სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეტეხის გვირაბთან არსებული ხიდის კაპიტალური შეკეთება დაიწყო

მეტეხის გვირაბთან არსებული ხიდის კაპიტალური შეკეთება დაიწყო. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, ავთანდილ სუდაძესთან ერთად დაათვალიერა.

დავით ნარმანიას განცხადებით, ხიდი ლაბორატორიულად შემოწმდა და, არსებული მძიმე მდგომარეობის გამო, მისი აღდგენა უმოკლეს ვადებში გახდა აუცილებელი. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ხიდს, რომელსაც წლების განმავლობაში რეაბილიტაცია არ ჩატარებია, დაზიანებული აქვს სადეფორმაციო ნაკერები და ბურჯის რიგელები. მოშლილია, ასევე, ჰიდროიზოლაცია, მოაჯირები და დამცავი პარაპეტები, რაც უსაფრთხოების ნორმების სრული დარღვევაა.

"2 თვის განმავლობაში ძირითადი სამუშაოები დასრულდება, პირველ რიგში, ხიდი სრულად გამაგრდება, რომ გადაადგილება უსაფრთხო გახდეს. მთლიანად შეიცვლება ხიდის საფარი და მოწესრიგდება ტროტუარები. სამუშაოების დასრულების შემდეგ ხიდის ექსპლოატაციის ვადა მნიშვნელოვნად გახანგრძლივდება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ავთანდილ სუდაძის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ამ დროისთვის გზის მხოლოდ ერთი ნაწილია დაკეტილი. მისი რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ხიდის მეორე ნაწილის კაპიტალური შეკეთება დაიწყება. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია იალბუზის ქუჩიდან მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით. შეცვლილი მარშრუტით მოძრაობს როგორც კერძო, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100