სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მსოფლიო პატრიარქი "აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის საბჭოს" მიღებას კატეგორიულად უარყოფს

საქართველოს საპატრიარქო აფხაზურ ვებ-გვერდზე apsnypress.info გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "პირWელი" უცვლელად გთავაზობთ.

"აფხაზურ საიტზე apsnypress.info გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიმდინარე წლის 9 იანვარს მისმა ყოვლადუწმინდესობამ, მსოფლიო პატრიარქმა ბართოლომეოს I თავის რეზიდენციაში ე.წ. "აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის საბჭო" მიიღო, რომლის შემადგენლობაშიც არქიმანდრიტი დოროთე (დბარი), მღვდელმონაზონი ანდრია (ამფარი), იეროდიაკონი დავითი (სარსანია), თემურ ძიძარია და გერმანე მარშანია შედიან. აღნიშნულის გამო საქართველოს საპატრიარქო მსოფლიო პატრიარქის მთავარ მდივანს, არქიმანდრიტ ბართლომეს (სამარასი) დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ეს შეხვედრა პირადად მან დანიშნა, რადგან აფხაზთა მხრიდან გამოგზავნილი იყო არაერთი წერილი მსოფლიო პატრიარქთან აუდიენციის თხოვნით და როგორც ამის მსურველ ნებისმიერ ქრისტიანს, აღნიშნულ პიროვნებებსაც საუბრის შესაძლებლობა მიეცათ.

არქიმანდრიტმა ბართლომემ კატეგორიულად უარყო მსოფლიო პატრიარქისგან "აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის საბჭოს" წევრების მიწვევის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია და თქვა, რომ არ არის სწორი, ამ ფაქტს მსოფლიო პატრიარქთან "ოფიციალური ვიზიტი" ან თუნდაც "ოფიციალური შეხვედრა" ეწოდოს. მან ასევე განაცხადა შემდეგი:

კონსტანტინეპოლის სინოდზე გარკვევით ითქვა, რომ აფხაზეთი ტერიტორიულად საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ხოლო აფხაზეთის ეკლესია საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში შედის.

აქედან გამომდინარე, აფხაზი სამღვდელოების საკითხი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პრეროგატივას სრულიად წარმოადგენს. დაწვრილებით ინფორმაციას კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II მსოფლიო საპატრიარქო უახლოეს მომავალში მიაწვდის", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100