ხმაური თელავის გამგეობასთან
თელავის მუნიციპილიტეტის გამგეობასთან სტიქიის შედეგად დაზარალებულების სიებთან დაკავშირებით ხმაურია. გამგეობასთან 100-მდე ადამიანია შეკრებილი. ისინი აცხადებენ, რომ სტიქიით დაზარალებული არიან, თუმცა იმ სიაში ვერ მოხვდნენ, ვისზეც კომპენსაციები უნდა გაიცეს.
სოფლების - რუისპირისა და ვარდისუბნის მოსახლეობის ნაწილის განცხადებით, როდესაც სტიქიის შედეგების დამთვლელი კომისია ხელახლა შედგა, სოფლის მოსახლეობის უმრავლესობა დაზარალებულთა შორის არ მოხვდა და სიები შერჩევით დაკომპლექტდა. თუმცა, მოსახლეობის წარმომადგენლებს უჭირთ იმის თქმა, თუ რა ნიშნით დაკომპლექტდა დაზარალებულთა სია.
გამგეობასთან შეკრებილები ამბობენ, რომ ყველა ერთნაირად არიან დაზარალებულები და ისინი დახმარებისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ და სთხოვენ, აღნიშნული საკითხით დაინტერესდნენ.
"ვითხოვთ, ივანიშვილმა მოგვაქციოს ყურადღება და არ იყოს შერჩევითი სიები. ვითხოვთ, კომლებზე გაიცეს დახმარება, როგორც ეს წინა ხელისუფლებამ გააკეთა. ბიძინა ივანიშვილმა წინასაარჩევნოდ რომ დაგვირიგა დაპირებები, თავს ნუ არიდებს ახლა", - აცხადებენ თელავის გამგეობასთან შეკრებილები.
ამ წუთებში გამგეობასთან შეკრებილების ნაწილი გამგებლის მოადგილის კაბინეტშია შესული. როგორც გამგებლის მოადგილე დავით ნაპირელმა "ინტერპრენიუსს" განუცხადა, კომისიები აგრძელებენ მუშაობას. მან მოსახლეობას პირობა მისცა, რომ თუ დადასტურდა, რომ სტიქიის დროს დაზარალდნენ, დამატებით სიებში მოხვდებიან.
ამასთან, "ქართუ ბანკის" თელავის ფილიალში სიები ჯერ არ არის გამოკრული. ბანკთან სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა დილიდან შეიკრიბა. სიები ჯერ არც სოფლის ტერიტორიულ ორგანოებში გამოუკრავთ.
კომენტარი