„ფეისბუქს“ ფავორიტი „მგოსანი“, ვულკან ბოგრეშელი ჰყავს - მსახიობი ზურა პირველი (ვიდეო)
ნიჭიერმა მსახიობმა ზურა პირველმა, რომელიც მოცალეობის ჟამს „მგოსან ვულკან ბოგრეშელს“ განასახიერებს და ლექსებს ვიდეორგოლების სახით იწერს, გამოჩენისთანავე მიიპყრო ქართულენოვანი „ფეისბუქელების“ ყურადღება. რა თქმა უნდა, მისმა ხუმრობამ - განასახიეროს მგოსანი და გამოაქვეყნოს ორიგინალური, ხშირად, თითქოსდა აბსურდულობამდე მისული ლექსები, არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
არიან ისეთებიც, ვინც ზურა პირველს „მოცლილს“ უწოდებს და მის ახალ გატაცებას დროის კარგვად მიიჩნევს, უმრავლესობას კი მოსწონს მის მიერ ორიგინალური მანერით წაკითხული ლექსები, თუნდაც ასეთი:
„გაზა! გაზა!
ფხული! ფხული!
არ მოსულა ჯერაც, მაგრამ
გაგვიხარა ყველას გული!“
გემოვნებაზე რომ არ დაობენ, დიდი ხანია, დავის საგანი სწორედ ეს გახლავთ. მაგრამ პირადად მე თუ მკითხავთ, ზურა პირველის, იგივე ვულკან ბოგრეშელის კრიტიკოსებიდან ცოტა თუ მეგულება ისეთი, რომელსაც მისი ერთი ლექსი მაინც არ მოუსმენია და არ გაღიმებია, თუნდაც გულში... არადა, დიდი ხანი არ არის, რაც ბოგრეშელი ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა. თებერვლის დასაწყისიდანვე იგი ფავორიტად, ხოლო მისი ლექსების ფრაზები („კარიბის ზღვიდან გნოლი აფრინდა, გადაიფიქრა, ისევ დაფრინდა,/აქ რა მინდაო, იფიქრა გნოლმა,/ყორღანებიდან მოუხმო დოლმა“) ფრთიან ფრაზებად და ტაეპებად იქცა.
ფაქტია, რომ პატივისცემის ღირსია მსახიობი, რომელსაც როლის თამაში ასე ძალდაუტანებლად, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მეთოდით შეუძლია: ყველა ყველა და, ზურა პირველს მიმბაძველობას ვერავინ დასწამებს: არც მისი ლექსები ჰგავს ვინმეს იუმორისტულ ლექსებს და მათი კითხვის მანერა ხომ, მით უმეტეს...
„დრონი.ჯი“ წარმოგიდგენთ ვულკან ბოგრეშელის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ, ახალ ლექსს და მკითხველთა გამოხმაურებაზე დაკვირვების შემდეგ მის ახალ იუმორისტულ ვიდეორგოლებს პერიოდულად შემოგთავაზებთ.
კომენტარი