"მალიარი ხარ ბიჭო?!"
27 მაისი ივანიშვილისთვის შესაძლოა პოლიტიკური კარიერის დასასრული აღმოჩნდეს. მერე, მისი ფულების თვალცრემლიანი ფანები დანანებით იტყვიან, „ან მოსვლა რა იყო, ან წასვლა“. არადა, ახლა როცა, ბიძინას ჰგონია, რომ პოლიტიკაშია, გულში ყველა მათგანი ასე ფიქრობს, „გინდ მკვდარი, გინდ პოლიტიკაში მოუსვლელი“. ბიძინა ვითომ პოლიტიკაშია. ჰოდა 27 მაისს მის ამ „ვითომ პოლიტიკოსობასაც“ წერტილი დაესმება.
პოლიტიკას არ უყვარს სიტყვის გამტეხი ადამიანები. ბიძინამ თავისი პირველივე პირობა, რომ ემიჯნება ქუჩის აქციებს, დაარღვია. „აურის დამბინძურებელთა“ გავლენით თუ რუსეთის დავალებით, მან რამდენიმე თვით ადრე დაიწყო მაისის აქციების დაანონსება.
ბიძინა, რომელიც, ცუდად ერკვევა ქართულ ლიტერატურაში და ხალხურ გამონათქვამებში, იმედია მშობლიურ რუსულს კარგად იცნობს. წესით, ისიც უნდა იცოდეს, რომ მისთვის საყვარელ პუტინზე ჭკვიანი რუსები ამბობდნენ - „სიტყვა ბეღურა არ არის, თუ გაფრინდება, რომ დაიჭირო“...
ბიძინას სიტყვებიც ბეღურებივით მიფრინავენ. ასე სასაცილოდ გაფრინდა მეორე მუქარანარევი პირობაც, იმის შესახებ, რომ აქციები მაინცდამაინც 26–ში გაიმართებოდა. ბიძინა იძულებული გახდა, სიტყვა უკან წაეღო და ფანკლუბი 27–ში დაებარებინა. ამ შემთხვევაში მხოლოდ ქუჩის აქციებზე ვსაუბრობთ, თორემ, ისე ბიძინას გაფრენილ ბეღურებს რა დათვლიდა.
ივანიშვილი, უნდა ხვდებოდეს, რომ აქციების სიმძიმეს ხალხის მასის მართვას, მისი უქარიზმო, ბეჩავი ფიზიონომია ვერ შეძლებს. თუმცა იგი უპასუხისმგებლო პიროვნებაა, მისთვის როგორც მოულოდნელად გამდიდრებული, დაბალი ინტელექტის „ახალი რუსისთვის“, პრობლემას არ წარმოადგენს დაიბაროს გაბრიყვებული ფანკლუბი და მერე მათვე შეატოვოს პასუხისმგებლობა.
ბიძინას გასაქცევი აქვს, ბოლოსდაბოლოს მშობლიური, დიადი რუსეთი. მაგრამ რა ეშველება გაბრიყვებულ ბრბოს, რომლის ადგილიც ბიძინას თვითმფრინავებში არ იქნება? როცა მისი მეხოტბენი მიხვდებიან, რომ ბიძინა "ცნობილი კომპოზიტორი" კი არა, ჩვეულებრივი რიგითი "მალიარია", მისი თვითმფრინავი უკვე "კრასნი პლოშადზე" იქნება...
ბიძინას აქციების პერსპექტივა ასეთია. რომელიმე პუტინურ არხზე, პასტელისფერი პერანგიანი ჭორვილელი ოლიგარქი, საკუთარ წარუმატებელ პოლიტიკოსობაში სხვას ადანაშაულებს. ბიძინას არაფერი გაუჭირდება, ფანკლუბის იმ ნაწილმა იკითხოს, რომელიც გაქცეული ივანიშვილის ესკორტს გადაურჩება.
კომენტარი