რა არის დალტონიზმი?
დალტონიზმი არის მხედველობის ნაკლი, კერძოდ, ნაწილობრივი ფერითი სიბრმავე, რომლის დროსაც ადამიანი ერთმანეთისგან ვერ განასხვავებს ზოგიერთ ფერს, მეტწილად – წითელსა და მწვანეს.
ეს დაავადება პირველად XVIII საუკუნეში აღწერა ინგლისელმა მეცნიერმა დალტონმა, რომელსაც თავად ჰქონდა ეს ნაკლი. სწორედ მისი სახელი დაერქვა დაავადებას. დალტონიზმი მამაკაცთა 8%-სა და ქალების 0,5%-ში გვხვდება.
ფერითი სიბრმავისა და დაქვეითებული ფერითი მხედველობის მქონე ადამიანები გარესამყაროს ჩვენგან განსხვებულად აღიქვამენ, მაგრამ ხშირად ვერ ხვდებიან ამას. ეს იმიტომ, რომ დალტონიზის მქონენი ბავშვობიდანვე სწავლობენ მათ გარშემო არსებული საგნების ფერებისთვის საზოგადოდ მიღებული სახელწოდების დარქმევას. მათ გამუდმებით ესმით და იმახსოვრებენ, რომ ბალახი მწვანეა, ცა – ლურჯი, სისხლი – წითელი. გარდა ამისა, შენარჩუნებული აქვთ ფერების სიმკვეთრის მიხედვით გარჩევის უნარიც.
არის შემთხვევები, როდესაც შეიმჩნევა მხოლოდ ფერთა შესუსტებული აღქმა – პროტანომალია (წითელი ფერის შესუსტებული აღქმა) და დეიტერანომალია (მწვანე ფერის შესუსტებული აღქმა).
ფერითი სიბრმავე თანდაყოლილიც შეიძლება იყოს და შეძენილიც. თანდაყოლილი ფერითი სიბრმავის ყველა ფორმა მემკვიდრეობითი ბუნებისაა. ამ პათოლოგიური მემკვიდრეობის მატარებლები ქალები არიან.
შეძენილი ფერითი სიბრმავე შეიძლება აღმოცენდეს მხედველობის ორგანოსა და ცენტრალური ნერვული სისტემის სხვადასხვა დაავადების დროს.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ფერითი მხედველობის დარღვევებს ავლენენ სპეციალური ცხრილების ან სპექტრული ხელსაწყოების მეშვეობით. დალტონიზმი მკურნალობას არ ექვემდებარება.
კომენტარი