პატრიარქი: საქართველო აფხაზეთის გარეშე და აფხაზეთი საქართველოს გარეშე ვერ იარსებებენ
საქართველო ვერ იარსებებს აფხაზეთის გარეშე და აფხაზეთი საქართველოს გარეშე, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში ნათლულებთან შეხვედრაზე ბრძანა.
უწმინდესმა ბრძანა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში აფხაზეთი იქნება, მაგრამ იქ აღარ იცხოვრებენ, აღარ იქნებიან აფხაზები. პატრიარქმა საუბრისას აღნიშნა, რომ 11 წელი იყო აფხაზეთის მიტროპოლიტი, ეს იყო ბედნიერების და სიყვარულის წლები და აფხაზებსა და ქართველებს შორის არ ახსოვს რაიმე კონფლიქტი მომხდარიყოს. უწმინდესი მიიჩნევს, რომ ქვეყანა ამ მდგომარეობას უნდა დაუბრუნდეს.
"მე ასე წარმომიდგენია, რომ მივადგებით ენგურს ქართველები და აფხაზები და ერთმანეთს ვთხოვთ პატიებას, იქ მოხდება ჩვენი გაერთიანება", - დასძინა უწმინდესმა.
დღეს ყოვლადწმიდა სამების ლავრაში უწმინდესის ნათლული 40-მდე აჭარაში მცხოვრები მუსულმანი ქართველი და აფხაზი გახდა. ნათლობის შემდეგ უწმინდესმა თავისი ნათლულები საპატრიარქოში მიიწვია და მათთვის შეხვედრა გამართა.
კომენტარი