სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„სამხრეთ ოსეთის პარლამენტის“ ვიცე–სპიკერი: „ეს სამხედრო გადატრიალების მცდელობაა...“

ცხინვალში სიტუაცია თანდათან იძაბება. როგორც „მოსკოვსკი კომსომოლეცი“ იტყობინება, დაახლოებით ორასმა სამხედრო პირმა პარლამენტის შენობა დატოვა, მაგრამ შენობის შესასვლელებთან განთავსდნენ და დეპუტატებს გარეთ არ უშვებენ. მილიცია მოვლენების განვითარებას შორიდან ადევნებს თვალს, რაც იმას ნიშნავს, რომ სამხედრო გადატრიალებისა და დეპუტატებზე ზეწოლის მოხდენის სცენარი თავად ედუარდ კოკოითის კაბინეტშია დაწერილი. სამხედრო პირები პარლამენტისგან კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას ითხოვენ, რათა ედუარდ კოკოითიმ პრეზიდენტის პოსტზე მესამედ შეძლოს კანდიდატურის წამოყენება.

„მოსკოვსკი კომსომოლეცი“ სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის ვიცე–სპიკერს, იური ძინცოითის დაუკავშირდა, რომელმაც მომხდარს სამხედრო გადატრიალების მცდელობა უწოდა. მისი თქმით, სხდომათა დარბაზში დანარჩენ პირებთან ერთად თავდაცვის მინისტრის ორი მოადგილე – იბრაჰიმ გასიევი და ოლეგ ალბოროვი, ასევე სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი, გენადი კოკოევი შემოიჭრნენ:

„...მათი მოთხოვნა რომ მოვისმინეთ, ავუხსენით, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა მარტივი პროცედურა არ არის და დრო სჭირდება: თავდაპირველად იწერება განცხადება, მერე ამ განცხადებას კომიტეტები შეისწავლიან, მერე გამოდის სხდომაზე... ისინი გაიძახოდნენ, რომ ამდენი დრო არა აქვთ და ცაიტნოტში არიან. ამის მიუხედავად, ჩვენ მათ უარი ვუთხარით ასეთ რეჟიმში საკითხის განხილვაზე.

ამის სემდეგ მათ დეპუტატების იძულება დაიწყეს, რათა დოკუმენტებზე ხელი მოეწერათ. არ აძლევდნენ შენობის დატოვების საშუალებას. აიძულეს ისინი, რომ საინიციატივო ჟგუფი შეექმნათ. ზოგიერთებმა ზეწოლის ქვეშ ხელი მოაწერეს დოკუმენტებს. პირველი ვიცე სპიკერი, ზურაბ კოკოევი მართლაც ძალის გამოყენებით აიძულეს, თავისი ხელმოწერა დაესვა. მე არაფერზე მომიწერია ხელი, პირიქით, განცხადება დავწერე თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, რადგან ვთვლი, რომ ეს სამხედრო გადატრიალების მცდელობაა. უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განცხადება რამდენიმე დეპუტატმაც დაწერა.

ახლა სამხედროებმა, დაახლოებით 200–მა პირმა, უკვე დატოვა პარლამენტის შენობა, მაგრამ პარლამენტის გვერდითა ქუჩაზე არიან განთავსებული...“

შეგახსენებთ, რომ მესამე ვადით ერთი და იგივე კანდიდატის არჩევის შესახებ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნა ოფიციალურად პირველმა სწორედ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, იბრაჰიმ გასიევმა გააჟღერა. ამის შემდეგ, უკვე გუშინ, 14 ივნისს, სამხრეთ ოსეთის უმაღლესმა სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება, თუმცა, უმაღლესი სასამართლოს წარმომადგენელმა, აცამაზ ბიჩენოვმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე დადგენილების მიღება და კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა უმაღლესი სასამართლოს ნებართვის გარეშე, პარლამენტსაც შეუძლია. სავარაუდოდ, ის სცენარი, რომელიც ახლა ცხინვალში ვითარდება, სწორედ ამ განცხადების შემდეგ დაიწერა.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100