მოსკოვში ჩაცხრილეს „კანონიერი ქურდი“, რომელსაც დაბადების დღეზე „სპეცრაზმმა დაუჩოქა“
მოსკოვში ცნობილი აზერბაიჯანელი „კანონიერი ქურდი“ ქურდი ალი გეიდაროვი ჩაცხრილეს.
40 წლის გეიდაროვს კრიმინალურ წრეებში ალბერტ „რიჟას“ მეტსახელით ოცნობდნენ.
მკვლელობა მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთში, ელიტურ საცხოვრებელ კომპლექსთან (Alye Parusa) მოხდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ალი გეიდაროვი რუსული FSB-ს სამიზნეს წარმოადგენდა. ეს მას შემდეგ, რაც „კანონიერი ქურდის“ დაბადების დღეზე მისმა გარემოცვამ უჩვეულო პერფორმანსი მოაწყო – იანვრის ბოლოს ალი გეიდაროვმა 40 წლის იუბილე აღნიშნა ოდინცოვის რესტორან “ოჩაგში”. მოულოდნელად რესტორნაში „ომონის“ ფორმაში გამოწყობილი მებრძოლები შეიჭრნენ და როგორც კი სტუმრები ხელებაწეულნი, იატაკზე დაწოლას აპირებდნენ, უჩვეული სანახაობის მომსწრენი აღმოჩნდნენ – სპეცრაზმმა იუბილარის წინაშე დაიჩოქა.
სინამდვილეში ეს „კანონიერი ქურდის“ საპატივსაცემოდ დადგმული კოსტუმირებული პერფომანსი აღმოჩნდა, რომლის ამსახველი ვიდეო სტუმრებმა თავადვე გაავრცელეს.
ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჩანაწერი ყველა რესურსიდან წაშლილია, FSB-მ კი ალი გეიდაროვზე ნადირობა გამოაცხადა.
ალი გეიდაროვი „კანონიერ ქურდად“ 2012 წელს „აკურთხეს“. ის აზერბაიჯანული კლანის გავლენიან ლიდერად მიიჩნეოდა.
კომენტარი