სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსული ეკლესია მედვედევის ნაბიჯს "ზნეობის მაგალითად" მიიჩნევს

რუსეთის ეკლესია პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის წინადადებას სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინის კანდიდატურის წამოყენების შესახებ "ზნეობის მაგალითად" აფასებს.

"რუსეთის ისტორიაში კიდევ როდის ყოფილა, რომ ხელისუფლების გადაცემა ასე მშვიდად, ღირსეულად, პატიოსნად და მეგობრულად მომხდარიყო?! ეს ნამდვილი მაგალითია სიკეთისა და ზნეობისა პოლიტიკაში, რომლისაც არა მარტო საბჭოთა კავშირში მცხოვრებ ჩვენს წინამორბედებსა და ხალხს შეშურდებოდა, არამედ მსოფლიოს ქვეყნების მოსახლეობის უმრავლესობას, მათი ჩათვლით, ვინც ჭკუას გვარიგებს", - განუცხადა "ინტერფაქს - რელიგიას" სინოდის ეკლესიასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა ვსევოლოდ ჩაპლინმა.

ამასთან, სასულიერო პირმა აღიარა, რომ "პოლიტიკური კონკურენცია საჭიროა" და ივარაუდა, რომ ის "დროთა განმავლობაში გაიზრდება".

"ქვეყანაში, სადაც მშვიდობა, კეთილდღეობა და მილიონობით ადამიანის სიცოცხლეც კი ხელისუფლების სათავეში მყოფ პიროვნებაზეა დამოკიდებული, ხელისუფლების გადაცემა მაქსიმალურად საპასუხისმგებლოა და იგი ადამიანების შესაძლო დაპირისპირებას უნდა გამორიცხავდეს", - დასძინა ჩაპლინმა.

შეგახსენებთ, რომ მმართველი პარტიის - "ედინაია როსიას" ყრილობაზე რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა პარტიას საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინის კანდიდატურის წამოყენებისკენ მოუწოდა, ხოლო თავად პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავების მზადყოფნა გამოთქვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100