სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"გენერალ შალიკაშვილის გარდაცვალებით, ამერიკამ ჭეშმარიტი ჯარისკაცი დაკარგა"

გენერალი ჯონ მალხაზ შალიკაშვილი, 75 წლის ასაკში, ვაშინგტონში, ტაკომაში მადიგანის სამხედრო–სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა. გენერლის ასისტენტ რეიჩელ მაკლეინის განცხადებით, სამოქალაქო პანაშვიდი 6 აგვისტოს გაიმართება. გენერალს იმავე დღეს არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე დაკრძალვენ.

მალხაზ შალიკაშვილის გარდაცვალების გამო, მწუხარება გამოთქვა ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. „გენერალ შალიკაშვილის გარდაცვალებით, ამერიკამ ჭეშმარიტი ჯარისკაცი და სახელმწიფო მოღვაწე დაკარგა. მისი არაჩვეულებრივი ცხოვრება ასახავს უსაზღვრო შესაძლებლობებს, რომლებსაც ამერიკა აძლევს იმ ხალხს, ვინც მას ემსახურება. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან მალევე, 16 წლის ასაკში, პოლონეთიდან ემიგრანტად ჩამოსვლიდან, როცა ინგლისურ ენას ჯონ ვეინის ფილმებიდან სწავლობდა, სამხედრო კარიერის აღმავლობამდე, შალიკაშვილის ცხოვრება „ამერიკული ოცნების“ განხორციელება იყო. რა მხრიდანაც არ უნდა მიუდგე, მან ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოდ და უკეთესად აქცია,“ - ნათქვამია ობამას განცხადებაში.

ობამამ შალიკაშვილის ერთ-ერთ უმთავრეს დამსახურებად, მეთაურთა შტაბის გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში, მის მიერ რუსეთისა და ამერიკის დაახლოებისკენ გადადგმული ნაბიჯები დაასახელა. „როგორც მეთაურთა შტაბის გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, მან ევროპასა და ამერიკაში ჩვენი კავშირები გააძლიერა; სცადა, რუსეთთან თავდაცვის სფეროში უფრო მჭიდრო კავშირი დაემყარებინა. ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობაში, ერთგულებდა იდეას - „პარტნიორობა მეგობრობისთვის.“ პარალელურად, ის ხელმძღვანელობდა წარმატებულ სამხედრო ოპერაციებს ბოსნიასა და ჰაიტიზე. დაუღალავად შრომობდა ჩვენი ჯარისკაცების, მეზღვაურების, მფრინავების, საზღვაო ქვეითების, სასაზღვრო დაცვისა და მათი ოჯახების ცხოვრების დონის ამაღლებისთვის, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

გენერალი შალიკაშვილის გარდაცვალების გამო, მწუხარება გამოთქვა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც. საქართველოს პრეზიდენტი მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის, გენერალ ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გენერალ შალიკაშვილის ოჯახს.

„ჯონი გახლდათ გამოჩენილი გენერალი, საკუთარი ქვეყნის საოცრად გამორჩეული პატრიოტი. ის იყო პირველი მაღალი რანგის ამერიკელი ოფიცერი, რომელიც შეერთებულ შტატებში არ დაბადებულა და ამის მიუხედავად, წარმოადგენდა ნიმუშს ამერიკული ოცნების აღსრულებისა. საკუთარი ქვეყნის მიმართ მისი განუზომელი სიყვარული, მისაბაძი და სამაგალითო ხდებოდა თითოეული მისი თანამებრძოლისთვის. ჯონი დაუღალავად იბრძოდა თავისი ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად, ისევე, როგორც მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრებისათვის მთელს მსოფლიოში. აშშ-ს გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელად მუშაობის პერიოდში, მას დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცებაში. მის ბრძნულ რჩევებზე აღიზარდა სამხედრო ლიდერთა მრავალი თაობა, რომელიც მას კვალდაკვალ მოყვებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯონი საქართველოში არ დაბადებულა, მას გულწრფელად უყვარდა თავის ისტორიული სამშობლო. ქართველ ხალხსაც განსაკუთრებულად ეამაყება, რომ ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილი იყო არა მარტო ამერიკის, არამედ ამ ქვეყნის ღირსეული შვილიც“ –აღნიშნა პრეზიდენტმა.

ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილი წარმოშობით ერთ-ერთ უძველეს ქართულ საგვარეულოს ეკუთვნოდა. მისი მშობლები იყვნენ პოდპოლკოვნიკი, თავადი დიმიტრი შალიკაშვილი და გრაფინია მარია ალექსანდრეს ასული რიდიგერ-ბელიაევა. ის დაიბადა პოლონეთში, დიმიტრი შალიკაშვილის ოჯახში, რომელიც 1918-1921 წწ. დამოუკიდებელი საქართველოს ჯარში „პოდპოლკოვნიკის“ წოდებით მსახურობდა.

საქართველოს ბოლშევიკური რუსეთის მიერ დაპყრობის შემდეგ, დიმიტრიმ, მეუღლესთან ერთად, თავი პოლონეთს შეაფარა, სადაც მათ სამი შვილი – ოთარი, მალხაზი და გეილი გაუჩნდათ. მეორე მსოფლიო ომში დიმიტრი გერმანელებთან ერთად ქართულ ბრიგადაში იბრძოდა, საქართველოს ბოლშევიკური რუსეთისაგან გათავისუფლების მიზნით. შემდეგ, მისი სამხედრო ერთეული ბრიტანელებმა იგდეს ხელთ და ომის ბოლომდე, მან სამხედრო ტყვეთა ბანაკში გაატარა. 1943 წელს, დიმიტრის მეუღლე, სამ შვილთან ერთად, იძულებული გახდა დაეტოვებინა ცეცხლმოდებული ვარშავა და მათ პაპენჰაიმში (გერმანია) გაქცევით უშველეს თავს. ტყვეობიდან გათავისუფლებული დიმიტრი ოჯახს დაუბრუნდა.

1952 წელს, შალიკაშვილები აშშ-ში გადასახლდნენ და ბინა პეორიაში (ილინოისის შტატი) დაიდეს. პეორიაში მალხაზმა დაამთავრა საშუალო სკოლა. 1958 წლის ივნისში, მან მანქანათმშენებლობის ბაკალავრის ხარისხი მიიღო ბრედლის უნივერსიტეტში. 1958 წლის მაისში, შალიკაშვილების ოჯახმა აშშ–ის მოქალაქეობა მიიღეს. შემდგომ, მალხაზი საკუთარი ნებით შევიდა ამერიკის არმიაში, სადაც დაიწყო მისი სამხედრო კარიერა. 1993 წლის 25 ოქტომბერს, პრეზიდენტ ბილ კლინტონის გადაწყვეტილებით, გენერალი ჯონ მალხაზ შალიკაშვილი დაინიშნა შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარედ.

1997 წლის სექტემბერში, ამერიკის არმიაში 38 წლიანი მსახურის შემდეგ, გენერალი შალიკაშვილი საკუთარი სურვილით გათავისუფლდა. შალიკაშვილი იყო სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, სადაც იგი მოღვაწეობდა საერთაშორისო უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ცენტრში. 2004 წელს, ჯონ მალხაზ შალიკაშვილი მრჩევლი იყო ჯონ კერის საპრეზიდენტო კამპანიაში. გარდაცვლილ გენერალს მეუღლე და ერთი შვილი დარჩა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100