სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილი თამთა ლიპარტელიანის ოჯახს უსამძიმრებს

ნორვეგიის კუნძულ უტოიაზე მომხდარი ტერაქტის დროს, ქართველი გოგონა თამთა ლიპარტელიანი დაიღუპა. ტერორისტის ტყვიამ ის 22 ივლისს იმსხვერპლა. რამდენიმედღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ კი, მისი ცხედარი წყალში იპოვეს. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, გარდაცვლილი გოგონას მშობლებს, რომლებიც ოსლოში იმყოფებიან, მომხდართან დაკავშირებით უკვე აცნობეს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის განცხადებით, ცხედრის იდენტიფიცირების მიზნით, ნორვეგიულმა მხარემ თამთა ლიპარტელიანის თითის ანაბეჭდები გამოითხოვა, რომელიც ქართულმა მხარემ მას „ინტერპოლის“ საშუალებით მიაწოდა. ამის შემდეგ, ოფიციალურად დადასტურდა ლიპარტელიანის გარდაცვალების ფაქტი. უკვე ცნობილია, რომ გოგონას დაკრძალვის ხარჯებს ნორვეგიული მხარე საკუთარ თავზე აიღებს.

ოსლოში დაღუპული ქართველი გოგონას ოჯახს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმაც მიუსამძიმრა. მიხეილ სააკაშვილი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ნორვეგიაში განხორციელებული ტერაქტის შედეგად ქართველი გოგონას, თამთა ლიპარტელიანის გარდაცვალების გამო. „კუნძულ უტოიაზე დატრიალებული ტრაგედია, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა, უშუალოდ შეეხო ჩვენს ქვეყანას და კიდევ უფრო მძიმე აღმოჩნდა ქართველი ხალხისთვის. სამწუხაროა, რომ ამ ბარბაროროსული აქტის მსხვერპლი 23 წლის თამთაც აღმოჩნდა. უსაზღვროა, ამ ფაქტით გამოწვეული ტკივილი. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა“ - ნათქვამია პრეზიდენტის მიერ გაგზავნილ სამძიმრის წერილში.

შეგახსენებთ, რომ 22 ივლისს, ტერორისტი ანდერს ბრეივიკი კუნძულ უტოიაზე მდებარე ახალგაზრდულ ბანაკს თავს დაესხა და 84 ადამიანი მოკლა. თავდასხმის მომენტში კუნძულზე თამთა ლიპარტელიანთან ერთად იმყოფებოდა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ნათია ჩხეტიანი, რომელიც ტერორისტულ აქტს შემთხვევით გადაურჩა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100