სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსი კრიმინალური პოლიციის შეფად – „სისტემა არ უნდა დაინგრეს?“ (ვიდეო)

დავით ბედია შს კრიმინალური პოლიციის უფროსად დაინიშნა. ბედია დღეს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა. დავით ბედიას ამ თანამდებობაზე „აღზევებას“ არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა საზოგადოებაში, თუმცა, საზოგადოების განწყობას ღარიბაშვილი ასე გამოეხმაურა:

„ბატონი ბედია არის პროფესიონალი პოლიციელი, ის თავისი საქმის ძალიან კარგი სპეციალისტია, თუ რაიმე ბრალეულობა მიუძღვის მას ამა თუ იმ აქციის დარბევაში, ამას გამოიძიებს, ან გამოიძიოს გამოძიებამ და გამოვლინდეს. „

საქმე ის გახლავთ, რომ დავით ბედია 2007 წელს ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ მოწყობილი საპროტესტო აქციის დაშლის პროცესს ხელმძღვანელობდა, შს სამინისტროს აჭარის სამმართველოს უფროსის რანგში.

ბედიას დანიშვნა, უპირველესად სტუდენტებმა გააპროტესტეს. მათი თქმით, 2007 წლის 8 ნოემბერს ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები დაარბიეს, რა დროსაც სპეცდანიშნულების რაზმი უნივერსიტეტში შეიჭრა და, თვითმხილველთა განცხადებით, მხუთავი გაზიც გაუშვეს. ამ საკადრო გადაწყვეტილების მიუხედავად, სტუდენტები, ჯერჯერობით არ აპირებენ ქუჩაში გამოსვლას და აქციის მოწყობას სლოგანით: „სისტემა უნდა დაინგრეს!“

ბედიას დანიშვნა კრიმინალური პოლიციის შეფად საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, რესპუბლიკელ ლევან ბერძენიშვილსაც არ მოეწონა. მან ცალსახად განაცხადა, რომ ამ თანამდებობაზე დავით ბედიას დანიშვნა შეცდომაა.

თავის მხრივ, თინა ხიდაშელმა განაცხადა: „მე მახსოვს 8 ნოემბერი ბათუმში, ძალიან კარგად მახსოვს და იმედი მაქვს, იქნება რეაქცია მყისიერი“, ხოლო შსსმ „მყისიერი რეაგირების“ სახით განცხადება გააკეთა: „დავით ბედია მუშაობს და იმუშავებს სამინისტროში!“

გთავაზობთ ვიდეოს გაზეთ "ბათუმელების" არქივიდან, სადაც კარგად ჩანს, რა სახის ოპერაციას ხელმძღვანელობდა დავით ბედია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100