ზუგდიდის კლინიკაში "გარდაცვლილთა სულების ხეტიალზე" მთავარმა ექიმმა ირონია ვერ დამალა (ვიდეო)
ინტერნეტგამოცემა “tspress.ge”-მ ჯერ საკუთარ პორტალზე, ხოლო შემდეგ ვიდეოპორტალ „იუთუბზე“ გამოაქვეყნა ვიდეორგოლი („უცნაურობები ზუგდიდის საავადმყოფოში“ (სტილი დაცულია -რედ.)), სადაც აღწერილია ზუგდიდის წმინდა ლუკას სახელობის სამედიცინო ცენტრში ბოლო დღეების განმავლობაში „აღმოჩენილი“ უცნაური ხმების შესახებ, რომლებიც პაციენტებსაც ესმოდათ და ექიმებსაც. ვიდეორგოლის აღწერილობაში ნათქვამია, რომ „მიშველეთ, ჯონის სული ვარ“ და მსგავსი შინაარსის ხმები სამი დღის განმავლობაში ისმოდა, რამაც პაციენტთა ნაწილი აიძულა, საავადმყოფო ვადაზე ადრე დაეტოვებინათ.
„რა ვიცი, ალბათ, ვიღაც ჯონის სული იყო, ყველა შეშინებული დარბოდა“, - ამბობს ვიდეოში ერთი პაციენტი.
„ხმები მეც გავიგე, მაგრამ არაფერი არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით, კუდში ნუ დამდევთ“, - ეუბნება ჟურნალისტს მედპერსონალის წარმომადგენელი, ხოლო კლინიკის მთავარი ექიმი როლანდ ახალაია უცნაური ხმების არსებობას, სამაშველო და საპატრულო ბრიგადების გამოძახებას ადასტურებს, მაგრამ ხმების ზებუნებრივ წარმომავლობაზე სიცილს ვერ იკავებს:
„სავარაუდოდ, ეს სავენტილაციო სისტემების ხმაური იყო. იქ სხავადასხვა ზომის ფილტრებია დაყენებული, რომლებიც სხვადასხვაგვარ ხმაურს გამოსცემს, სულ ეგაა. არანაირი ზებუნებრივი და ზეციური წარმომავლობა ამ ხმებს არა აქვთ. მე იქ ვიყავი ორი დღის განმავლობაში, მაგრამ სულები არ გამომლაპარაკებიან“, - არცთუ ირონიის გარეშე ამბობს ახალაია და ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ გახდა საჭირო სამაშველო და საპატრულო სამსახურის გამოძახება, პასუხობს:
„ეს იმით იყო განპირობებული, რომ პაციენტებში ამ ხმებმა, გარკვეულწილად, ეიფორია გამოიწვია. სწორედ იმიტომაც გამოვიძახეთ საპატრულო პოლიცია და მაშველები, რომ ყველა დარწმუნებულიყო გავრცელებული ხმების უსაფუძვლობაში. არასწორია ინფორმაცია იმის შესახებაც, თითქოს პაციენტებმა საავადმყოფო ვადაზე ადრე დატოვეს. არავინ არსად არ წასულა, ყველა თავის ადგილზეა და ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს“.
სინამდვილეში, როგორც „დრონი.ჯი“-მ ზუგდიდში გაარკვია, საქმე ბევრად უფრო მარტივად გახლდათ, ვიდრე საავადმყოფოს „ტალანებში“ გარდაცვლილთა სულების ბორიალია: როგორც ცნობილია, ზუგდიდში ამ დროისთვის ბევრგან მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, ასევე ბევრგან გადათხრილია ქუჩები, რადგან დაწყებულია ქალაქის ყველა უბანში ბუნებრივი აირის შეყვანის პროცესი. ზოგ ქუჩაზე საკანალიზაციო ჭები თავმოხდილია და მხოლოდ სიმბოლურადაა მინიშნებული, რომ იქ ღია ადგილია.
ერთ-ერთ ასეთ საკანალიზაციო ჭაში რამდენიმე დღის წინ, სავარაუდოდ, ნასვამი მამაკაცი, ვინმე ჯონი ჩავარდა. როგორც ჩანს, შემთხვევა ღამით მოხდა. ეს საკანალიზაციო ჭა ისედაც არცთუ ხალხმრავალ ადგილას მდებარეობდა, მიმდინარე სამუშაოების გამო კი მოსახლეობა მას კიდევ უფრო შორიდან უვლიდა გვერდს, ვიდრე სხვა დროს. აქედან გამომდინარე, ვერავინ გაიგონა მამაკაცის ყვირილი ვერც ჭაში მისი ჩავარდნის ღამეს და ვერც მეორე დღეს. საბოლოოდ, ჯონმა საკანალიზაციო ჭაში ორი დღე გაატარა და, ბუნებრივია, მთელი ამ ხნის განმავლობაში ხან ყვირილით უხმობდა ვინმეს საშველად, ხანაც გაჰყვიროდა, მოვკვდები, თუ არ მიშველითო. იმის გამო, რომ სწორედ ამ საკანალიზაციო ჭაში გადიოდა მილები, რომლებიც არხთან კლინიკას აკავშირებდა, და იმის გამოც, რომ საკანალიზაციო მილების მეშვეობით ხმაური საკმაოდ დიდ მანძილზე, თანაც, ექოს სახით გადაეცემა, ჯონის განწირული ყვირილი მეგრულ ენაზე და ფრაზები:„მიშველეთ, თორემ მოვკვდები!“; „ჩემი სული არ გაპატიებთ!“; „მშია, ქრისტიანები არ ხართ?“; „ჯონი ვარ, ჯონი, არ მომკლათ, ამომიყვანეთ აქედან!“ - მთელი საავადმყოფოს მასშტაბით ისმოდა და ზოგან საკმაოდ გარკვევითაც...
ვინმე ჯონი საკანალიზაციო ჭიდან მეორე დღის საღამოს ამოიყვანეს. ბოლოს და ბოლოს, მისი ხმა ერთ-ერთმა გამვლელმა გაიგო და, როცა სიტუაციაში გაერკვია, საპატრულო პოლიციას დაურეკა. ჭაში ჩავარდნილმა მამაკაცმა იქ, საერთო ჯამში, თითქმის 48 საათი გაატარა. როგორც თვითმხილველმა „დრონი.ჯი“-ს უთხრა, ჭიდან ამოყვანისთანავე, სამადლობელი სიტყვების წალუღლუღების შემდეგ ჯონმა ხმამაღლა და უწმაწურად დაიგინა, რომ ცხოვრებაში წვეთს აღარ დალევდა...
"დრონი.ჯი"-მ ისიც გაარკვია, რომ ზემოთხსენებული ხმების გამო პაციენტთა ნაწილის შეშფოთება იმდენად დიდი გახლდათ, რომ მათი ინიციატივით, დაწესებულებაში მღვდელმსახურიც მიიყვანეს და სპეციალური რიტუალი ჩაატარებინეს, რათა, როგორც ამ აქციის ერთ-ერთმა ინიციატორმა განაცხადა, "კლინიკაში დაბუდებული ავი სულები დაეფრთხოთ..."
კომენტარი