სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩინეთმა უკრაინიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო

ჩინეთის ხელისუფლებამ უკრაინაში მყოფი მათი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო. ამის შესახებ სახელმწიფო მედია იტყობინება. ინფორმაციას CNN ავრცელებს. უკრაინა ჩინეთის დაახლოებით 600 მოქალაქემ უკვე დატოვა. სამშაბათს კიდევ 1000 მოქალაქის ევაკუაცია იგეგმება მეზობელ ქვეყნებში. ინფორმაციას სახელმწიფო მედია კიევში ჩინეთის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს. ჩინეთის მოქალაქეების გასაყვანად ჩარტერული ფრენები შაბათ-კვირას სამხედრო აქტივობების გაძლიერების გამო შეჩერდა. მრავალი სხვა ქვეყნის მოქალაქეებისგან განსხვავებით, უკრაინაში მყოფ ჩინეთის მოქალაქეებს არ მიუღიათ ინსტრუქციები ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით. რუსეთის თავდასხმამდე ჩინელმა ოფიციალურმა პირებმა უარი თქვეს შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების გაფრთხილებაზე, რომ მოსკოვის აგრესიული ნაბიჯი გარდაუვალი იყო. სახელმწიფო მედიის ცნობით, უკრაინაში 6000-მდე ჩინეთის მოქალაქეა. შეგახსენებთ, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა უკრაინის აღმოსავლეთით. პარალელურად, რუსეთმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უკრაინის ტერიტორიისა და დასახლებების დაბომბვა დაიწყო. უკრაინის საზღვრის მთელ პერიმეტრზე დილიდან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100