სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ალექს გარსიამ „ჯეონიუსს“ ღია წერილი გამოუგზავნა

საფეხბურთო კლუბი თბილისის "დინამო" ესპანელმა მწვრთნელმა ალექს გარსიამ ცოტა ხნის წინ დატოვა. გადაწყვეტილება მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ მიიღო.

ამ ფაქტმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. თავად მწვრთნელი ესპანეთში გამგზავრებამდე კლუბის ხელმძღვანელობას, ფეხბურთელებსა და ქართველ გულშემატკივარს დაემშვიდობა. აღნიშნული ღია წერილი ალექს გარსიამ "ჯეონიუსს" გამოუგზავნა.

"არასოდეს ვამბობ მშვიდობით, რადგან ცხოვრებაში ყოველთვის არსებობს კიდევ ერთხელ შეხვედრის შანსი. მინდა მადლობა გადაგიხადოთ აქ გატარებული რვა თვისთვის, რომელსაც ყოველთვის სასიამოვნოდ მოვიგონებ. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის "დინამოს", მის პრეზიდენტს რომან ფიფიას და გენერალურ დირექტორს ზურაბ პოლოლიკაშვილს, რომლებმაც მომცეს შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ ვყოფილიყავი ამ დიდი გუნდის მთავარი მწვრთნელი.

მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ფეხბურთელს, თითოეული ვარჯიში და მატჩი ჩემთვის დაუვიწყარი იქნება. მადლობას ვუხდი სამწვრთნელო შტაბს, ექიმებს, ფიზიოთერაპევტებს და ადმინისტრატორებს, რომლებიც დამეხმარნენ, რომ კლუბში გატარებული ყოველი დღე ჩემთვის იოლი ყოფილიყო; განსაკუთრებით დიდ მადლობას ვუხდი გიორგი ყოლბაიას, რომელიც მუდამ ჩემს გვერდით იმყოფებოდა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც კლუბში არის დასაქმებული. მადლობას ვუხდი ფანებს, რომლებიც კარგ და რთულ მომენტში თბილისის "დინამოს" გვერდში ედგნენ. მადლობა ხალხს, რომელთა მხრიდანაც ყოველთვის ვგრძნობდი სიმპათიას, სიყვარულს, მეგობრობას, პატივისცემას.

მადლობა იმისთვის, რომ ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში. ნამდვილად არსად მეგულება ასეთი კლუბი, ასეთი ფანები და ასეთი ხალხი. ახლა თავს მეც ქართველად და თბილისის "დინამოს" ფანად ვგრძნობ.

ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი. ზოგჯერ გამომდიოდა, ზოგჯერ არა, მაგრამ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიღწვოდი დინამოსთვის. არ მჭირდება იმ ტყუილების განსჯა, რაც ჩემს მუშაობაზე და პროფესიონალიზმზე ითქვა. მე მაქვს სუფთა სინდისი, ღია გული და სუფთა ხელები. ჩემმა მშობლებმა მასწავლეს პატიება, წყენის დავიწყება და ცხოვრების გაგრძელება.

მე მაქვს ვალი მოსახდელი კლუბთან. მაქვს იმედი, რომ კვლავ მომეცემა საშუალება, რომ ვიყო მწვრთნელი თბილისის "დინამოსი".

მთელი გულით მინდა გამოვხატო უდიდესი სიყვარული თქვენდამი.

შეხვედრამდე.

ალექს გარსია

თბილისის "დინამოს" ექს–მთავარი მწვრთნელი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100