სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი დონაძე: „სალოტბარო სკოლები თავის სათქმელს იტყვის ქართული ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში“

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის შემოქმედებითი საქმიანობა მრავალმხრივია. იგი მოიცავს ქართული ხალხური მუსიკის, საეკლესიო გალობის, ზეპირსიტყვიერების, ქორეოგრაფიისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულებით განხოციელებულ არაერთ პროექტს. მათ შორის უმნიშვნელოვანეს პროექტი, რომელიც საქართვეოს რეგიონებში სალოტბარო სკოლების გახსნასა და ფუნქციონირებას გულისხმობს, კვლავ გრძელდება. რამდენიმე დღის წინ, ცაგერის კულტურის ცენტრში, სალოტბარო სკოლა საზეიმოდ გაიხსნა. მნიშვნელოვანია, რომ რიგით 21-ე სკოლამ ფუქნციონირება მარტში დაიწყო და საკმაოდ წარმატებულადაც.

როგორც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში აცხადებენ, სალოტბარო სკოლების არსებობა, ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ტრადიციული მუსიკის დაცვის, შენარჩუნებისა და პოპულარიზაციისთვის. სკოლებში ყველა მსურველს საშუალება ეძლევა უფასოდ შეისწავლოს ქართული ტრადიციული სიმღერა და გალობა; ამიტომაც ცენტრის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად კვლავინდებურად სკოლები რჩება. ამჟამად მთელ საქართველოში, 21 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც 800-მდე მოსწავლე უფასოდ ეუფლება ქართულ სიმღერასა და გალობას.

"ჩვენთვის, პრიორიტეტი იყო და არის სალოტბარო სკოლები, რომელთა გასახსნელად მზადება 2014 წელს დავიწყეთ, 2015 წელს კი, ირველი სალოტბარო სკოლა ხობში გაიხსნა, ამას მოჰყვა რამდენიმე სხვა რეგიონიც. 2019 წლის ბოლოსთვის 24 სალოტბარო სკოლა გვექნება. ვფიქრობთ, ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს ჩვენს სკოლებში ეუფლებიან ტრადიციული მუსიკის ენას, სულ მალე იტყვიან თავიანთ სათქმელს, ამ სფეროს განვითარებისა და პოპულარიზაციისათვის. ბოლო დროს, თითქმის ყველა ანსამბლმა თბილისში მოიყარა თავი. ადრე პირიქით იყო. ახლა გურიაში კონცერტისთვის კრიმანჭულის მთქმელებს თბილისიდან ვაგზავნით! გვინდა, სპეციალისტები რეგიონებში, სკოლებში დავასაქმოთ. ოზურგეთს უდიდესი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ფოლკლორის ცენტრი აქვს, საკუთარი საკონცერტო, საგამოფენო დარბაზებითა და ხმის ჩამწერი სტუდიით. ეს იმისთვის­ გაკეთდა, რომ თბილისიდან რეგიონებს­ დავუბრუნოთ პროფესიული კადრები, “ - აღნიშნავს ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე.

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინფორმაციით, წელს, სკოლების გახსნა ცაგერის გარდა, დაგეგმილია სხვა რეგიონებშიც. მნიშვნელოვანია, რომ სალოტბარო სკოლებში პროფესიონალი და გამოცდილი სპეციალისტებია დასაქმებული, ამასთან, ფოლკლორის ცენტრი პედაგოგთა პროფესიული დონის ამაღლებაზეც ზრუნავს. აღნიშნული პროექტის განხორციელებაში ცენტრს ხელს უწყობენ და ეხმარებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

სალოტბარო სკოლების მნიშვნელობაზე საუბრობენ ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტები და აღნიშნავენ, რომ „ეროვნული ცნობიერების გაღვივებასა და იდენტობის შენარჩუნების საქმეში, საქართველოს რეგიონებში სალოტბარო სკოლების მნიშვნელობა, შეიძლება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მნიშვნელობასაც შევადაროთ, რადგან, ქართული სიმღერა-გალობის მომავალ თაობებზე გადაცემა უზარმაზარი ეროვნული საქმეა. მადლობა მათ, ვინც ასეთი დიდი საქმე ითავეს, პირველ რიგში ანზორ ერქომაიშვილს, გიორგი დონაძეს; საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს. სასიამოვნოა, რომ უკვე 21 სკოლა მოქმედებს საქართველოში, რომლებშიც პროფესიონალი ლოტბარები და რეგენტები ასწავლიან"

2015 წელს, საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა, 2001 წელს იუნესკოს მიერ არამატერიალური კულტურის ძეგლად აღიარებული ტრადიციული ქართული სიმღერის გადარჩენის, მოვლისა და პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ყველა რეგიონის მუნიციპალურ ცენტრსა და თვითმმართველ ქალაქში სალოტბარო სკოლების გახსნა ეტაპობრივად დაიწყო. 2016 წლისათვის ყველა სალოტბარო სკოლას საჩუქრად გადაეცა საკრავები, ინვენტარი და გაიმრთა ინფრასტრუქტურა. ფოლკლორის ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიზანია: ეთნოფორებთან მუშაობა, ფოლკლორული მასალების მოძიება, ჩაწერა-დაფიქსირება, არქივის შექმნა და ბაზის გამდიდრება. ადგილობრივი ცენტრების საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი მხარეა მომავალი თაობისათვის სწავლება, ადგილობრივი კადრებისა და სპეციალისტების აღზრდა, ტრადიციული მუსიკის შესრულებაში დიალექტური თავისებურებების შენარჩუნება. ამ მიზნით, უკვე გახსნილ წარმომადგენლობებში შექმნილია სალოტბარო სკოლები - სიმღერა-გალობის განყოფილებები, მალე გაიხსნება ქორეოგრაფიის, ზეპირსიტყვიერებისა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნოები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100