სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სალომე ზურაბიშვილი: განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს

“მე საპრეზიდენტო ადმინისტრაციაში მეყოლება განათლების სფეროს საუკეთესო ექსპერტები, მათ მოგვიანებით გაგაცნობთ”, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა თელავში, ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.


სალომე ზურაბიშვილმა განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა, ის თვლის, რომ აღნიშნული დარგი პრიორიტეტული უნდა იყოს. „განათლება არის, თემა რომელსაც ჯერ არსად შევხებივარ, არც ერთ ქალაქში, არც ერთ ადგილას, რადგან ძალიან ვუფრთხილდები. ეს არსი ჩვენი ქვეყნის ერთ–ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა და ვარჩიე, რომ აქ, თელავში გითხრათ რამდენად მნიშვნელოვანია განათლება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის.

ხშირად საუბარია ეკონომიკაზე და ინვესტიციაზე, უცხოელ ინვესტორებზე და გაუთავებლად ამას ვატრიალებთ. ცხადია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე ძალიან კარგად ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული თქვენგანისთვის დასაქმება, ოჯახის ფეხზე დადგომა და რომ ეს ეკონომიკის და განვითარების გარეშე არ ხდება. თუმცა იქ, სადაც განათლება არ არის, არც საზოგადოებაა, არც ეკონომიკა, არის მხოლოდ სხვა ქვეყნებიდან გადმოტანილი. თუ გვინდა ჩვენი განვითარება, ჩვენივე განათლება უნდა გვქონდეს. მიმდინარეობს განათლების ახალი რეფორმა და თავს ვიკავებ შეფასებისგან.

უნდა ვთქვა აუცილებლად, რომ უნდა დაბრუნდეს გოგებაშვილის წიგნი სკოლაში. ეს არის ჩვენი განათლების საწყისი. მე თუ რამე ვიცი საქართველოზე, როდესაც ვკითხულობდი გოგებაშვილის წიგნიდან ჩემი საქართველო იყო ასო „მ“ -ზე , მუხა და ის მუხა, რომელსაც აქ ვხედავ. ეს წიგნი ძალიან ძლიერია მე დღესაც შენახული მაქვს ის. განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს. მე საპრეზიდენტო ადმინისტრაციაში მეყოლება ამ დარგის საუკეთესო ექსპერტები, მათ მოგვიანებით გაგაცნობთ. მე მივყვები ამ რეფორმას კვალდაკვალ და თუ საკრიტიკო იქნება, თუ ისეთი არ იქნება, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, მაშინ ნამდვილად დამოუკიდებელი ვიქნები და არა რომელიმე მთავრობის გამგრძელებელი. თქვენთან ერთად, თქვენ მეტყვით, ვარგა თუ არა ეს ახალი რეფორმა”, – მიმართა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100