ორი პატრიარქის შეხვედრის ამსახველი ვიდეოს გამვრცელებელი სამსახურიდან დაითხოვეს
ინტერნეტ-პორტალ „youtube“-ზე ყოველთა სომეხთა კათალიკოსის გარეგინ II-ის და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის შეხვედრის კადრების გავრცელების გამო, ვიდეოს ავტორმა სამსახური დაკარგა.
ამის შესახებ, „ექსპრესნიუსს“ დეკანოზმა ლევან მათეშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ვიდეომასალის ავტორი საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებაში“ მუშაობდა და ამ ფაქტის გამო დაითხოვეს.
„ამ ვიდეომ დიდი სამსახური გაუწია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას იმიჯის შენარჩუნებაში საერთაშორისო ასპარეზზე, მაგრამ, სამწუხაროდ , ის ადამიანი, ვინც ეს ვიდეო დადო ინტერნეტ-სივრცეში, უმუშევარი დარჩა“,-განაცხადა დეკანოზმა ლევან მათეშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ამ ადამიანს სამსახურიდან დათხოვნის მიზეზად ვიდეოს უნებართვო გავრცელება დაუსახელეს.
„ექსპრესნიუსი“ შეეცადა დაედგინა აღნიშნული პიროვნების ვინაობა, მაგრამ ვიდეოს ავტორმა საკუთარი სახელის და გვარის თქმა არ ისურვა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ინტერნეტ-პორტალით გავრცელებულმა ვიდეო კადრებმა, სადაც ორი პატრიარქის შეხვედრის დეტალები იყო ასახული, როგორც სომხეთშა, ასევე საქართველოში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
კომენტარი