ხარაგაულის მახლობლად ნავთობით დატვირთული ვაგონები იწვის
ხარაგაულის მახლობლად, რკინიგზის სადგურ მოლითთან ამ დროისთვის ხანძარი მძვინვარებს. მეხანძრეებმა მოახერხეს სადგურის მიმდებარე შენობებზე გადასულ ხანძართან გამკლავება და ამ დროისათვის სადგურს და იქ მყოფ მგზავრებს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ხანძრის კერა მთლიანად ლოკალიზებული ჯერაც არ არის.
როგორც „დრონი.ჯი“-მ შეიტყო, ხანძრის მიზეზი ნავთობით დატვირთული შემადგენლობის ლიანდაგიდან გადავარდნა გახდა. ამ დროისათვის ცეცხლშია გახვეული რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია, ადგილზე მუშაობენ სახანძრო რაზმები, თუმცა, ცეცხლი თანდათან უფრო დიდ ფართობზე ვრცელდება და ადგილობრივი მეხანძრეები მის ლოკალიზებას, ჯერჯერობით, ვერ ახერხებენ.
მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან ხარაგაულის მიმართულებით უკვე დაიძრა დამატებით რამდენიმე სახანძრო რაზმი. შემთხვევის ადგილზე ვითარების შესწავლის მიზნით თბილისისდან უკვე გავიდნენ „საქართველოს რკინიგზის“ პასუხისმგებელი პირები.
ჯერჯერობით უცნობია ინციდენტის დეტალები, კერძოდ კი ის, თუ რა გახდა შემადგენლობის ლიანდაგიდან გადასვლის მიზეზი. ადგილობრივი წყაროების ცნობით, ერთ-ერთი მიზეზი მემანქანის დაუდევრობა, მეორე კი ლიანდაგის დაზიანებაა. დივარსიული აქტის შესაძლებლობაზე ადგილობრივი ძალოვნები ჯერჯერობით ვერ საუბრობენ.
კომენტარი