ჯგუფური თვითმკვლელობის მცდელობა თბილისში და რაიონის გამგებლის ფეისბუქ კომენტარი
“ის რაშიც მე დღეს მონაწილეობა მივიღე, მხოლოდ ფილმებში მქონდა ნანახი. 9 სართულიანი კორპუსის სახურავზე ასული 30 ადამიანი, რომელიც გადმოხტომას ცდილობს თუ პირობებს არ შეუსრულებენ.
აქვე გეტყვით, რომ სხვა პირებთან ერთად ვაწარმოე ამ ადამიანებთან მოლაპარაკება და ღვთის შეწევნით დავითანხმეთ უკიდურეს ფორმებზე უარი ეთქვათ. ეს ღვთის წყალობით მოხდა, სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა იმ ხალხის მშვიდობით ჩამოყვანა სახურავიდან. მადლობა ღმერთს!
ახლა რაც შეეხება საკითხს: ერთმანეთს ედავება მოქალაქეთა ორი მხარე, საკუთრების მოწმობის მქონენი და სახლებში 12 წლის წინ თვითნებურად შესულები. რადგან ორივე მხარეს ჩვენი მოქალაქეებია, დანიშვნის დღიდან ამ საკითხით აქტიურად დავინტერესდი, შევქმენი კომისია უპერეცედენტო წარმომადგენლობითობით (ყველა სამინისტრო) და განვიხილეთ ყველა საკითხი. ასეთი საფუძვლიანი დამოკიდებულება საკითხთან დკავშირებით არცერთი ხელისუფლების პირობებში არ ყოფილა. ხვალიდან, მერიაში მთავრობის წევრებისა და იმ კორპუსებში მცხოვრები მოქალაქეების ფორმატში ვიწყებთ შეხვედრებს რომ ვითამაშოთ მედიატორის როლი დაპირისპირებულ მხარეებს შორის.” – ასე გამოეხმაურა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ნაძალადების გამგებელი ზაზა გაბუნია, ზღვის დასახლებაში მომხდარ ინციდენტს.
შეგახსენებთ, რომ ზღვის უბნის დასახლებაში, დევნილებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს საპატრულო პოლიცია საცხოვრებელი კორპუსიდან ასახლებდა.
130-ზე მეტი ოჯახი, შესაძლოა, თავშესაფრის გარეშე დარჩეს, რადგან ბინები კერძო საკუთრებაშია და მათი მფლობელები მეტრომშენის თანამშრომლები არიან. თუმცა, როგორც დევნილები და სოციალურად დაუცველები აცხადებენ, მეტრომშენის თანამშრომლებს საბუთები გაყალბებული აქვთ.
ზღვის უბნის მოსახლეობა ბინების დაცლას არ აპირებს და პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს. ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც ითხოვენ შეხვედრას.
გუშინ გვიან ღამით კი მოსახლეობას ნაძალადევის რაიონის გამგებელი ზაზა გაბუნია შეხვდა და მათ საკუთარი კომპეტენციის პირობებში დახმარებას დაჰპირდა.
ხმაურიანი აქციის დასრულების შემდეგ, გვიან ღამით აქციის ერთ-ერთი მონაწილე ჯაბა სურგულაძე პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე გადაიყვანეს. ის სამართალდამცველების შეკითხვებს პასუხობდა. ლოტკინის მეხუთე განყოფილებაში იმყოფებოდა ნიკა მელიაც. მერობის ყოფილ კანდიდატს სურდა ინფორმაცია მიეღო, თუ რასთან დაკავშირებით იყო დაკითხვაზე დაბარებული აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
შეგახსენებთ, რომ ზღვის უბნის მეორე მიკრორაიონის ოთხ კორპუსში მოსახლეობა 2003 წლიდან არის შეჭრილი. მათი უმრავლესობა სოციალურად დაუცველია.
კომენტარი