სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"შეუმჩნეველი" პოლიტიკური ავანტიურა "ვეფხისტყაოსანში"

“ვეფხისტყაოსნის” ლეიტმოტივი სიყვარულია, როგორც მიჯნურობის, ისე მეგობრობის ფორმით. პოემაში ეს თემა ისეთი დომინანტურია, რომ მკითხველმა შესაძლოა ნაკლები ყურადღება მიაქციოს სხვა, “გვერდით” საკითხებს. ამ ნაშრომში ვისაუბრებ სწორედ ერთ ასეთ გვერდით თემაზე. საქმე ეხება დიდ პოლიტიკურ ინტრიგას ინდოეთის მეფის ფარსადანის კარზე, რომელ ინტრიგაშიც პოემის მთავარ პროტაგონისტებს, ნესტანს და ტარიელს ცენტრალური ადგილი უჭირავთ.

მე ვაჩვენებ ცხადი მაგალითებით, რომლებიც ერთიან ლოგიკურ ჯაჭვს ქმნიან, თუ რეალურად რა მოხდა ინდოეთის პოლიტიკურ სივრცეში და რა დარჩა რუსთველოლოგების შემჩნევის მიღმა. ამ შეუმჩნევლობის მთავარი მიზეზი თვით რუსთაველია, რომელიც უკიდურესად დაძაბულ, ვნებებითა და ინტრიგებით აღსავსე მოვლენებს ერთგვარად არბილებს ირიბთქმებით, ამა-თუ-იმ საქციელის არანამდვილი მოტივის წინა პლანზე გადმოწევით, ან ნამდვილი მოტივის რიტორიკული მიჩუმათებით. რუსთაველი შეგნებულად გვიდებს ჩვენ, მკითხველებს ამგვარ რებუსებს, რათა მეტი ყურადღებით წავიკითხოთ პოემა და აღმოჩენის სიხარული განვიცადოთ.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, პირდაპირ მივყვეთ ამ დრამატული მოვლენების განვითარებას.

* * *

ტარიელი იწყებს თავისი თავგადასავლის მოყოლას შემდეგი ამბით: ინდოეთი დაყოფილი ყოფილა 7 სამეფოდ. აქედან 6 ეკუთვნოდა ფარსადანს, მეშვიდე კი ტარიელის მამას სარიდანს. სარიდანი ხანში შევიდა და მიიღო ერთობ დამაფიქრებელი გადაწყვეტილება შეეერთებინა თავისი სამეფო ფარსადანის სამეფოსთვის, რითაც თვითონ მეფობის სტატუსიდან ჩამოქვეითდებოდა მთავარსარდლის სტატუსამდე. ოფიციალური მიზეზი ამ გადაწყვეტილებისა, რომელსაც სარიდანი აპიარებს არის მოწყენილობა:

[სარიდანს] “ხალვა მოსძულდა შეექმნა გულს კაეშანთა ჯარები.

თქვა: ‘წამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები,

ყოვლგნით გამისხმან, მორჭმით ვზი, მაქვს ზეიმი და ზარები’

ბრძანა: ‘წავალ და მეფესა ფარსადანს შევეწყნარები”.

დამეთანხმებით, ერთობ უცნაური მიზეზია: სარიდანი ამბობს, რომ მიაღწია ყველაფერს რისი მიღწევაც შეეძლო: მტრებს სძლია, მათი ტერიტორიები მიითვისა, ყველას მისი ეშინია, “მორჭმით” ზის, ანუ აქვს მდგრადი სამეფო სტატუსი და ამას არაფერი ემუქრება; და უცებ ამ ყველაფერს თმობს იმ მოტივით, რომ თურმე მოიწყინა და მძაფრი სევდები შემოაწვა გულზე. ნუთუ ეს მიზეზია იმისთვის, რომ მოპოვებული სტატუსიდან დაბლა ჩამოხვიდე და საკუთარი სისხლით და ოფლით მონაპოვარი სხვა მეფეს გადასცე, რომელსაც თითი-თითზე არ დაუკარებია შენს გაკეთებულზე? არა, ოფიციალური ვერსიით ინდოეთის ბრბო აპამპულავონ, ჩვენ კი საქმეზე ვილაპარაკოთ. საქმე კი რაშია? რა თქმა უნდა, როდესაც რაღაც დიდს მიაღწევ, სევდის მიზეზი ისაა, რომ ფიქრობ როგორ მიაღწიო კიდევ უფრო დიდს (და არა პირიქით). მაშ როგორ მოიპოვებდა სარიდანი უფრო დიდ სტატუსს თავისი დინასტიისთვის, როდესაც სამეფოს ჩააბარებდა ფარსადანს და თვითონ კი ამირბარად, ანუ ადმირალად ჩამოქვეითდებოდა? პასუხი ძალზე მარტივია და ამისთვის საჭიროა რამდენიმე სტროფით დაბლა წავიკითხოთ, რომ

“ძე არ ესვა მეფესა (ე.ი. ფარსადანს) და დედოფალსა მზისა დარსა,

ჭმუნვა ჰქონდა, ჟამი იყო, მით აეხვნეს სპანი ზარსა,

ვაი, კრულია დღემცა იგი, მე მივეცი ამირბარსა,

მეფემან თქვა: “შვილად გავზრდი, თვით ჩემივე გვარი არსა”.

რას ვიგებთ აქედან? იმას, რომ ფარსადანის სამეფოსთვის უზარმაზარი პრობლემა იყო თუ ვის დარჩებოდა მემკვიდრეობა, რადგან მეფეს შვილი არ ჰყავდა. ასეთ დროს მას ეყმო სარიდანი და გადასცა თავისი სამეფო. ფარსადანი ვერ მიხვდა, რომ სარიდანის სამეფო ანკესზე წამოცმული მსუქანი ჭიაყელა იყო და სიხარულით გადასანსლა იგი. რა მიიღო? რა და ის, რომ სარიდანს, მას შემდეგ რაც იგი გახდა ამირბარი, გაუჩნდა ვაჟი (“ვაი, კრულია დღემცა იგი, მე მივეცი ამირბარსა”). ცხადია, სარიდანს რომ ვაჟი მანამდე ჰყოლოდა, სანამ ფარსადანს ეყმებოდა, ფარსადანი კეთილგონიერებას გამოიჩენდა და უარს ეტყოდა, რადგან მაშინ ტარიელი ავტომატურად იქცეოდა ყველაზე რეალურ კანდიდატად ტახტისათვის და ფარსადანის დინასტიას ჩაანაცვლებდა სარიდანის დინასტია. რატომ იქცეოდა ტარიელი ყველაზე მძლავრ კანდიდატად? ორი მიზეზით: 1. ის იყო სამეფო გვარის (“თვით ჩემივე გვარი არსა”), ამდენად ლეგიტიმური კანდიდატი ტახტზე; 2. ის იყო მთავარსარდლის, ანუ სახელმწიფოს მეორე პირის შვილი, მაშინ, როცა პირველ პირს, მეფეს, შვილი არ ჰყავდა. ჩანს, სარიდანის მეუღლე უკვე დაორსულებული იყო, როდესაც სარიდანმა შესთავაზა ფარსადანს თავისი სამეფოს შეერთება. ეს არ იცოდა და ვერ გაითვალისწინა ფარსადანმა. შანსი იმისა, რომ ბიჭი გაჩნდებოდა იყო 50/50. ანუ, სარიდანის მხრიდან ერთგვარი რისკი იყო, მაგრამ იგი მიჰყვა ძველი არაბული ანდაზის “ვინაც რისკავს, შარბათს ის სვამს” (عشفك خكيظزم)-ის სიბრძნეს და აკი გაუმართლა კიდეც: გაჩნდა ტარიელი, სარიდანის დინასტიის იმედი, მთელი ინდოეთის ერთადერთი მემკვიდრე! ფარსადანს ისღა დარჩენია მიხვდეს, რომ გააცურეს, ბოღმა ჩაყლაპოს და თქვას “შვილად (ანუ ტახტის მემკვიდრედ) გავზრდი, თვით ჩემივე გვარი არსა”.

ის, რომ მეფე ფარსადანი ტარიელის კანდიდატურით, რბილად რომ ვთქვათ, კმაყოფილი არ იყო, ჩანს იქიდან, რომ როგორც კი თვითონაც ეყოლა შვილი, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო გოგო და არა ბიჭი, მაშინათვე დასახა გეგმა, რომ გაემეფებინა ნესტანი – ეს კი აშკარა დარღვევა იყო ინდოეთის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციისა, რომლის მიხედვით მემკვიდრე, მეფე მხოლოდ კაცი უნდა ყოფილიყო. თუმცა ეს გადაწყვეტილება მეფემ არ მიიღო სხვებისთვის დასანახად: ფორმალურად ტარიელი კვლავ სასახლეში იზრდებოდა, რათა სარიდანს ეჭვი არ შეჰპარვოდა რამეში და ახალი პოლიტიკური ინტრიგების ქსელი არ დაერთო. ტარიელი რომ დაეთხოვათ სასახლიდან ნესტანის გაჩენისთანავე, სარიდანი მიხვდებოდა ფარსადანის განზრახვას და ადვილად აამხედრებდა ტრადიციების მოყვარულ ინდოეთის საზოგადოებას და ჯარს ფარსადანის ფემინისტური ინოვაციის წინააღმდეგ.

სარიდანი გარდაიცვალა და ვერ მოესწრო თავისი გეგმების აღსრულებას. აი ახლა კი ფარსადანს უკვე შეეძლო გაემჟღავნებინა თავისი ნამდვილი ჩანაფიქრი. ტარიელი მთელი წელი გლოვობდა მამის გარდაცვალებას. ამის შემდეგ მეფემ მიუგზავნა 15 წლის ობოლს დიდგვაროვნები რომელთა პირით სთხოვა გლოვის დასრულება და როგორც ჯილდო გადასცა მამის ოფისი – ამირბარობა. თითქოს უდიდესი პატივი იყო 15 წლის ბიჭისთვის, მაგრამ სინამდვილეში ეს იყო ხაფანგი: მისთვის გვირგვინისაკენ გზის გადაკეტვა და სარიდანის დინასტიური ოცნების დასამარება. შესაძლოა ტარიელი ხვდებოდა ამას და გარკვეული ზეწოლის გარეშე არ მოხდა მისი გაამირბარება: “ურჩ ვექმენ და მისეულთა წესთა ქცევა მიჩნდა ზარად, არ მომეშვნეს, დავმორჩილდი, თაყვანის ვეც ამირბარად”; აქ ის შეიძლება გულწრფელად ამბობს, რომ მისი ურჩობა თავმდაბლობით იყო გამოწვეული, მაგრამ ეს თავმდაბლობა არაფერში ადგებოდა ფარსადანის გეგმას, ამიტომ “არ მოეშვენ” და გარკვეული იძულებით დანიშნეს მთავარსარდლის პოსტზე. ახლა ცოტა შევისვენოთ, გადავხედოთ ინტრიგის პირველ ნაწილს და მოვემზადოთ მისი განვითარებისთვის.

* * *

მაშ ასე, ტარიელი ამირბარია და ჩანს სარიდანის დინასტიურ ოცნებას სრულიად ინდოეთზე გამეფდეს ასრულება აღარ უწერია. და აი ამ დროს ხდება ის, რომ ტარიელი მოულოდნელად დაინახავს ნესტანს და მისდამი სიყვარულით ისე განიმსჭვალება, რომ დასნეულდება კიდეც. სიყვარული სიყვარულად, მაგრამ აქ არის სამეფო მემკვიდრის სიყვარული, რაც ნიშნავს, რომ თუ ეს სიყვარული გასცდა პლატონური “შორით ბნედის” საზღვრებს და საყვარელი ქალის ცოლად მოყვანის კონკრეტულ გეგმად იქცა, სასიძო ნებსით თუ უნებლიედ შეიჭრება სამეფო ამბიციების ველში.

ტარიელი არ იჩენს ინიციატივას და ყველაფერს აკეთებს, რომ დამალოს სიყვარული, რაც შესაძლოა აჩვენებს მის თავმდაბლობას, მაგრამ ასევე შიშს, რომ ვაითუ სამეფო პირისადმი სიყვარულის გამო ამბიციურობა დააბრალონ და სასახლეში გამოჩენა აუკრძალონ:

“ამირბარი ვარ, ხელმწიფე, სრულად ინდონი მმონებენ,

აზრად შეიქმან (ე.ი. რომ მე ნესტანი მიყვარს”), საქმესა ათასჯერ შეაწონებენ,

თუ შეიგნებენ მე მათთა არეთა არ მარონებენ”.

ანუ აქ ტარიელი მეტი რომ არ შეიძლება ისე პირდაპირ ამბობს საქმის არსს: ის არის მძლავრი პოლიტიკური ფიგურა, ამირბარი, რომელსაც მთელი ჯარი აბარია; თუ ის გაბედავს ნესტანის სიყვარულის საქმედ ქცევას, ეს ნიშნავს გამოაცხადოს პრეტენზია ინდოეთის ტახტზე; თუ ამ პრეტენზიას გაიგებს ფარსადანი, ტარიელს ყოველნაირად შეუშლიან ხელს რამე კავშირი ჰქონდეს ნესტანთან; მეტიც, ის შეიძლება გააგდონ სამეფოდან, ან უბრალოდ უბედური შემთხვევის მსხვერპლად გახადონ (რა, არ ხდება ხოლმე, ნადირობისას რომელიმე გამოუცდელი მსროლელი ისარს უხეიროდ ისვრის და ქურციკის ნაცვლად კაცს გაუხვრეტს ფილტვს?). ერთი სიტყვით, ტარიელი თავმდაბლობისა თუ შიშის – ან ორივესი ერთად – გამო ინიციატივას არ იჩენს.

ინიციატივას იჩენს ნესტანი.

და საგულისხმო ისაა, რომ ნესტანი ეგრევე აცნობიერებს ყველაფერს: კერძოდ იმას, რომ მისი და ტარიელის სიყვარული, თუ მას კონკრეტული მომავალი უწერია, დაკავშირებულია პოლიტიკურ გადატრიალებასთან, კერძოდ სარიდანის დინასტიის დომინაციასთან თუ არა, მის გათანაბრებასთან მაინც ფარსადანის დინასტიასთან. ამიტომ პირველივე წერილში, სადაც სიყვარულს უმჟღავნებს ტარიელს, ნესტანი მაშინათვე გადადის პოლიტიკაზე:

“ბედითი ბნედა, სიკვდილი, რა, მიჯურობა გგონია?

სჯობს საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია,

ხატაეთს მყოფნი ყოველნი ჩვენნი სახარაჯონია,

აწ მათი ჯავრი ჩვენზედა ჩვენგან არ დასათმონია!”

ანუ ნესტანი მოუწოდებს მას პოლიტიკური მოქმედებისკენ, ურომლისოდაც მათი სიყვარული იქნება ამაო (“ბედითი”) ტანჯვა და უპერსპექტიობა (“სიკვდილი”). ნესტანი პირდაპირ არ ამბობს, რომ ტარიელს მოუწევს დაპირისპირება ფარსადანთან, მაგრამ ეს იგულისხმება განვითარებული მოვლენებიდან.

ტარიელი მიდის ხატაეთში საომრად და წინასწარ ფარსადანის სახელით ემუქრება ხატაელებს, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ თვით ფარსადანთან არ ათანხმებს ამ სადამსჯელო კამპანიას. აჯანყებული ვასალური ქვეყნის ხელახალი დამორჩილების რისკიანი სპეცოპერაცია ტარიელის ტრიუმფით დასრულდა. გადამწყვეტი ბრძოლის შემგომ ეიფორიას ტარიელი ასე აღწერს:

“ერთსა კაცსა ეყოფოდეს, დიდებანი რომე მჭირდეს;

ზოგთა შორით დამლოციან, ზოგნი კოცნად გამიპირდეს;

რომელთაცა გავეზარდნე დიდებულნი ამიტირდეს...”

ეს ჩანს ის დიდებულები არიან, რომლებიც ტარიელს სამეფოდ ზრდიდნენ და სარიდანის დინასტიური გეგმების მომხრეები იყვნენ. ტარიელი შემდეგ ამბობს:

“მოვირჭვენ და მოვივლინე, რაცა მწადდა, აგრე ვყავ-რე”.

ანუ ამბობს ამაყად, რომ მოქმედებდა ისე, როგორც უნდოდა მას თვითონ, სუვერენულად და არა ვინმეს კარნახით; ამბობს რომ “მოირჭო”, ანუ გახდა “მორჭმული”. ამ სიტყვის ძირი დაკავშირებულია “რჭობასთან”, რაც ნიშნავს, რომ ტარიელმა სტატუსი შეიცვალა: “დაერჭო” უფრო მაღლა ვიდრე აქამდე იყო, ამირბარულ ამბიციაზე უფრო მაღლა კი მხოლოდ სამეფო ამბიციაა; ამბობს რომ “მოივლინა”, ანუ მოვლენად იქცა, დიდება და ძლევა შეიმოსა. აი ასეთი ტარიელი უნდა დაბრუნდეს ინდოეთის დედაქალაქში, სადაც ხალხამდე უკვე მიაღწია ტრიუმფის ამბავმა და ცხადია ყველანი მზად არიან ექსტატური აღტაცებით შეეგებონ ახალგაზრდა გმირს.

რას განიცდის ამ დროს ფარსადანი? რა თქმა უნდა “უდიდეს სიხარულს ინდოეთის ძლევამოსილი არმიის მიერ ურჩი ხატაელი მეფის, რამაზის დამარცხების გამო!” ოღონდ ეს ინდოეთის ოფიციალური პრესისთვის, სინამდვილეში კი განიცდის უზარმაზარ შფოთს, შიშს ტარიელის ასეთი არნახული პოპულარობის გამო, და ასევე ენით უთქმელ ბრაზს, რომ ეს ყველაფერი ტარიელმა მასთან შეუთანხმებლად გააკეთა. ვფიქრობ, მას უფრო გაუხარდებოდა ხატაეთის კამპანია მარცხით, ან თუნდაც ტარიელის დაღუპვით დამთავრებულიყო. მეფისთვის თავსატეხია კიდევ ერთი საკითხი, რისთვის გააკეთა, რა მოტივით ეს ყველაფერი ტარიელმა: იქნებ მხოლოდ იმიტომ, რომ გულუბრყვილო პატრიოტიზმის გამო ზედმეტი ერთგულება, მხურვალება და თავგანწირვა გამოიჩინა თავისი მეფისა და ქვეყნისადმი და მეტი არაფერი; თუ უფრო შავბნელი განზრახვა უფუთფუთებს ამის მიღმა: ტარიელს ეს დიდება სჭირდება სხვა რამისთვის: შეარყიოს ძალაუფლების არსებული ბალანსი. ფარსადანს ჯერ ეს ვერ გამოუცვნია, მაგრამ ხვდება, რომ ტარიელის ასე პირდაპირ ქალაქში შეშვება სახიფათოა. ამიტომაც უჩვენებს ტარიელს საარაკო დაფასებას: ქალაქის გარეთ გაეგებება და იქ გააშლევინებს კარვებს, რითაც ტარიელის ტრიუმფალურ შესვლას მინიმუმ ერთი დღით გადასწევს. ტარიელი დიდ პატივშია, მეფეს მიუძღვნის დაპატიმრებულ რამაზ მეფეს, რომელსაც ფარსადანი ლმობიერად მიიღებს და დახურული კარის მიღმა ტეტ-ა-ტეტ შეხვედრას მოუწყობს. ამ შეხვედრის მერე გამოჰყავს გარეთ და ტარიელს ეკითხება, რას იტყვი, შეუნდობ ხატაელს ორგულობას თუ არაო (“შეუნდობო ხატაელსა, მას აქამდე შენამტერსა?”). ეს შეკითხვა იყო მახე, ერთგვარი ლაკმუსი, რომელსაც უნდა გამოევლინა ტარიელის ფარული აზრები: კეთილგონივრულად ტარიელს უნდა ეპასუხა, მე რას მეკითხები, მეფე შენ ხარ და რასაც იტყვი ისე იქნებაო. ტარიელი კი წამოეგო ანკესს და უპასუხა:

“მე ვჰკადრე: ‘ღმერთი ვინათგან შეუნდობს შეცოდებულსა,

უყავით თქვენცა წყალობა მას ღონეგაცუდებულსა”.

ანუ ტარიელმა შეიფერა უფლება გადაეწყვიტა რამაზ მეფის ბედი და არ დაუკვირდა, რომ ამით სამეფო პრივილეგიას იფერებდა. ეს საკმარისი იყო: ფარსადანმა უკვე იცის, რომ ტარიელის ხატაური კამპანია ზედმეტად ერთგული ყმის გულუბრყვილო პატრიოტიზმი არ არის, არამედ უფრო მეტის წაპოტინების ინსტრუმენტი – ტარიელს სახიფათო ამბიცია აქვს. ამის შემდეგ ფარსადანი ცდილობს რამე იღონოს, რომ ტარიელის პოპულარობა გაანეიტრალოს და ხალხის ეიფორია შეამციროს. მეორე დღეს სისხამ დილით ტარიელს უგზავნის მაცნეს და გადასცემს შემდეგს: “რამდენი ხანია ერთად არ გვინადირია, მომენატრა ეგ ამბავი; ვიცი, რომ დაღლილი ხარ, ნაბრძოლი, მაგრამ ისე ვარ მოწყურებული, რომ უნდა გამიწიო ანგარიში და წამომყვეო”. არადა ამას ეუბნება ხელში დაჭრილ ტარიელს, რომელსაც ჭრილობა ერთი დღით ადრე თვით მან, ფარსადანმა შეუხვია. ცხადია, ეს ნადირობა მხოლოდ დროის მოგების მიზნით იყო ნაკარნახევი. ამასობაში მეფემ გაგზავნა მაცნე დედოფალთან და საიდუმლოდ შემდეგი რამ შეუთვალა:

“იდუმალ ცოლსა ეუბნა, მართ ჩემგან უცოდნელია:

‘ომით მოსრული ტარიელ საჭვრეტლად სასურველია,

მან განანათოს მჭვრეტელთა გული, რაზომცა ბნელია;

რაცა დაგვედრო საქმნელად, ქმენ, არა საზოზღნელია!

აწ მითქვამს საქმე უშენოდ, შენცა სცან ესე მცნებული:

რადგან ქალია სამეფოდ ჩვენგანვე სახელდებული,

ვინცაღა ნახავს, აწ ნახოს, აჰა ხე, ედემს ხებული,

გვერდსა დაისვი, ორნივე სრას დამხვდით, მოვალ შვებული!”

ანუ ფარსადანი უმხელს დედოფალს: ჩვენთვის სახიფათოა ტარიელის ზღვარგადასული პოპულარობა ხალხში, რამე უნდა ვიღონოთ ამის წინააღმდეგ; ჰოდა რაც ფარულად გადავწყვიტეთ აქამდე, ანუ ნესტანის გამეფება, ახლა გამოვაცხადოთ ხალხის წინაშე “ზოზღნის” ანუ მიკიბ-მოკიბვის გარეშე; ასე რომ, მე და ტარიელი როცა შემოვალთ ქალაქში, ამ დროს შენ და ნესტანი სამეფო ტახტზე ასულები დაგვხვდითო. ნესტანი აქამდე არავის ჰყავდა ნანახი: იდუმალ გარემოში იზრდებოდა და ეს იდუმალება, რა თქმა უნდა, მის ქარიზმას აათმაგებდა და ხალხში პოპულარობას მატებდა. ცხადია, ნესტანის გამოყვანით სწორედ ტარიელის ტრიუმფალური შემოსვლის დროს ფარსადანს სურდა ორი კურდღელი დაეჭირა: 1 კურდღელი – გაენეიტრალებინა რამდენადმე ტარიელის პოპულარობა და ხალხის ყურადღება მზეთუნახავ ნესტანზე გადაეტანა; 2 კურდღელი – ეჩვენებინა ყველასთვის, რომ სამეფო ტახტზე ერთადერთი კანდიდატი ნესტანია, და გინდაც ამირბარმა მთელი მსოფლიო დაუმორჩილოს ინდოეთს, ის მაინც მხოლოდ ამირბარად დარჩება. როგორც კი ის დრო გავიდა, რაც ნესტანის ხალხში გამოჩენის მომზადებისთვის იყო აუცილებელი, ნადირობის ფარსი მაშინვე შეწყვიტეს:

“მოვინადრიდეთ მინდორი, ძირი მთისა და გორისა,

იყო სიმრავლე ძაღლისა, შავარდნისა და ქორისა.

ადრე დავბრუნდით, ვიარეთ არ ეჯი გზისა შორისა,

აღარ იბურთეს, დაშლა ქმნეს თამაშობისა ორისა”.

მაგრამ ფარსადანის გეგმამ ფიასკო განიცადა: მიუხედავად ნესტანის პირველი გამოჩენისა, ტარიელის პოპულარობა ვერაფერმა დაჩრდილა და მას დედაქალაქის ზღვარგადასულად აღტყინებულმა მოსახლეობამ არნახული შეხვედრა მოუწყო:

“ჩემთა მჭვრეტელთა მოეცვა ქალაქი, შუკა და ბანი.

ომგარდახდილსა მშვენოდეს მე ენიანნი კაბანი;

ფერმიხდილგვარად ვშვენოდი ვარდი ცრემლითა ნაბანი,

ვინცა მიჭვრეტდეს ბნდებოდეს, მართალ არს, არ კატაბანი”.

ის, რომ ტარიელმა დაჩრდილა ნესტანი, ამას თვით ნესტანიც აღიარებს: “შენნი მჭვრეტნი ჩემთა მჭვრეტთა აგინებენ, არ იდენო”; ამ ნათქვამში ამბივალენტობაა: ერთის მხრივ სიხარული, რომ მისი მიჯნური ასეთი ძლევამოსილი და პოპულარულია, მეორეს მხრივ ქალური სინანული, რომ მიუხედავად მისი პირველი გამოჩენისა, ხალხმა მას სათანადო ყურადღება არ მიაქცია. და კიდევ: ნესტანი ამ ფრაზით ხაზს უსვამს, რომ ინდოეთის ხალხში არის გარკვეული განხეთქილება: არიან “ტარიელის მჭვრეტნი”, ანუ ტარიელის გულშემატკივრები და “ნესტანის მჭვრეტნი” ანუ ნესტანის გულშემატკივრები და მათ შორის კამათია – ვინ ვის სჯობს, ანუ ვინ უფრო სათანადო კანდიდატია ტახტისათვის.

სალხინო სუფრაზე ფარსადანი კიდევ ერთ გამოცდას უწყობს ტარიელს. მას სვამს ნესტანის პირისპირ. ერთის მხრივ პატივია, მეორეს მხრივ კი დისტანციის ჩვენება: მაგიდა, რომელიც თქვენ გყოფთ არის ძალაუფლების ზღვარი, თქვენ არასდროს არ იქნებით ერთ ხაზზე. ამავე დროს ფარსადანს სურს შეიტყოს: არის თუ არა რამე ნესტანსა და ტარიელს შორის? მას შესაძლოა ეს ეჭვი გასჩენოდა ტარიელის უეცარი დასნეულების გამო ნესტანის მონახულების შემდეგ (თუმცა, არ არის მთლად ცხადი პოემის მიხედვით ნახა თუ არა მეფემ, რომ ტარიელმა თვალი მოჰკრა მაშინ ნესტანს). თუ ის ნახავს, რომ ტარიელი და ნესტანი ერთმანეთს სხვანაირად უყურებენ, მაშინ ტარიელი ფარსადანისთვის გამოვლინდება უსაშიშეს პოლიტიკურ მეტოქედ, რომელსაც შეუძლია სიყვარულის ფაქტორი გამოიყენოს სატახტო ამბიციების ბერკეტად. ტარიელი ცდილობდა არ ეცქირა სხვანაირად ნესტანისათვის ქეიფის დროს, მაგრამ შემდეგ, როცა მეფის ძალდატანებით ყველა, მათ შორის ტარიელიც, გვარიანად შეზარხოშდა, ტარიელმა დაივიწყა რიდი და უკვე ნესტანის მეტს ვერც ვერავის ამჩნევდა:

“მე მუნა მყოფი მივეცი შვებასა მეტის-მეტასა,

რა შემომხედნის, შევხედნი, ცეცხლმან დამიწყის შრეტასა;

კაცთა კრძალვასა ვაწვევდი (ამაოდ! /ლ.გ./) გულსა შმაგსა და რეტასა.

რა უამეა პირისპირ საყვარელისა ჭვრეტასა!”

ეს ორმხრივი შეხედ-შემოხედვები ფარსადანის დაგეშილ მზერას არ გამოპარვია და მან უკვე დასტურ იცის: ნესტანს და ტარიელს ერთმანეთი უყვართ, ეს კი ნიშნავს, რომ ნესტანის გამეფებითაც სარიდანიანთა დინასტიას არ ესპობა გზა ტახტისაკენ. ნესტანი კი თავისი სიყვარულით გამოდის მეხუთე კოლონა ფარსადანის დინასტიის დომინაციის ქომაგებისათვის და დიდ საფრთხეს უქმნის ძალაუფლების ბალანსს ინდოეთში.

დაყოვნების დრო აღარ არის, ფარსადანმა სასწრაფოდ უნდა მოიმოქმედოს რამე. გამოსავალს ის ხედავს ნესტანის საჩქაროდ გათხოვებაში მეზობელი დიდი სახელმწიფოს ხორეზმის უფლისწულ ხვარაზმშაზე. ეს ქორწილი, რა თქმა უნდა, შეზღუდავს ნესტანის ერთპიროვნულ ძალაუფლებას, ვინაიდან მას მოუწევს ტახტის გაყოფა უცხოელ მონარქთან, მაგრამ ფარსადანი ვერაგ სარიდანიანებს მაინც ხომ არ გაახარებს! ახლა ხომ მაინც საბოლოოდ მისრისავს ამ საძულველი დინასტიის როიალისტურ მოლოდინებს!

ნესტანის გათხოვება გადაწყვეტილია, წერილი ხვარაზმის მეფესთან მიწერილი და თანხმობაც მიღებული. ხვარაზმის მეფისთვის ფარსადანის წინადადება მოულოდნელი სიხარული იყო, თანაც მისი ძე თვით ხორეზმში ყველას მოძულებული ჰყავდა, მამამისსაც კი, როგორც ჩანს გარყვნილი ყოფა-ქცევის გამო: “თვით მაგეთისა შვილისა ჩვენ ხელსა რასა ვხდიდითა” – ანუ ასეთი ყოვლად გამოუსადეგარი შვილი რა ჯანდაბად გვინდა აქ რომ გვყავდეს, ინდოეთამდემც გზა ჰქონიაო. (შეიძლება ეს ალუზიაა გიორგი რუსზე, რომელიც თამარს პოლიტიკური მიზნებით უქმრეს და რომელიც უკიდურესად უზნეო ადამიანი იყო – ქართველი მემატიანე მას სოდომურ გარყვნილებას და კიდევ რას არ მიაწერს). ახლა, რაკი თანხმობა უკვე მიღებულია, ფარსადანი ტარიელს უკანასკნელ გამოცდას უწყობს: იბარებს მას და ეკითხება, თავში მომივიდა აზრი ნესტანის გათხოვებაზე და ერთი კარგი ბიჭიც მყავს შეგულებული – მეზობელი ქვეყნის, ხორეზმის უფლისწული, შენ რას იტყვი, რას მირჩევო. აქაც მახეა: ფარსადანმა უკვე იცის ტარიელის გულში ამბიციური გეგმები ბობოქრობს, მაგრამ გაბედავს თუ არა ეს გეგმები გამოააშკარავოს? თუ ტარიელი მის გადაწყვეტილებას შეეწინააღმდეგება და ღია კონფროტნაციაზე გადავა, ფარსადანს ყველა კოზირი აქვს ტარიელს დაწამოს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და ან დააპატიმროს, ან გადაასახლოს, ან უბრალოდ გაასაღოს. ტარიელი აქ კი უკვე სიფრთხილეს იჩენს და გარეგნულად მეფეს უწონებს გადაწყვეტილებას, შინაგანად კი თავი ცოცხლად აღარ უნდა.

ტარიელს ესპობა როგორც სიყვარულის, ისე მეფობის ხელში ჩაგდების იმედები. მართლაც, რა გამოსავალი უნდა ჰქონოდა მას? ერთადერთი, აჯანყება და ფარსადანთან სამხედრო დაპირისპირება. მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება ეს არ მოსწონებოდა ნესტანს, რომ მისი მიჯნური ასე უტიფრად სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირდა მამამისს, თან მასთან შეუთანხმებლად. რა იცის ტარიელმა: ეგებ ნესტანი მამისადმი მორჩილებას მიჯნურობაზე მაღლა აყენებს და ურჩევნია მამის ნებას დაჰყვეს, ვიდრე რომანტიკულ-პოლიტიკურ ინტრიგას გადააყოლოს ინდოეთის მშვიდობა და უსაფრთხოება. როგორც შემდგომი განხილვიდან ცხადად ჩანს, ტარიელი მართლაც შეურიგდა ბედს და მისი ემოციური ნატურის პატრონი ალბათ ცხოვრებას თვითმკვლელობით ან გალოთებით დაასრულებდა.

მაგრამ აქ კვლავ საქმეში შემოდის ნესტანი.

იგი დაიბარებს ტარიელს და რისხვის სეტყვას დაატეხს თავზე: ეს შენ ურჩიე მეფეს ჩემი ხვარაზმშაზე გათხოვება, შენ დართე ნება, ამით ჩვენი სიყვარულის ფიცი გატეხე, შე საზიზღარო და ნაძირალა შენა, შე არარაობავ, არაკაცო; მაგრამ იცოდე, გამათხოვებენ თუ არა, მაშინვე ან ინდოეთიდან გაგაგდებ, ან თუ თვითონ არ გაეთრევი, ძაღლივით მოვაკვლევინებ შენს თავსო. ნესტანის ამგვარ გააფთრებაზე იმედის ჩამქრალი სანთელი ტარიელში კვლავ აენთო: “თქვა: ‘რა მესმა ესე მისგან, მეიმედა მეტისმეტად, კვლა მიეცა თვალთა ძალი მის ნათლისა ეგრე ჭვრეტად”. ანუ ტარიელი ხედავს, რომ ნესტანისთვის მამის მორჩილება არ არის დაბრკოლება, რომ მისი შეყვარებული გასაოცარ დამოუკიდებლობას იჩენს მონარქი მამისაგან, იქამდე, რომ ავანტიურისტულ გეგმასაც კი ადგენს. ის, რომ ტარიელი თვითონ არაფრის გამკეთებელი არ იყო ნესტანის გაბედული, ავანტიურისტული ინიციატივის გარეშე ჩანს თვით ტარიელის სიტყვებიდან: ის თავის გასამართლებლად ეუბნება ნესტანს, რომ მას მისთვის ფიცი არ გაუტეხავს, რომ როდესაც გაიგო ნესტანის ხვარაზმშაზე გათხოვების ამბავი ფარსადანისაგან, მხოლოდ ტაქტიკური მოსაზრების გამო დათანხმდა, თორემ ისე მაშინათვე დაიწყო მათი სიყვარულის გადასარჩენად სახელმწიფო გადატრიალების და ტახტის ხელში ჩაგდების გეგმის შედგენა:

“დამეშალა, ვერ დავშლიდი, დამრჩებოდა უმეცრობა,

თავსა უთხარ: ‘მიემოწმე, ჟამად გიჯობს გულ-მაგრობა.

მემცა დაშლა ვითა ვჰკადრე, რადგან იგი ვერ მიმხვდარა!

არ იცის თუ ინდოეთი უპატრონოდ არ გამხდარა?

ტარიელ არს მემამულე, სხვასა მართებს არად არა;

ვის მოიყვანს, არა ვიცი, ანუ იგი ვინ მომცდარა?”

ტარიელი ამ ყველაფერს ამბობს გადაშლილი ყურანით ხელში, და ის, რომ ეს ყველაფერი ტყუილია და არანაირი მსგავსი რისკიანი პოლიტიკური ქმედების შნო ტარიელს არ ჰქონდა (მანამდე მაინც სანამ ნესტანის განწყობას გაიგებდა) ჩანს ტარიელის ფრაზაში: “სულთა ვყიდდი გულისათვის, კოშკი ამად გამებზარა” – ანუ ყურანზე ტყუილზე ვიფიცებდი (“სულსა ვყიდდი”) ჩემი სიყვარულის შესანარჩუნებლად (“გულისათვის”), და ამიტომაც დამერღვა ჰარმონია ჩემს არსებაშიო (“კოშკი გამებზარა”).

ახლა ნესტანის ავანტიურისტულ გეგმას შევხედოთ; მართლაც გენიალური რამე მოიფიქრა: უთხრა ტარიელს, მოკალი ხვარაზმშა; ეს შექმნის "კაზუს ბელლი"-ს ხორეზმის სახელმწიფოსთან და ხორეზმის მეფე დიდი ჯარით წამოვა ინდოეთის წინააღმდეგ; ასეთ დროს ფარსადანი ვერ გაბედავს მთავარსარდალს დაუპირისპირდეს სამოქალაქო ომით და პირიქით, შეგეხვეწება, მოდი, ინდოეთი გადავარჩინოთ ხვარაზმელებისგან ერთიანი ძალებითო; შენ ჩემს სიყვარულზე კრინტი არ დასძრა, მხოლოდ პატრიოტული მოტივები დაასახელე ხვარაზმშის ძის მოკვლის მიზეზად და ის, რომ შენ თვლი თავს ტახტის მემკვიდრედ; ინდოეთისთვის ასეთ სამკვდრო-სასიცოცხლო სიტუაციაში მეფე ტახტზე უარს ვერ გეტყვის, ხოლო გამეფების მერე ჩემს ცოლად მოყვანას წინ ვერავინ ვეღარ აღუდგებაო. ასე რომ, შორსმჭვრეტელი ნესტანი ინაღდებს როგორც ტარიელის ქმრობას, ისე ინდოეთს იხსნის გარდაუვალი სამოქალაქო ომისაგან ტარიელისა და ფარსადანის მომხრეებს შორის. ტარიელი ამ გეგმის მხოლოდ იარაღია, მან უნდა მოკლას ხვარაზმშა და ეს არის და ეს. ავანტიურის საბოლოო მიზანს და მომავალი ინდოეთის ძალაუფლების ბალანსს ნესტანი ხედავს პარიტეტში ფარსადანიანთა და სარიდანიანთა დინასტიებს შორის: “მე და შენ დავჯდეთ ხელმწიფედ, სჯობს ყოვლთა სიძე-რძლობასა” – ანუ ორი მონარქის, ცოლ-ქმრის ერთიანი მმართველობა ეფექტურად დაასრულებს ხანგრძლივ დინასტიურ შუღლს ინდოეთის ორ სამეფო გვარს შორის.

ხვარაზმშა ჩამოდის, და ფარსადანი ყველაფერს შვრება იმისათვის, რომ ტარიელი უკიდურესად დაიახლოვოს, უკიდურესად პატივში ჰყავდეს, ოჯახის წევრად აგრძნობინოს თავი, მაგრამ ამავე დროს ისიც ცხადად და მკაფიოდ დაანახოს, რომ ნესტანისადმი რომანტიკული გრძნობები უნდა ამოიძირკვოს გულიდან. მაგალითად, ფარსადანი ეუბნება ტარიელს: შენ ნუ გაეგებები მომავალ ხვარაზმშას, იქ მსახურები მივიდნენ, მე და შენ კი აქ შევხვდეთო – ანუ ტარიელს ლამის თავის თანასწორად სახავს და ყველაზე აღმატებულ მსახურთა (მეფის ქვემოთ კი ყველა მსახურია) ფენიდანაც გამოჰყოფს; ამით ცდილობს სასიამოვნოდ მოუღიტინოს ტარიელის შელახულ თავ- და პატივმოყვარეობას და თავი დაიზღვიოს ახალგაზრდა ამბიციური კაცის სახიფათო სიურპრიზებისგან. ფარსადანი შინაურულად ეუბნება ტარიელს:

“ჩემთვის ესე დღე ლხინი და სიხარულია,

გადავუხადოთ ქორწილი, ხამს ვითა დასა, სრულია” –

ანუ კვლავ ამბივალენტობა: ერთის მხრივ ტარიელს ანიჭებს ლამის სამეფო სტატუსს, რადგან ნესტანს მის “დად” ასახელებს, მეორეს მხრივ კი სიტყვით “და” სპობს ტარიელის რომანტიკულ-პოლიტიკურ ამბიციას, და სიტყვების თამაშითაც ქარაგმულად ეუბნება ამას: “ვითა დასა, სრულია”, ანუ სრულყოფილი ქორწილი გადავუხადოთ შენს დას, ნესტანსო; მაგრამ ამავე დროს შეაგონებს, რომ ეს ქორწილი “დასასრულია”, დასასრული ტარიელის თავხედური ფანტაზიებისთვის ნესტანისა და ინდოეთის დაუფლებაზე.

ტარიელი საქორწინო მომზადების დავალებებს პირნათლად ასრულებს და იღლება კიდეც ამ სამსახურში. ისეთი განცდა რჩება, რომ მიუხედავად ნესტანთან დადებული პირობისა და საერთო გეგმისა, ტარიელი კვლავ ორჭოფობს, ნების დეფიციტს განიცდის და ფეხს ითრევს ხვარაზმშას მოკვლისაგან. ამიტომ არის, რომ დასაძინებლადაც მიდის – ალბათ აქ ფსიქოლოგიური მომენტია: ძილი, როგორც საშინელი დილემისგან ესკაპიზმის საშუალება. ტარიელს ძილს არ დააცლის კვლავ ნესტანი, რომელიც მართლა ნესტარივით უჩხვლეტს თავისი მორიგი საყვედურით: ისევ მომატყუე, არა? ისევ გამწირე მეც და ჩვენი სიყვარულიცო? აი ეს ბოლო წვეთი იყო ტარიელის თავმოყვარეობისთვის და მანაც არ დაახანა, შეუვარდა მცირე რაზმით ხვარაზმშას, და როცა ის რაღაც ორგიასტულ სიტუაციაში წამოგორებული იყო თავისი სქესობრივი აღვირახსნილობის პარტნიორებთან (არა ერთთან, არამედ რამდენიმესთან ერთად – “წინა მწოლთა დაიძახეს, გლოვა მიხვდა საარაკე”), ფეხებით დაიჭირა, თავი ბოძზე მიუხალა და ზედ ტვინი მიასხმევინა.

ეს კატასტროფა იყო მეფე ფარსადანისათვის. იგი იმდენად დაიბნა, რომ ტარიელს ასეთი რამ შეუთვალა: “თუ ჩემი ქალი გინდოდა, რად არა შემაგნებინე”, რითაც გაყიდა თავის თავი და აჩვენა, რომ მან იცოდა ტარიელის სიყვარულის ამბავი. ტარიელი კი პასუხობს იმას, რაც ნესტანმა დააბარა:

“მე თქვენმან მზემან მაშოროს ნდომა თქვენისა ქალისა.

იცით, ინდოთა სამეფო რაზომი სრა-საჯდომია,

ერთიღა მე ვარ მემკვიდრე – ყველაი თქვენ მოგხდომია,

ამოსწყდა მათი ყველაი, მამული თქვენ დაგრჩომია,

დღესამდის ტახტი უჩემოდ არავის არ მონდომია.

ვერ გათნევ, თქვენმან კეთილმან, აწ ეგე არ მართალია:

ღმერთმან არ მოგცა ყმა შვილი, გიზის ერთაი ქალია,

ხვარაზმშა დასვა ხელმწიფედ, დამრჩების რა ნაცვალია?

სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს, მე მერტყას ჩემი ხმალია?!

შენი ქალი არად მინდა, გაათხოვე, გამარიდე,

ინდოეთი ჩემი არის, არვის მიხვდეს ჩემგან კიდე.

ვინცა ჩემსა დამეცილოს, მისით მასცა ამოვფხვრიდე,

სხვას მაშველსა გარეგანსა, მომკალ, ვისცა ვინატრიდე.”

აქ ყველაფერია ნათქვამი, სხვათა შორის ისიც, რომ უსამართლობაა ინდოეთის წესების მიხედვით ქალის გამეფება; რომ ამიტომაც მთელს ინდოეთში ერთადერთი ლეგიტიმური მემკვიდრე არის ტარიელი; ჩანს, ასე ფიქრობს არა მარტო ტარიელი, არამედ ინდოეთის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, ამიტომ ტარიელს მეტი მომხრე ჰყავს ინდოეთში ვიდრე ფარსადანს. თან ფარსადანის რეიტინგი კატასტროფულად დაწეულია მისი ამ უკანასკნელი ნაბიჯის გამო: ინდოეთს აძლევს ხვარაზმშას, გადამთიელს, მაშინ როდესაც არის რეალური კანდიდატი ტარიელი, თანაც როგორი კანდიდატი: ძლევამოსილი მხედარი, საქმის გამკეთებელი, ხატაეთის ომის ტრიუმფატორი. ტარიელმა იცის, რომ მისი რეიტინგი ინდოეთის მოსახლეობაში უკვე ფარსადანისაზე მაღალია და ამიტომ ღია მუქარაზეც გადადის “ვინცა ჩემსა დამეცილოს (ანუ შენ, ფარსადან) მისით (ე.ი. ინდოეთით) მასცა ამოვფხვრიდე”, და ამ მუქარის აღსრულებისთვის გარეშე ძალის დახმარება სულაც არ სჭირდება (“სხვას მაშველსა გარეგანსა, მომკალ, ვისცა ვინატრიდე”), რადგან ინდოეთის ხალხის უმრავლესობა დაუჭერს მხარს და მათ ნდობაზე დააფუძნებს ტარიელი მომავალი პოლიტიკური გადატრიალების ლეგიტიმურობას.

ფარსადანი მართლაც ორივე ყურით დაჭერილია, ნესტანის წინდახდული გეგმა თითქოს 100 პროცენტით სრულდება, მაგრამ აქ ხდება უკიდურესად დრამატული, დაუგეგმავი, ყოვლისწამლეკავი მოვლენები, რასაც მოჰყვება ნესტანის იდუმალი გადაკარგვა და პოემის მთელი შემდგომი პერიპეტიები, რაც უკვე სცილდება ჩვენი ახლანდელი პოლიტიკური ინტრიგის თემას.

დასკვნის სახით კვლავ ვიტყვით, რომ მთელი ეს ინტრიგა მეტ-ნაკლები სიცხადითაა რუსთაველის მიერ წარმოჩენილი და ხშირად, პოლიტიკური მოთამაშეების ნამდვილი განზრახვები ტარიელის მონათხრობში ევფემისტური გამოთქმებითაა შენიღბული, ასე რომ, მკითხველმა თავად უნდა დაძაბოს გონება და სტრიქონებს შორის ამოიცნოს ისინი. თუ ამას არ გააკეთებს, დიდი პოლიტიკური ვნებათღელვის მთელი სივრცე მისთვის დაუნახველი აღმოჩნდება. დაბოლოს, ვფიქრობ, რუსთაველს ამ შენიღბვის სხვა მიზეზიც შეიძლება ჰქონოდა: ის სინამდვილეში საუბრობდა საქართველოს სამეფოში მომხდარ რეალურ პოლიტიკურ მოვლენებზე, ანუ ეს არის გარკვეულწილად პოლიტიკური პუბლიცისტიკა, საკმაოდ სახიფათო თემაზე. ამიტომაც ავტორმა ზღაპრულ-ეგზოტიკურ გარემოში გადაიტანა მოქმედება და, ამავე დროს, შეგნებულად მოარიდა თავი საკუთარი ემოციების, პირადი პოზიციის პირდაპირ გამოხატვას, თუმცა კი არც ისე ძაან შენიღბა, რომ თავის თანამედროვეებს ადვილად არ ამოეცნოთ მისი მინიშნებები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100