სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ და რაზე გაყიდეს „ნატო“?

„დრონი.ჯი“-მ შეაგროვა იმ პოლიტიკოსთა გამონათქვამები ნატოს შესახებ, რომლებიც გუშინ ამ ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანებას უჭერდნენ მხარს, დღეს კი - საქართველოს ნატოში შესვლის კატეგორიული წინააღმდეგები არიან. თუ რატომ, ეს მხოლოდ ეშმაკმა, მათ და ოკუპანტებმა იციან...

ზურაბ ნოღაიდელი (გუშინ): საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში გაერთიანების გარდა, სხვა გზა არა აქვს. ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი, გარანტი იმ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, რომელიც ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან გვემუქრება და ეს საფრთხეები რეალურია (2005 წ.).

ზურაბ ნოღაიდელი (დღეს): ნატო არ არის საქართველოსთვის პანაცეა. ამ ეტაპზე ნატოში შესვლაზე ფიქრიც ზედმეტია. ამ ეტაპზე აუცილებელია რუსეთთან ურთიერთობის დალაგება. რუსული ბაზრის დაბრუნება. არანაირი საფრთხე რუსეთისგან არ გვემუქრება. (2009 წ.).
ნინო ბურჯანაძე (გუშინ): საქართველო აუცილებლად შევა ევროკავშირშიც, ნატოშიც და შიდა კონფლიქტებსაც ამ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით მოვაგვარებთ. ცხადია, რუსეთიც იქნება ამ პროცესში ჩართული, ოღონდ, როგორც დაინტერესებული მხარე კონფლიქტის შენარჩუნებისა და რიგითი მოთამაშე და არც წამყვანი და ჰეგემონი, როგორც დღეს არის. ნატო არის უალტერნატივო ვარიანტი საქართველოს განვითარებისა და მომავალი უსაფრთხოებისა. (2006 წ.).

ნინო ბურჯანაძე (დღეს): საქართველომ უნდა ეძებოს ქვეყნის გადარჩენის გზები და საშუალებები, ერთ-ერთი ასეთი საშუალება, რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, რუსეთის ხელისუფლებასთან ნორმალური დიალოგის გამართვაა, რასაც ხელისუფლება ვერ ახერხებს, და ვერც მოახერხებს. სამაგიეროდ, ჩვენ უნდა შევძლოთ ეს. ფაქტია, რუსეთის გარეშე ტერიტორიების დაბრუნებაზე ფიქრიც უტოპიაა და არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, არც ერთი დიდი სახელმწიფო, რუსეთს არ გადაიმტერებს. ამაში, მგონი, 2008 წლის აგვისტომ დაგვარწმუნა. (2009 წ.).

კობა დავითაშვილი (გუშინ): რუსეთი მუდამ იყო, არის, იქნება საქართველოს მტერი. ის არც ტერიტორიებს დაგვიბრუნებს და სხვა თუ არ წაგვართვა მაგარი ვაჟკაცობა უნდა ამას, რუსული საფრთხის სამუდამოდ თავიდან მოსაცილებლად აუცილებელია ნატო-ში სასწრაფოდ გაწევრიანება, ნატო არის ერთადერთი, უალტერნატივო გამოსავალი, რომ რუსული საფრთხეები ავიცილოთ სამუდამოდ თავიდან და ქვეყანა განვითარდეს. (2004 წ.).

კობა დავითაშვილი (დღეს): ნატო-ში ეფემერულ გაწევრიანებას, ისევ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება სჯობია. რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება მოგვცემს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსს. (2010 წ.)
კახა კუკავა (გუშინ): ნატო საქართველოს გადარჩენისა და განვითარების ერთადერთი შანსია. ცხადია, ნატო იქნება მთავარი გარანტი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენისა. ეჭვიც არ მეპარება, რომ შევალთ ნატო-ში და რაც შეიძლება მალე. (2005 წ.)

კახა კუკავა (დღეს): ნატო არ დაიცავს საქართველოს უსაფრთხოებას, ნატო-ში არც არავინ გვღებულობს და არც აპირებენ, რომ მიგვიღონ ახლა, მთავარია, რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება, რაღაც მინიმუმის გაკეთება - საჰაერო მიმოსვლის აღდგენა და ა.შ. (2010)

ზვიად ძიძიგური (გუშინ): მე არ მესმის იმ პოლიტიკოსებისა რუსეთისკენ რომ გვექაჩებიან, იმ რუსეთისკენ, რომელმაც 1991-92 წლებში ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება დაამხო იარაღით და თბილისში შევარდნაძის პრორუსული ხროვა დასვა. ამ ხალხს უნდა, საქართველო ისევ იმ ბნელში და უკუნში დაბრუნდეს, რომელშიც რუსეთმა შეათრია. რუსეთმა წაგვართვა აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი, მაგრამ მათ დავიბრუნებთ. ამის ერთადერთი გზა კი ნატო-ში შესვლაა, ევროკავშირში შესვლაა. (2005 წ.).

ზვიად ძიძიგური (დღეს): რუსეთში, კრემლშია საქართველოს პრობლემების მოსაგვარებელი საშუალებები, იქ არის ის გასაღები, პერსპექტივაში, აფხაზეთისა და ცხინვალის პრობლემებსაც რომ მოაგვარებს. ოღონდ, ვაღიარებ, ეს არც თუ უახლოესი პერსპექტივაა და დიდი ძალისხმევაა საჭირო. (2009 წ.)

სალომე ზურაბიშვილი (გუშინ): საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება არის ერთადერთი რეალური შანსი, ქვეყანა სამუდამოდ იქნეს დაცული გარე საფრთხეებისგან. არ ვიცი როდის, მაგრამ ნატო-ში უეჭველად მიგვიღებენ. ეს არ არის ის ორგანიზაცია, რომელიც ტყუილად რამეს შეგვპირდება. თქვეს მიგიღებთო და მიგვიღებენ. (2005 წ.).

სალომე ზურაბიშვილი (დღეს): ნატომაც და ამერიკამაც მოგვატყუეს, უკაცრავად და „გადაგვაგდეს“. გვერდით მხოლოდ საფრანგეთი დაგვიდგა, ევროკავშირი, მაგრამ საფრანგეთმა და სარკოზიმ გაიგიჟეს თავი, ხომ ნახეთ? სარკოზიმ შეაჩერა რუსის ტანკები. ნატოს და ამერიკას არაფერი გაუკეთებია და არც ბათუმში ამერიკული სამხედრო კრეისერის შემოსვლით გახეთქია გული ვინმეს. მე ისიც არ მჯერა, რომ საერთოდ მიგვიღებენ ნატო-ში. ( 2008 წ.).


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100