სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პატრიარქი: ეს ტაძარი სასწაულს გვიჩვენებს და რუსეთ-საქართველოს შორის მშვიდობა აღდგება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე იმედოვნებს, რომ დარიალის ხეობაში აგებული მამათა სამონასტრო კომპლექსი "სასწაულს გვიჩვენებს" და საქართველოსა და რუსეთს კვლავ მშვიდობიან ურთიერთობას მოუტანს. პატრიარქის აზრით, სწორედ აქ შეიძლება, გაიმართოს მოლაპარაკებები ქვეყნების ლიდერებს შორის.

ამის შესახებ პატრიარქმა დღეს დარიალის ხეობაში მამათა მონასტრის კურთხევის შემდეგ ქადაგებისას ბრძანა.

"უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: "კლდესა ამასა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას. ასეთი ტაძარი აშენდა კლდესა ზედა და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ბჭენი ჯოჯოხეთისანი” მას ვერ მოერევიან. ყველას მივულოცავ ამ ბედნიერ დღეს. საუკუნეების განმავლობაში ელოდა ქართველი ხალხი ამ ბედნიერ დღეს, როცა აქ - საქართველოს კარიბჭეში წმინდა მთავარანგელოზების მიქაელისა და გაბრიელის სახელობის ტაძარი აშენდებოდა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, უფრო მეტად - სულიერი: მთავარანგელოზები მიქაელი, გაბრიელი, რაფაელი და სხვები ხომ მფარველები არიან ყოველი ადამიანებისა და საქართველოსი. თუმცა ამ ტაძარს, სულიერის გარდა, სხვა მნიშვნელობაც აქვს: ეს იქნება ციხესიმაგრე, როგორც თამარ მეფის დროს. ამასთან, იგი რუსეთის საზღვართან არის აგებული, რუსეთში კი უმრავლესობა მართლმადიდებელია და როდესაც იქიდან სტუმარი შემოვა, ის ნახავს, რომ შემოვიდა მართმადიდებელ, მშვიდობიან ქვეყანაში. ეს წმინდა ტაძარი იქნება თავშესაფარი ყოველი მგზავრისა. აქ შედგება მოლაპარაკებები ქვეყნების მეთაურებს შორის, - ასეთი მაღალი დონის იქნება ეს მონასტერი. ვფიქრობ, ეს ტაძარი სასწაულს გვიჩვენებს და ჩვენი ქვეყნები ისევ მშვიდობიან ურთიერთობაში იქნებიან", - ბრძანა პატრიარქმა.

აღსანიშნავია, რომ უწმინდესმა ამ ტაძარში დღეს წირვა პირველად შეასრულა და მას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა. ილია მეორემ ამის გამო კმაყოფილება გამოთქვა, პრეზიდენტს ტაძრის კურთხევა მიულოცა და მასა და სრულიად საქართველოს მთავარანგელოზი მიქაელის მფარველობა უსურვა.

თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა პატრიარქს მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ტაძარი ქვეყნის საერო და სასულიერო ხელისუფლებების თანამშრომლობის შედეგია.

"მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც კერძო შემოწირულობა გაიღო ამ ტაძრის აღმშენებლობისათვის, მაგრამ ძირითადი დაფინანსება წამოვიდა საქართველოს მთავრობისგან. ბოლო რამდენიმე თვე, როცა თბილისში ზოგიერთი პოლიტიკოსი ძალიან აქტიურად (სხვა სიტყვა ამას არ ჰქვია) ლაყბობდა და ყიყინებდა იმის შესახებ, როგორ "ებრძვის ეკლესიას საქართველოს მთავრობა", ჩვენ ვაშენებდით ეკლესიებს. ჩვენ ვაშენებთ ეკლესიებს და ასე გავაგრძელებთ მომავალში, ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს. ეს არის საქართველოს უმთავრესი სულიერი მემკვიდრეობა, ეს არის საქართველოს იდენტურობის პასპორტი და ამ მემკვიდრეობის გაფრთხილება და მოვლა ჩვენი უმთავრესი მოვალეობაა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დარიალის ხეობაში მამათა სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა 2005 წელს დაიწყო. გუშინ ყოველთა ქართველთა წმინდანთა სახელობის ტაძარი ეკურთხა, დღეს კი წმინდა მთავარანგელოზების მიქაელისა და გაბრიელის სახელობის ტაძარში წირვა აღევლინა.

დაგეგმილია ასევე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობა. გარდა ამისა, სამონასტრო კომპლექსში 150 ბერისა და მორჩილისთვის კელიები, სასტუმრო და საპატრიარქო რეზიდენცია აშენდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100