"დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში შეტანილ სადავო ცვლილებებს პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა
პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე თქვა, რომ "დაგროვებითი პენსიის" შესახებ კანონში ცვლილების თაობაზე პაკეტს დღეს ხელს ის მოაწერს. სადავო ცვლილებებს ხელი პრეზიდენტმა არ მოაწერა.
კანონი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა.
"საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, ჩვენ მივიღეთ პაკეტი „დაგროვებითი პენსიის“ შესახებ კანონში ცვლილების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისგან მოგვივიდა წერილი, რომ ის არც ხელს აწერს კანონს და არც მოტივირებული შენიშვნებით აბრუნებს მას, ანუ ვეტო არ არის. იმის გათვალისწინებით, რაც ჩვენ ვიხილეთ წინა ვეტოებთან დაკავშირებით, რომ არგუმენტად „იმიტომ“ იყო მოყვანილი, როგორც ჩანს, ამჯერად „იმიტომ“ არგუმენტით არ სურდა ქალბატონ სალომეს საპარლამენტო მდივანს პარლამენტში მოსვლა და ამიტომ ხელი არ მოაწერა მას. აქედან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მე მოვაწერ ამ კანონს დღეს ხელს", - თქვა პაპუაშვილმა.
მოგვიანებით საკითხზე ბრიფინგი გამართა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ. მან განმარტა, რომ აღნიშნული არ ნიშნავს პარლამენტში შენიშვნებით კანონის დაბრუნებას და რომ პრეზიდენტმა გამოიყენა კონსტიტუციური უფლება, უკან გაეგზავნა კანონი პარლამენტში.
კომენტარი