სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"არ გვინდა ადამიანების ცხედრების ნახვა ტელევიზიით" - ტრაგედიის ვულგარიზების შესახებ

13 ივნისს საქართველოში ვბრუნდებოდი. თვითმფრინავი აგვიანებდა. დაგვიანები მიზეზად რომის თავზე არსებულ ღრუბელსა და დიდი რაოდენობით ნალექს ასახელებდნენ. თბილისში მშვიდობით ჩამოვედი. აეროპორტი სულ მშრალი იყო და როგორც მითხრეს, ერთი წვეთიც არ ჩამოვარდნილა. თუმცა დილის ხუთ საათზე სახლისკენ მიმავალმა ქალაქში მანქანების უჩვეულო სიმრავლე შევნიშნე, ხოლო ფილარმონიასთან გზის ჩამკეტ ბარიკადებზე მიმწყდარი ხალხი რაღაცის დანახვას ცდილობდა.

ადამიანებს გვიყვარს სანახაობა. ჩვენ იმდენად გვიყვარს სანახაობა, რომ კოლიზეუმიც კი ავაშენეთ. სწორედ ამიტომ ჟურნალისტური მოხერხებაც მით უკეთესად ითვლება, რაც უფრო ახლოდან გვანახებს ტრაგედიის, სეირის ან სხვა სახის სანახაობის სცენას. მეტიც, როდესაც ჟურნალისტს კონკურენტები ჰყავს, მას შეუძლია ტრაგედია აუდიო ან ვიზუალური ეფექტებით ან სულაც ტრაგედიის ადგილზე ნეონით განათებული სცენის ჩადგმით გაამძაფროს.

ამ ყველაფერში პრობლემური არაფერია. ჩვენ სამომხმარებლო საზოგადოება ვართ და მედიას რასაც და როგორი ფორმითაც ვუკვეთავთ, იმასვე ვიღებთ მისგან. სწორედ ამიტომ ქართულ საზოგადოებაში ფაქტობრივად მცირე დოზის პროტესტიც კი არ გაჩენილა იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო დღეებში ქართული მედიასაშუალებები არა მხოლოდ ცხოველების, არამედ ადამიანების ცხედრების ახლო რაკურსიდან გადაღებასა და ტირაჟირებაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.

ეს ყველაფერი პირველად არ მომხდარა. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ადამიანის სიკვდილს უკავშირდება, ქართულ მედიაში აუცილებლად გვამის ან სისხლით მოსვრილი სიკვდილის სცენის ჩვენებას გულისხმობს. მაგრამ პრობლემა აქაც არ არის. პრობლემა მხოლოდ მაშინ დგება, როდესაც ადამიანური ტრაგედიის ვულგარიზება ხდება.

ტრაგედიის ვულგარიზებაში ერთმანეთს, როგორც წესი, რამდენიმე ტოკ-შოუ უწევს ხოლმე კონკურენციას. ამჯერადაც ქართველ ტელემაყურებლებს სამი დიდი ჟურნალისტის (გია ჯაჯანიძის გამოკლებით) შემოქმედებას შორის შეგვეძლო არჩევანი გაგვეკეთებინა. ეკა ხოფერიას, მაია ასათიანისა და ნანუკა ჟორჟოლიანის შოუები ის გადაცემები იყო, რომლებშიც, სავარაუდოდ, მეკობრულად მისაკუთრებული ჰოლივუდური კინოს მუსიკა და უხარისხო ვიდეო ეფექტები არ დაიშურეს, რათა ისედაც უმძიმესი ტრაგედია კიდევ უფრო გაემძაფრებინათ.

ამ სამიდან ნანუკა ჟორჟოლიანი ყველაზე ყოჩაღი აღმოჩნდა. ის რეზინის ბოტებით პირდაპირ შემთხვევის ადგილას გაიქცა და ნეონით განათებულ სცენაზე მაღალქუსლიან ფეხსაცმელებზე შემომდგარი კოლეგებისგან განსხვავებით, ჯერ ტალახებში იარა, შემდეგ კი პირდაპირ ჰიპოპოტამის გალიაში ჩაძვრა. მაიამ და ეკამ კი ყველაფერს ისევ მშობლიური სტუდია ამჯობინეს. იმ განსხვავებით, რომ თუ ეკა ხოფერიას რუსეთში გადახვეწილი ჩვენთვის უცნობი “ქართული შოუ ბიზნესის წარმომადგენლების” აზრები გვასმენინა, მაიამ, არც მეტი არც ნაკლები, პირდაპირ დაზარალებული ოჯახი და ბავშვები (!!!) მოიყვანა სტუდიაში და იმ უბედურებაზე ალაპარაკა, რაც მათ დაემართათ.

სამივე შოუს ერთი რამ ჰქონდა საერთო - ჭირისუფლებთან ჩაწერილი ჰოლივუდური მუსიკით გაფორმებული ინტერვიუები. სწორედ აქ დგება ეთიკის საკითხი. მსგავსი დრამატურგია ცინიკურს ხდის იმ სამძიმარსაც კი, რომელსაც დაღუპულის ოჯახებს უცხადებენ ტელევიზიები და შოუების წამყვანები.

დასასრულ, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საზოგადოების დიდ ნაწილში ზემოთხსენებული შოუები დადებითი რეპუტაციით არ სარგებლობენ, მაგრამ სანამ მათი მთავარი არგუმენტი საკუთარი რეიტინგია, ჩვენ ჩუმად ვართ და არ ვაპროტესტებთ, არ ვამბობთ რომ არ გვინდა ადამიანების ცხედრების ნახვა ტელევიზიით. არ ვამბობთ, რომ ჩვენ ისედაც გვჯერა და გვესმის იმ ტრაგედიის სიმძიმე და მნიშვნელობა, რომელიც თბილისში 13 ივნისის ღამეს დატრიალდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100