სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სს ტერაბანკის ოფიციალური განცხადება

27 მარტს საერთაშორისო სავაჭრო პალატის ორგანიზებით ჩატარებულ მრგვალ მაგიდაზე განხილული იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი სასამართლო დავა, მათ შორის სს ტერაბანკის დავა ბანკის მიერ დასაკუთრებული ერთ-ერთი ქონების ყოფილ მესაკუთრესთან. განხილვის მიზანს წარმოადგენდა იმის დემონსტრირება, თუ როგორ აისახება ცალკეულ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზე და საქართველოს რეპუტაციაზე, იყოს მიმზიდველი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად.

სს „ტერაბანკის“ ზემოაღნიშნული დავის მოკლე ისტორია ამგვარია:

2015 წელს ბანკმა დაისაკუთრა პრობლემური სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავებული ქონება, რომელიც ყოფილმა მესაკუთრემ ვალდებულების დასაფარად ნებაყოფლობით, კანონის სრული დაცვით გადასცა ბანკს. ბანკი გეგმავდა ქონების რეალიზებას, თუმცა კლიენტმა მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ქონების გასხვისების აკრძალვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნულ აქტივებს დაედოთ შეზღუდვა და ბანკს აეკრძალა მათი რეალიზაცია.

სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ძალაშია უკვე თითქმის ერთი წელია, ხოლო საქმის არსებითი განხილვა ჯერაც არ დაწყებულა. შედეგად ბანკი ვერ ახორციელებს ქონების რეალიზაციას და ყოველდღიურად მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი ადგება. ამ ზარალის ანაზღაურებისთვის ბანკმა არაერთხელ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოსალოდნელი ზიანის მოსარჩელის მიერ უზრუნველყოფა, რაზეც უარი მიიღო.ბანკმა არაერთხელ შესთავაზა ყოფილ კლიენტს, თავად გამოესყიდა ქონება, თუმცა საქმის ასეთი ფორმით გადაწყვეტა მოსარჩელის ინტერესებში არ შედის და ცდილობს მაქსიმალურად გააჭიანუროს დრო.

ტერაბანკის მფლობელია არაბული საინვესტიციო ჯგუფი. მისი ერთ-ერთი უმსხვილი დამფუძნებელია შეიხი ნაჰაიან მაბარაკ ალ ნაჰაიანი, რომელმაც საქართველოში უკვე განახორციელა 250 მლნ. დოლარზე მეტის ინვესტიცია. გარდა ბანკისა, იგი ფლობს სასტუმრო „ბილტმორს“ და მომავალში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს სხვადასხვა მიმართულებით. თუმცა, ბუნებრივია, ინვესტორების შემდგომ გადაწყვეტილებებს განაპირობებს ის ფაქტი თუ რამდენად იქნება უზრუნველყოფილი ცალკეულ სასამართლო დავაზე მათი კანონიერი ინტერესების ეფექტურად დაცვის შესაძლებლობა.

იმედს გამოვთქვამთ, რომ სასამართლო ხელს შეუწყობს დავის მაქსიმალურად სწრაფად დასრულებას და საქართველოში ინვესტიციების მოცულობა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100