლის 12 მაისს ჩინეთში, ჩენგდუს პროვინციაში, იმდენად მძლავრი მიწისძვრა მოხდა, რომ მსხვერპლის რაოდენობამ 80 000–ს მიაღწია. ერთ–ერთი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ამ დროს პირდაპირ ეთერში იმყოფებოდა, მიწისძვრის დაწყებისთანავე ის პანიკაში ჩავარდა და სტუდია დატოვა. ამის შემდეგ კადრებში ჩანს, თუ როგორ ირყევა მაგიდა, რომლის დაძვრასაც, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, მინიმუმ ოთხი ადამიანის ძალა ჭირდება.
წყარო - "ნეტგაზეთი"
კომენტარი