სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რონალდ ასმუსი: რა ვითარებაში გასცა თბილისმა ცეცხლის გახსნის ბრძანება 2008 წელს

„...სააკაშვილის გადაწყვეტილება ნაუცბათევი არ გახლდათ. როცა სააკაშვილმა რუსეთთან ომში ჩაბმა გადაწყვიტა, უკვე აღარავითარი ეჭვი არ იყო, რომ რუსული შეიარაღებული ფორმირებები მის ქვეყანაში შემოდიოდნენ. დადგა გადაწყვეტილების მიღების ჟამი და საქართველოს ლიდერმაც, ასე ვთქვათ, წილი ჰყარა: რჩევა ყურად არ იღო და ჩათვალა, რომ სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის შექმნილი საფრთხე, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ასევე მისი, როგორც პოლიტიკური ფიგურის გადარჩენა ავალდებულებდა წინ აღდგომოდა მოვლენათა ამგვარ განვითარებას.

რისკის გაწევას და იმის დაშვებას, რომ რუსები და მათი სეპარატისტი მოკავშირეები ქართულ სოფლებსა და პოსტებს გადაჯეგავდნენ და სვარაუდოდ, თბილისშიც შემოვიდოდნენ, სააკაშვილმა ამჯობინა, რუსეთისთვის ერთი სვლით დაესწრო: სჯეროდა, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება ავალდებულებდა კიდეც, დაეცვა საკუთარი მოქალაქეები და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. სხვაგვარად მოქცევის უფლებას ის საკუთარ თავს ვერ აძლევდა.

მაგრამ ეს განწირულის არჩევანი გახლდათ. რუსეთს, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ომში შეეძლო საქართველოს განადგურება, მაგრამ სააკაშვილს საჯაროდ ჰქონდა დაფიცებული საკთარი მოქალაქეების დაცვაცა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაც. როგორც ადრევე ვთქვი, მას არ სჯეროდა, რომ საკუთარ პოლიტიკურ მდგომარეობას შეინარჩუნებდა, თუკი ხელს არ გამოიღებდა საფრთხეში ჩავარდნილი ათასობით თანამემამულის დასაცავად.

იმასაც შიშობდა, რომ ეს თანდათანობითი დაპყრობა მხოლოდ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის დაკავებას კი არ ისახავდა მიზნად, არამედ მისი ხელისუფლების შეცვლასა და ქართული დემოკრატიული ექსპერიმენტის დასამარებასაც. ამიტომაც აირჩია სპასუხო დარტყმის ტაქტიკა. მისი ანგარიშით, დრო უნდა მოეგო, რათა საერთაშორისო თანამეგობრობა – პირველ რიგში აშშ და ევროპა გამოფხიზლებულიყო და მისი ქვეყნის დასაცავად დარაზმულიყო. შეიძლება ეს გადაწყვეტილება შეცდომადაც მივიჩნიოთ, მაგრამ არა – აუხსნელად.

სააკაშვილის რეალური ამოცანები მის მიერვე გაცემულ ბრძანებებში ისახება: ეს ბრძანებები არ გულისხმობდა სამხრეთ ოსეთში შეჭრას – ქართულ შეიარაღებულ ძალებს ებრძანათ ცხინვალის მიმდებარე ტერიტორიაზე განეხორციელებინათ მცირემასშტაბიანი თავდაცვითი ოპერაციები, რათა დაეცვათ საფრთხეში ჩავარდნილი ქართული სოფლები და ჩრდილოეთიდან რუსების შემოსვლა შეეჩერებინათ. ქართული მხარის სტრატეგია – კრიტიკოსებმა იქნებ მას ილუზორულიც კი უწოდონ – საკუთარი მოქალაქეების დაცვა იყო იმ იმედით, რომ ძალისა და საბრძოლო მზადყოფნის გამოვლენის შემთხვევაში, შემდგომი ესკალაცია თავიდან იქნებოდა აცილებული.

საქართველო ისეთ ომში ჩაება, რომლისთვისაც მზად არ იყო, გამარჯვებას ვერ მოიპოვებდა და ზოგადად, მისი სამხედრო მიზნები ძალიან შეზღუდული იყო. ერთ–ერთი მიზეზთაგანი, რატომ ვერ გაართვეს თავი საქმეს ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა, ისაა, რომ რეგიონში ბრძოლა არ იგეგმებოდა – მით უმეტეს, რუსეთის არმიის წინააღმდეგ. სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ ჰაიჰარად შედგენილი გეგმა ალბათ, იმის ყველაზე მკაფიო დადასტურებაა, რომ სამხრეთ ოსეთში შეჭრის გრძელვადიანი გათვლა მათ არც არასდროს ჰქონიათ.

ნატოსაკენ საქართველოს სწრაფვის პარადოქსი ის გახლავთ, რომ ალიანსის დოქტრინა ავალდებულებდა თბილისს ნაკლები აქცენტები გაეკეთებინა საფრთხეზე რუსეთის მხრიდან, ძალისხმევა არ დაეხარჯა ტერიტორიული თავდაცვის საშუალებებზე და ყურადღება გადაეტანა ანტიტერორისტულ საერთაშორისო ოპერაციებზე. თბილისი ასეც იქცეოდა, რათა ნატოსთან დაახლოების შანსი ხელიდან არ გაეშვა. ამიტომ, სამხრეთ ოსეთში არანაირი ბრძოლა არ იყო დაგეგმილი, მით უმეტეს, რუსეთის არმიის წინააღმდეგ, იმის მიუხედავად, რომ რუსული პროპაგანდა გაჰყვიროდა და გაჰყვირის, საქართველო ცხინვალში შეჭრისთვის ემზადებოდაო. ალიანსთან ურთიერთობაში კი ბედის ირონიაც ისაა, რომ საბოლოო ჯამში, ამ ქვეყანამ ვერც ნატოსთან მჭიდრო ურთიერთობა შეინარჩუნა და 2008 წლის აგვისტოში ვერც სამხედრო თვალსაზრისით აღმოჩნდა მომზადებული მტერთან ერთი-ერთზე გასამკლავებლად, რადგან ის ნატომაც, ევროპამაც და აშშ-მაც მარტო დატოვა..."

რონალდ ასმუსი, "მცირე ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100