ქართული ჯარის „დიდგორი“ (VIDEO)
2011 წლის გამოშვება, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქართული ჯავშანმანქანა „დიდგორი“, როგორც ქართული ჯარის შეიარაღების ერთ–ერთი ატრიბუტი, პირველად 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ აღლუმზე გამოჩნდება. მანამდე ის თბილისელებმა რამდენიმე დღის წინ, რუსთაველის გამზირზე იხილეს, სადაც აღლუმის რეპეტიცია მიმდინარეობდა.
„დიდგორი“ ქართველმა სპეციალისტებმა თბილისის სატანკო ქარხანაში ააწყვეს და სახელიც, რა თქმა უნდა, შესაბამისი შეურჩიეს. ჯავშანმანქანა მრავალფუნქციურია და მას სადაზვერვო საქმიანობისთვის, ასევე სპეცოპერაციებისთვის გამოიყენებენ. ქართული ჯავშანმანქანის მთავარი დადებითი თვისება ისიცაა, რომ იგი ადვილად მანევრირებადია.
დღეისათვის „დიდგორის“ ორი კლასია შექმნილი: ერთს შვიდი, მეორეს კი ცხრა ადამიანის ტარება შეუძლია. მას მსოფლიო სტანდარტებით გათვალისწინებული ჯავშანი აქვს და საბჭოთა და რუსული ანალოგებისგან განსხვავებით, ჯარისკაცებს მსხვილი კალიბრის ტყვიებისგან და ნაღმის ნამსხვრევებისგან დაიცავს. ჯავშნის ტექნოლოგია სამხედრო საიდუმლოს კატეგორიაში გადადის.
ჯავშანმანქანა ღამის ხედვისა და სითბური ხელსაწყოებითაა აღჭურვილი, მასზე, ასევე შეიძლება დამონტაჟდეს 12, 7 კალიბრის ავტომატური და ექვსლულიანი ტყვიამფრქვევი.
სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ქართველი ოდიოზური ფიგურა ქართული ჯავშანმანქანის გამოჩენას არა სიხარულით, არამედ ქილიკით შეხვდა. იმის ნაცვლად, რომ "დიდგორის" შესახებ სიუჟეტის მომზადება დაევალებინა თავისი ხელქვეითებისთვის, ერთ–ერთი მარგინალური ტელეარხის არანაკლებ მარგინალმა დირექტორმა და ტელეწამყვანმა თავის გადაცემაში ეს ფაქტი ასე აღნიშნა: "რაღაც მანქანა გამოსულა, "ბახმარო" თუ "დიდგორი", – მე "ბახმაროს" დავუძახებ..."
კომენტარი