სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სმენადაქვეითებულ ბავშვთა რეაბილიტაციისთვის საქველმოქმედო ფონდი დაფუძნდა

ფონდმა "ქართული გალობა" და ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა საქველმოქმედო ფონდი "აი ია" დააფუძნეს, რომელიც სმენადაქვეითებულ ბავშვთა რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას ისახავს მიზნად.ფონდის დამფუძნებლის, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის განცხადებით, მართალია სახელმწიფო სმენის აღდგენის ძვირადღირებულ ოპერაციებს აფინანსებს და ეს დიდი შვებაა სმენადაქვეითებულ ბავშვთა ოჯახებისთვის, თუმცა მათი სრულფასოვანი გამოჯანმრთელებისათვის, პოსტოპერაციული რეაბილიტაციის სრული კურსის გავლაა აუცილებელი.
"ჩვენ ჩავერთეთ ამ პროცესში, რათა სმენადაქვეითებულ ბავშვთა რეაბილიტაციის ციკლი ბოლომდე იქნეს მიყვანილი. საბჭოს წევრების პროფესიონალიზმი იმის გარანტიაა, რომ ამ საქმეს წარმატებულად განვახორციელებთ",- განუცხადა ჩხარტიშვილმა ჟურნალისტებს.
ფონდის თავმჯდომარის, პედიატრის, პროფესორ ქეთევან ნემსაძის განცხადებით, სმენადაქვეითებულ ბავშვთა პოსტოპერაციული რეაბილიტაციის სრული ციკლის უზრუნველსაყოფად დაგეგმილია სპეციალური სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა და მის საქმიანობაში გამოცდილი კადრების ჩართვა.
"ვაპირებთ მოვიზიდოთ უცხოელი ექსპერტები, რათა დარგის სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლება და განათლება გახდეს უწყვეტი. წარმატებისთვის ასევე აუცილებელია სმენადაქვეითებულ ბავშვთა რეაბილიტაციის პროცესში მშობლების სრულფასოვანი ჩართვა, მათი განათლება, სმენადაქვეითებულ ბავშვებთან მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავება, საზოგადოების სოლიდარობა, მხარდაჭერა ასეთი ოჯახისა და ბავშვებისადმი", - აღნიშნა ქეთევან ნემსაძემ.
დირიჟორი ვატო კახიძე მიიჩნევს, რომ რეაბილიტაცია შესაძლებელი იქნება ასეთი ბავშვებისთვის ქართული მუსიკის მოსმენით.
"ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ ფონდის დამფუძნებელთა შორის ვარ. უსიტყვოდ დავთანმხდი ბატონი ვანოს წინადადებას, რადგან ეს არის უაღრესად კეთილშობილური საქმე. გარდა სახელმწიფო ჩართულობისა, რამდენადაც ვიცი, ძალიან დიდი პრობლემაა სმენადაქვეითებული ბავშვების რეაბილიტაციის პროცესი.ფაქტობრივად, ოპერაცია შეიძლება არაეფექტური აღმოჩნდეს, თუ ამას თან არ სდევს სწორი რეაბილიტაცია. ამიტომ ფონდის ძირითადი საქმიანობა იქნება ეს. ფონდში ძირითადი წამყვანი ძალა ჩვენი ცნობილი ექიმები არიან. რაც შეგვეხება ჩვენ, მუსიკოსებს, ჩვენ როლზეც მოგახსენებთ. თურმე ამერიკაში ასეთი პროგრამა არსებობს, რომელსაც "baby mozart" ჰქვია. რეაბილიტაციის დროს, მოცარტის მუსიკას ასმენინებენ ბავშვებს. თუ არსებობს მოცარტის მუსიკის მაგალითზე, ალბათ შეიძლება ქართულ მუსიკაშიც მოიძებნოს ანალოგები, არამარტო კლასიკურში, ფოლკლორშიც, რომელშიც ძალიან დიდი ნაწილი არის "იავნანები". ეს არის ალბათ კარგად მოსანახი, მაგრამ ექიმებთან ერთად სწორ მეთოდოლოგიას შევარჩევთ. ოღონდ კი რამე წაადგეს ამ ბავშვებს. ჩვენ გვჭირდება ჯანმრთელი თაობა, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს წარმატებული და ძლიერი", - განაცხადა კახიძემ.
ფონდი ქართული ენის დღეს დაფუძნდა და მისი მმართველი საბჭოს წევრები არიან ფონდის საბჭოს თავმჯდომარე, პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ქეთევან ნემსაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა დეპარტმანეტნისა და ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი შოთა ჯაფარიძე, ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრის და ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი ივა ქევანიშვილი, ფონდ "აურეს" ხელმძღვანელი ეკატერინე თორთლაძე, ანსამბლ "რუსთავის" ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი, ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი, თბილისის სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი ვატო კახიძე, ფონდ "ქართული გალობის" გენერალური დირექტორი ნანა გოთუა და ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100