ყველას გთხოვთ, შეურაცხყოფა არ მივაყენოთ ერთმანეთს და თავს არ დავესხათ ჟურნალისტებს - ხაბეიშვილი
ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი თანაპარტიელებს მოუწოდებს, ერთამენთს შეურაცხყოფა არ მიაყენონ და ტავს არ დაესხნენ ჟურნალისტებს, მიუხედავად მათი კითხვებისა და პოზიციისა.
ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, რომ იმ ადამიანების დაპირისპირება, ვისაც რეალურად საერთო ღირებულებები და ერთი მიზანი აქვთ, დიდი შეცდომა და დანაშაულია, სწორედ ამიტომ, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის უმორჩილესი თხოვნაა, რომ პარტიელებმა ერთმანეთი გაითვალისწინონ და ოპონენტებს დამატებით სალაპარაკო და გასარჩევი არ მისცენ.
ერთმანეთზე თავდასხმა, შეურაცხყოფა და დაყოფა არ არის ის, რაც დღეს ჩვენ ხალხს, საქართველოს, თითოეულ ჩვენგანს სჭირდება.
რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელებში აქტიურად ხდება თავდასხმა ჟურნალისტებზე, მათი პოზიციის გარჩევა და სამწუხაროდ, რიგ შემთხვევაში შეურაცხყოფა. უმნიშვნელოვანესია ყველას ესმოდეს, რომ რუსი ოლიგარქისა და რუსული პროპაგანდის პირობებში, დამატებით იმ ადამიანების დაპირისპირება, ვინც რეალურად საერთო ღირებულებებზე და ერთ მხარეს ვართ, დიდი შეცდომა და დანაშაულია.
ჩემი უმორჩილესი თხოვნაა, გავითვალისწინოთ ერთმანეთი და პუტინისტებს ნუ მივცემთ დამატებით სალაპარაკოს და გასარჩევს. ყველა ჟურნალისტს აქვს უფლება ჰქონდეს მისი პოზიცია, იყოს კრიტიკული და დასვას ყველა ის კითხვა, რაც აქტუალურია და აინტერესებს.
პოლიტიკურ საკითხებს გავარკვევთ, გავარჩევთ და ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ პოლიტიკოსები. გარკვეულმა განსხვავებებმა არ უნდა დაგვაშოროს და დაგვაზიანოს საერთო მიზნისკენ სიარულში, ეს მიზანი კი მკაფიოა - საქართველოს ევროპული მომავალი. მე ვფიქრობ, რომ მაქვს პასუხისმგებლობა ხალხთან, ნებისმიერ კითხვაზე მზად ვარ საპასუხოდ და შესაბამისად მედიების, ჟურნალისტების უმრავლესობას მოეხსენება, რომ ყველა ჯერზე ვცდილობ ამომწურავად ვუპასუხო ყველა დასმულ შეკითხვას.
მინდა ყველას გთხოვოთ, რომ შეურაცხყოფა არ მივაყენოთ ერთმანეთს, თავს არ დავესხათ ჟურნალისტებს, მათი პოზიციის, შეკითხვის თუ ინტერპრეტაციის გამო.
ყველაფერი გამოგვივა, ყველაფერს შევძლებთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ". - წერს ხაბეიშვილი.
კომენტარი