ყველა გზა რომში მიდის: ჯო ბაიდენი საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს ხვდება
მსოფლიო პრესა და მსოფლიოს გავლენიანი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ფრთიანი ფრაზა: „ყველა გზა რომში მიდის“ საქართველოსთვის და რუსეთისთვის, ნაწილობრივ შეერთებული შტატებისთვისაც, ხუთშაბათს კიდევ ერთხელ ახდება: აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი იტალიის დედაქალაქში რიგრიგობით ხვდება საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს.
მართალია, შეხვედრებზე განსახილველი საკითხები დაანონსებული არ არის, მაგრამ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საუბრის თემა რუსეთის მსო-ში (მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია) გაწევრიანება იქნება.
მავანთა გასაგონად, ჯოზეფ ბაიდენმა უკვე დააფიქსირა საკუთარი და, შესაბამისად, აშშ-ის პოზიციაც იმასთან დაკავშირებით, რომ მსო-ში შესვლასთან დაკავშირებით რუსეთმა უშუალოდ საქართველოსთან უნდა მოილაპარაკოს.
ჯო ბაიდენი, მიხეილ სააკაშვილი, დიმიტრი მედვედევი და კიდევ თითქმის 70 ქვეყნის ლიდერი რომში იტალიის პრეზიდენტმა, ჯორჯო ნაპოლიტანომ მიიწვია, რათა ერთად იზეიმონ ერთიანი იტალიური სახელმწიფოს შექმნის 150 წლისთავი.
ჯო ბაიდენი სააკაშვილსა და მედვედევს 2 ივნისს შეხვდება. საგულისხმოა, რომ ბაიდენისა და სააკაშვილის შეხვედრა პირისპირ გაიმართება, ბაიდენისა და მედვედევის კი - სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში და მასში მესამე პირი იტალიის პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი იქნება.
უცხოეთის დანარჩენი ქვეყნების ექსპერტთა მსგავსად, რუსი ექსპერტი, ალექსანდრე კონოვალოვიც მიიჩნევს, რომ ბაიდენის ორივე შეხვედრის მთავარი თემა მსო-ში რუსეთის შესვლის საკითხი იქნება:
„ამერიკა დაგვპირდა, რომ ხელს შეუწყობდა რუსეთის შესვლას მსო-ში. ამ საქმეში კი წინაღობა საქართველოა. საჭიროა ჩიხში შესული სიტუაციის გამოსწორება, ეს კი ამერიკას შეუძლია“, - განუცხადა კონოვალოვმა bbcrussian.com.- ს.
ქართველი ანალიტიკოსი, რამაზ საყვარელიძეც მიიჩნევს, რომ ბაიდენი პრეზიდენტებთან მსო-ს საკითხს აუცილებლად განიხილავს:
„სავარაუდოდ, ქართული მხარე აშშ-სგან მოითხოვს რაიმე სხვა საკითხების გამარტივბებას, თუკი იძულებული გახდება, რუსეთთან დათმობაზე წავიდეს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
„რუსები ამბობდნენ, რომ მსო-ში საქართველოს გვერდის ავლით გაწევრიანდებოდნენ. წარმატებებს ვუსურვებ მათ, აბა, სცადონ!“ - ეს საქართველოს პრეზიდენტის ერთ-ერთი ბოლო ფრაზაა.
საქართველო, როგორც მსო-ს წევრი ქვეყანა, რუსეთის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებას ბლოკავს, მოითხოვს რა მისგან, დაუშვას მებაჟეები 2008 წლის აგვისტოში რუსების მიერ „გადასინჯულ“ შიდა საზღვრებთან სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. რუსეთი და საქართველო შვეიცარიის შუამავლობით ამ საკითხზე მოლაპარაკებებს ამა წლის მარტიდან მართავენ, თუმცა, ორივე მხარე ერთმანეთს ამ ეკონომიკური საკითხის პოლტიკურ ჭრილში გადაყვანაში ადანაშაულებს. მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი, რომელიც 2 ივნისს იყო დანიშნული, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს-ცენტრის ცნობით, გაურკვეველი ვადით გადაიდო.
მსო-ს საკითხი მოსკოვში ჯო ბაიდენის ვიზიტის დროსაც განიხილებოდა, ამა წლის მარტში. სწორედ მაშინ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, რომ რუსეთს მსო-ში გაწევრიანება საქართველოს თანხმობის გარეშეც შეუძლია:
„თუკი ჩვენი ქართველი კოლეგები პრინციპულად იდგებიან თავიანთ, პოლიტიზირებულ პოზიციაზე, მაშინ მოგვიწევს მსო-ში გაწევრიანების საკითხის გადაწყვეტა მათი მონაწილეობის გარეშე. ასეთი შესაძლებლობებიც არსებობს“, - თქვა ლავროვმა.
მიხეილ სააკაშვილმა ამ გამოხდომას საკმაოდ მკაცრად უპასუხა მარტის ბოლოს, როცა ინტერვიუ მისცა ავტორიტეტეული ამერიკული ჟურნალის, Foreign Policy-ს საიტს:
„მე გავიგე, რომ რუსებს უთქვამთ - საკმარისია ჯო ბაიდენის ერთი ზარი მიხეილ სააკაშვილთან და ის ენას ჩაიგდებსო. ეს ასე არ არის და ეს კარგად იციან ამერიკელებმა, ამიტომაც ცდილობდნენ რუსების დარწმუნებას. და აშშ-ის სწორედ ამგვარი პოზიციის გამო, ბოლოს და ბოლოს, რუსები მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ, რაც უკვე დიდი პროგრესია“, - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.
სერგეი კონოვალოვი მიიჩნევს, რომ მსო-ში გაწევრიანების გარდა, ბაიდენი მედვედევთან საქართველოში შექმნილ შიდაპოლიტიკურ სიტუაციასაც განიხილავს, ასევე ავღანეთის საკითხთან დაკავშირებით რუსეთთან თანამშრომლობასა და იარნთან ურთიერთობაზეც ისაუბრებს, რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს, რომ სააკაშვილთან შეხვედრაზე ბაიდენი საქართველოს შიდა მდგომარეობით დაინტერესდება:
„ალბათ, საუბარი იქნება იმაზე, თუ რა დონეზეა დღეს დემოკრატია საქართველოში, ისაუბრებენ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის, ბოლო კვირის მანძილზე მომხდარ ამბებზეც“, - ამბობს ქართველი ანალიტიკოსი.
კომენტარი