სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთ–იაპონიის დავა განახლდა

რუსეთსა და იაპონიას შორის, კურილიის კუნძულების გამო იაპონიის ტრაგედიის გამო დროებით მინავლებული დავა კვლავ განახლდა. ოფიციალურმა ტოკიომ უკმაყოფილება რუსი მაღალჩინოსნების კუნძულებზე მორიგი ვიზიტის გამო გამოთქვა. იაპონელებმა საგარეო საქმეთა სამინისტროში მეზობელი ქვეყნის ელჩიც კი დაიბარეს, რათა მისთვის საკუთარი უკმაყოფილების შესახებ პირადად განეცხადებინათ.

რუსები კი ირწმუნებიან, რომ კურილიაში ვიცე–პრემიერ ივანოვის ვიზიტი სამუშაო ხასიათს ატარებდა და პროვოკაციაში მეზობლებს აქეთ ადანაშაულებენ. როგორც ცნობილია, უკანასკნელ ხანს იაპონია რუსი მაღალჩინოსნების გახშირებულ ვიზიტებზე ქვეყნის უკიდურეს აღმოსავლეთში განსაკუთრებით მწვავედ რეაგირებს.

როგორც ცნობილია „ამომავალი მზის ქვეყანა“ კურილიის კუნძულებს დღემდე იაპონიის ჩრდილოეთ ნაწილად და საკუთარ დაკარგულ ტერიტორიად განიხილავს. ტოკიო განსაკუთრებით გასული წლის ნოემბერში პრეზიდენტ მედვეევის კუნძულებზე ვიზიტმა ააღელვა. მაშინ განრისხებულმა იაპონიამ მოსკოვიდან რამდენიმე დღით საკუთარი ელჩიც კი გაიწვია.

მოსკოვი კი თავის მხრივ აცხადებს, რომ კურილიის საკითხის განხილვას არ აპირებს და რუსი მაღალჩინოსნები იქ სამუშაო ვიზიტებს გააგრძელებენ, მიუხედავად ტოკიოს რეაქციებისა. ეს უკანასკნელი კი, სამომავლოდ ვითარების შესაძლო ესკალაციასთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობას მთლიანად რუსულ მხარეს აკისრებს.

კვირას სერგეი ივანოვი და რუსული დელეგაცია კუნძულ იტურუპზე იმყოფებოდა. იტურუპი ერთერთია იმ ოთხ კუნძულთანაგან, რომელსაც იაპონია და რუსეთი ერთმანეთს ეცილებიან. რუსეთის პოზიცია არის ის, რომ ეს კუნძულები საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შევიდა და შესაბამისად, რუსეთს მასზე საერთაშორისო სამართლებრივი უფლებები აქვს. თუმცა, ტოკიო მიიჩნევს, რომ საკითხი გადახედვას ექვემდებარება. მივა თუ არა რუსულ–იაპონური დაპირისპირება ომამდე, ძნელი სათქმელია, თუმცა სერიოზული კონფლიქტის ნიშნები ბოლო თვეებში მნიშვნელოვნად გამოიკვეთა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100