ესპანეთში მყოფი ქართველები ტერაქტის დეტალებს იხსენებენ
ბარსელონაში მყოფი ქართველები გუშინ მომხდარ ტერაქტს იხსენებენ. ერთ-ერთი ქართველის, ივანე გაზდელიანის თქმით, ქალაქში დაძაბულობაა და ქუჩებში აღარავინ არის.
”კატალონია მთლიანად გადაკეტილია. მაღაზიაში შევდიოდი, რა დროსაც დაიწყო ხმაური. ზუსტად 2 წუთში, ხალხის დიდი ნაწილი დავინახე, რომ მირბოდა. უცბად ძალიან ბევრი სპეცრაზმელი და პოლიციელი გამოჩნდა და დაიწყო სროლა. საათნახევარი ვიყავით მაღაზიაში ჩაკეტილები, რის
შემდეგაც პოლიციის თანხლებით მიგვიყვანეს მეტროსადგურამდე და მშვიდად დავბრუნდით სახლში”,- განაცხადა გაზდელიანმა.
კიდევ ერთი ქართველის, ზვიად ჭკადუას თქმით კი, ტერაქტის დროს პარალელურ ქუჩაზე, 100 მეტრის რადიუსში იმყოფებოდა.
”პარალელურ ქუჩაზე ვიყავით, რა დროსაც გავიგე ხმაური. დაიწყო პანიკა. პოლიციამ გვიბრძანა ყველას, რომ თავი შეგვეფარებინა”, - აღნიშნა ჭკადუამ.
ბარსელონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ინტერვიუს ”რუსთავი 2” ავრცელებს.
წუხელ ბარსელონას ცენტრში, ლას რამბლაზე სატვირთო ავტომობილი ხალხის მასაში შევარდა. ესპანეთის პოლიციამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. სისხლიან თავდასხმას ბოლო მონაცემებით, 13 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი
დაშავდა. როგორც „როიტერი“ იუწყება, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
კომენტარი